Accessibility links

ე.წ. სასაზღვრო ბანერთან მიახლოება ისჯება - გაფრთხილებული ბერშუეთელები და სამოქალაქო პატრულირება


რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ბერშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბერიანიძე და ტურაშვილი აცხადებენ, რომ საოკუპაციო გამყოფი ხაზი არ გადაუკვეთიათ. ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულები 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და გააფრთხილეს, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერს 200 მეტრზე აღარ მიუახლოვდნენ. ზაზა ბერიანიძე ამბობს, რომ ეს იყო კატეგორიული გაფრთხილება.

ბერიანიძე ბერშუეთში, ხოლო ტურაშვილი ზერტში საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ბერშუეთისა და ყარაფილას მიმართულებით კი სამოქალაქო პატრულირებას აგრძელებენ წარმომადგენლები მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“. მათ სადამკვირვებლო პროცესში გარკვეული ცვლილება შეიტანეს და ეს დაკავშირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან, სადაც რისკებსა და პროვოკაციების საფრთხეზეა ლაპარაკი. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სამართალდამცავების მითითება გაითვალისწინეს და პატრულირება მხოლოდ დღის საათებში განხორციელდება.

სამოქალაქო პატრულირების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ იმ სოფლების მცხოვრებლები, სადაც მონიტორინგი დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე ხორციელდება. ბერშუეთელებისა და ყარაფილელების აზრით, რაც მეტად იქნება მათი უსაფრთხოება დაცული, მით უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ და სხვა ორგანიზაციებმა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მეტი უსაფრთხოების გარანტია უნდა შექმნან.

სამოქალაქო პატრულირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია მუდმივად გაგრძელდება. გარდა ამისა, ისინი 8 აგვისტოს საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების მობილიზებასა და ცოცხალი ჯაჭვის შექმნას აპირებენ. ამ აქციით ისინი რუსეთის ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG