Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასაუბრება მოსამართლეებთან და დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის სურვილის მქონე მოსამართლეებთან გასაუბრების მეორე დღეც ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. მოსამართლეთა ნაწილმა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, გასაუბრებაზე დასწრების აცილება მოითხოვა. პრეზიდენტის მიერ საბჭოში წარდგენილ ანა დოლიძეს მოსამართლეები გიორგი მარგველაშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

ძველი ბიჭები გვყვანან ჩვენ აქ, საბჭოში. სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის...
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 თებერვალს, მთლიანობაში, 15 მოსამართლეს მოუსმინა, ერთმა კი კანდიდატურა მოხსნა. გასაუბრებაზე გასული მოსამართლეებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, აცილება შვიდმა მოითხოვა. მათ შორის იყო საბჭოს მოქმედი წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიაც. მას ეეჭვება ანა დოლიძის მიუკერძოებლობა და ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები აზიანებს და შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას.

კონკრეტულად კი, რევაზ ნადარაიასა და მოსამართლეთა ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია ანა დოლიძის მიერ მედიის წარმომადგენლებთან 6 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ სასამართლოს გაკონტროლებას ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, „ნარჩენები“, ეგრეთ წოდებული „ხელის ბიჭები“ ცდილობენ. 7 თებერვალს ანა დოლიძემ თავისი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა ნაწილი სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს, ამ ჯგუფის მეორე ნაწილი კი იმასვე სასამართლოს გარედან აკეთებს.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

ანა დოლიძის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე მის აცილებას უკვე ტენდენციის სახე მიეცა და ამ პროცესს მხარს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი უჭერს. იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ანა დოლიძის აცილებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს მოსამართლეთა მხრიდან სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მისი აზრით, მოსამართლეებმა ანა დოლიძის კრიტიკის თავიანთ თავზე მიღებით ერთგვარი განაცხადიც გააკეთეს იმისა, რომ თავად არიან ისინი, ვისზეც ანა დოლიძე ლაპარაკობდა.

„ძველი ბიჭები გვყვანან ჩვენ აქ, საბჭოში. სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის მისდამი არაკორექტული მიმართვის გამო, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დროებით დატოვება მოუხდა.

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

ანა დოლიძის ლუსტრაციაზე ლაპარაკობენ, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. დიმიტრი გვრიტიშვილი, მაგალითად, ფიქრობს, რომ ანა დოლიძეს უნდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ჩაშალოს. მისი აზრით, მოსამართლეთა შეურაცხყოფაა მოსამართლეთა კორპუსის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი ვისიმე დირექტივას ემორჩილებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა ნაწილს შორის დაპირისპირების ფონზე კი, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების ნაკლოვანებებზე ლაპარაკობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ მხატვარი, პირველ რიგში, უკმაყოფილოა იმით, რომ გასაუბრების ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და დახურულ სხდომებზე დასწრების საშუალება მას არ მიეცა:

კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს და ხელს უშლის საბჭოს წევრს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა...
არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

რაც შეეხება ამ უკმაყოფილების მთავარ მიზეზს 6-7 თებერვლის გასაუბრებებზე, მარიამ მხატვარი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძეს ჰქონდა თავისი აზრის ღიად გამოხატვის უფლება და ამ ნიშნით მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების მოთხოვნა გასაუბრებებზე, თავისუფალი აზრის დევნად შეიძლება შეფასდეს.

„კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს და ხელს უშლის საბჭოს წევრს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადებაში, რომელიც სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემის სიმწვავეს შეეხება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის კანდიდატ მოსამართლეებთან გასაუბრება 8 თებერვალს დასრულდება. საბჭო, მთლიანობაში, 51 მოქმედი მოსამართლის განცხადებას განიხილავს.

XS
SM
MD
LG