Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექსპირის კაბინეტი


ეივონის სტრატფორდი, უილიამ შექსპირის მშობლიური ქალაქი
ეივონის სტრატფორდი, უილიამ შექსპირის მშობლიური ქალაქი

2016 წელი შექსპირის და სერვანტესის წელია. მათი გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა. მთელ მსოფლიოში ეს გახდა დამატებითი საბაბი, რათა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებზე საუბარი, დისკუსიები კიდევ უფრო გაცხოველებულიყო, გამოცემულიყო ახალი თარგმანები, დაგეგმილიყო ახალი პროექტები ამ მწერლების ირგვლივ.

შექსპირის კაბინეტი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:50 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლებაც უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა ამ მოვლენას სხვადასხვა რაკურსით. რუბრიკა "ბიბლიოთეკა" ამჯერად შექსპირზე გააკეთებს აქცენტს, უშუალოდ კი იმაზე, თუ რა ხდებოდა ბოლო 40-50 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში, როგორ ითარგმნებოდა, გამოიკვლეოდა, იდგმებოდა შექსპირი, ივანე მაჩაბლისა და რამდენიმე ლიტერატორის უმნიშვნელოვანესი საწყისი პირადი ძალისხმევების შემდგომ ვინ და როგორ ჩაუყარა საფუძველი შექსპირის კომპლექსურ გააზრებას, საჭირო სამუშაო სივრცის შექმნას, ქართულ საინტერესო, მაგრამ მაინც საკმაოდ მწირ შექსპირიადაში "თეთრი ლაქების" ამოვსებას... ყოველივე ამაში ლომის წილი შექსპირის კაბინეტს ეკუთვნის, რომელიც საბჭოთა დროში დაარსდა და თვისებრივად ახალი მიდგომებით ძალიან ბევრი რამის შეცვლა და განახლება შეძლო. შექსპირის კაბინეტზე საუბარი ვთხოვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის მკვლევარს თემურ კობახიძეს, რომელსაც ამ კაბინეტის დაბადების, აღმავლობის, დაცემის, კვლავ აღდგენის ყველა ფაზა კარგად ახსოვს.

თემურ კობახიძე
თემურ კობახიძე

თემურ კობახიძე: შექსპირის კაბინეტი რეალურად გაიხსნა სადღაც 1972 წელს. ჩამოყალიბდა, დამკვიდრდა, ძალიან სერიოზული კვლევა-ძიება მიდიოდა შექსპირის. მაგალითად, ნიკო ყიასაშვილმა თბილისში მოაწყო საკავშირო სიმპოზიუმი შექსპიროლოგიის, რომელიც იყო პრაქტიკულად პირველი ასეთი სახის ღონისძიება მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ჩამოსული იყო ძალიან სერიოზული ხალხი, მკვლევარები და ხელოვანები. ჩამობრძანდა გრიგორი კოზინცევი, დიდი რუსი რეჟისორი, რომელმაც დადგა ბრწყინვალე "ჰამლეტი", თავისი დროისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერპრეტაცია. საზღვარგარეთიდან დაგვესწრნენ ძალიან სერიოზული მკვლევარები, მე მახსოვს, მაშინ პატარა გახლდით, სტუდენტი, თან პირველი კურსების. შექსპირის პოპულარიზაციის საქმეში იმჟამინდელი საქართველოსთვის ეს იყო აბსოლუტურად ისეთი რამ, რისი შეცვლაც სხვა რაღაცით, წარმოუდგენელია. შექსპირის კაბინეტს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ბატონ ნიკო ყიასაშვილს და, პირიქით, როცა ვამბობ ბატონ ნიკო ყიასაშვილს, ვგულისხმობ შექსპირის კაბინეტს. ჯერ ერთი, მომზადდა შექსპირის თხზულებათა სრული კრებული ქართულად. სადღაც 1989 წლიდან მცოცავი პოლიტიკური სიტუაცია რომ აირია, რთული გახდა ცხოვრება, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის კაბინეტის არსებობაზე და მოქმედებაზე. მაგრამ შექსპირის კაბინეტმა მოასწრო ხუთტომეულის გამოცემა, სხვა ხუთტომეულის, ეს გახლავთ ქართული შექსპირიანას ხუთტომეული, რომელშიც არის იმდროინდელი ქართველი მკვლევარების ძალიან საინტერესო წერილები, და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექსპირის კვლევა საქართველოში ძალიან სერიოზულად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი საქმის გარდაც.

რამდენადაც დადგენილია, შექსპირი პირველად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა 1841 წელს ფრანგულიდან. მას შემდეგ შექსპირს უთვალავი მთარგმნელი ჰყავდა, მათ შორის, ალექსანდრე ყაზბეგი, ლავრენტი არდაზიანი, შალვა დადიანი... ცხადია, ეპოქას და უშუალოდ მწერლის ენას მუდამ თავისი მოჰქონდა... ამ მხრივ, ცხადია, ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელია ამ თარგმანებზე დაკვირვება, სტილური, ლექსიკური დინამიკის დანახვა. ამ მხრივაც დიდი მუშაობა მიმდინარეობდა შექსპირის კაბინეტში. მოვუსმინოთ კვლავ თემურ კობახიძეს.

ნიკო არ გახლდათ თავად შექსპირის მთარგმნელი, ის თარგმნიდა მოდერნისტულ ლიტერატურას, ჯოისის მთარგმნელი გახლდათ, მაგრამ ნიკო გახლდათ ფილოლოგიური მეცნიერების საკმაოდ ნიჭიერი ორგანიზატორი. მან თავი მოუყარა ნიჭიერ მთარგმნელებს და ის, რაც არ იყო მანამდე თარგმნილი, ათარგმნინა და შეეცადა გამოცემას...
თემურ კობახიძე

თემურ კობახიძე: ნიკო ყიასაშვილს შექსპირის კაბინეტში ჰქონდა უდიდესი პროექტი იმისა, რომ შექმნილიყო შექსპირის მთარგმნელობითი ლექსიკონი. მოგეხსენებათ, რომ ყველა თაობას თავისი შექსპირი ჰყავს, ყველა ეპოქას ჰყავს თავისი ჰამლეტი, თავისი მეფე ლირი, თავისი რომეო და ჯულიეტა და ყველა თაობას აქვს თავისი სპეციფიკური მეტყველება. ყველა ეპოქას, მე ვიტყოდი, ყოველ ათწლეულს, ალბათ. არა მხოლოდ ქართულ მეტყველებაში, მსოფლიო მეტყველებაში ასეა - ენა მნიშვნელოვანწილად იცვლება ყოველ 5-10 წელიწადში და სულ არის საჭირო ახალი თარგმანების შექმნა და შეგიძლია მთელი ენის ისტორიის, - ვთქვათ, ლავრენტი არდაზიანიდან დაწყებული, დამთავრებული ნელი საყვარელიძის და რეზო თაბუკაშვილის თარგმანებით, - სალიტერატურო მეტყველების ისტორიის ლექსიკონი შექმნა, ფაქტობრივად, იმიტომ რომ ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ რამდენიმე თარგმანი გვაქვს თითქმის ყველა შექსპირის დრამის. ეს ლექსიკონი ჩამოაყალიბებდა შექსპირის მთარგმნელობით ლექსიკონს, უშველებელს, რამდენიმე ტომად. არ დასცალდა ბატონ ნიკოსო, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მას მერე საკმაოდ ხანგრძლივად იცხოვრა. უბრალოდ, როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან. მოხდა ისე, რომ შექსპირის კაბინეტი რეალურად განიძარცვა უნიკალური ბიბლიოთეკისგან. იქ იყო მრავალ ენაზე შექსპირი. ერთადერთი ექსპონატი, რაც გადარჩა და ახლა თბილისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატებში დევს, არის მაჩაბლის მაგიდა, რომელზედაც ის აკეთებდა თავის თარგმანებს. აი, ეს გახლავთ ძალიან მოკლედ შექსპირის კაბინეტის ისტორია.

თემურ კობახიძის მონათხრობმა, ცხადია, გააჩინა კითხვა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს. ყველაფერი ჩამკვდარია, თუ რაღაც დონეზე დღესაც მიდის მუშაობა. შეიძლება თუ არა ის მასალები, რაც შექსპირის კაბინეტის არსებობის საუკეთესო პერიოდში მომზადდა, მაგრამ დროულად ვერ გამოქვეყნდა, მერე კი არეულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დავიწყების მორევში ჩანთქა, კვლავ მოიძებნოს, გადაიხედოს, საჭირო ადგილი მოეძებნოს და რაღაც ახალი ფორმატით კვლავ მიეწოდოს დაინტერესებულ მკითხველს. აი, როგორი იყო თემურ კობახიძის პასუხი.

თემურ კობახიძე: ნიკო არ გახლდათ თავად შექსპირის მთარგმნელი, ის თარგმნიდა მოდერნისტულ ლიტერატურას, ჯოისის მთარგმნელი გახლდათ, მაგრამ ნიკო გახლდათ ფილოლოგიური მეცნიერების საკმაოდ ნიჭიერი ორგანიზატორი. მან თავი მოუყარა ნიჭიერ მთარგმნელებს და ის, რაც არ იყო მანამდე თარგმნილი, ათარგმნინა და შეეცადა გამოცემას. ნაწილი გამოსცა. ნელი საყვარელიძის მშვენიერი თარგმანები გამოიცა: "როგორც გენებოთ", "აურზაური არაფრის გამო"; თამარ ჯაფარიძემ, მაგალითად, თარგმნა "ჰენრი VIII", სწორედ ამ ხუთტომეულისთვის, მაგრამ არ დასცალდა გამოცემა. ამის აღდგენა შეიძლება, მაგრამ ამის აღდგენას სჭირდება ნიკოსნაირი პატრონი, ენთუზიასტი, ინტერესიანი ადამიანი, ამას სჭირდება დრაივი, ამას სჭირდება სტიმული, ამას სჭირდება დიდი სიყვარული შექსპირის... დღეს არის ასეთი პატარა ნაპერწკალი გაღვივებული, ძველი შექსპირის კაბინეტის ნანგრევებზე აღმოცენდა ახალი შექსპირის კაბინეტი. მთლად ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს ეს შექსპირის კაბინეტი ჯერჯერობით ვერ აწყობს, მაგრამ ძალიან არის წინ წასული იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი კონტაქტია რუსთაველის თეატრთან, ხდება პოპულარიზაცია შექსპირის. აი, უკანასკნელი პროგრამა გვქონდა - "შექსპირი საშუალო სკოლაში".

შექსპირისდროინდელი შექსპირის დადგმა დღეს წარმოუდგენელია არა მხოლოდ ფიზიკურად, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ეს არარეალურია, იმიტომ რომ ეს არაბუნებრივია და ეს ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება...
თემურ კობახიძე

დაბოლოს, გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია დღევანდელ პოსტმოდერნულ სამყაროში შექსპირისეული გარემოს აღდგენა სხვადასხვა ხერხებით, მისი არა მხოლოდ ენის, არამედ კონტექსტის ადეკვატურად გადმოტანა სახელოვნებო სივრცეში, არა თამაში "ძველი" შექსპირით, არამედ მისი რეკონსტრუირება. აი, რა მიპასუხა ამაზე თემურ კობახიძემ.

თემურ კობახიძე: შექსპირისდროინდელი შექსპირის დადგმა დღეს წარმოუდგენელია არა მხოლოდ ფიზიკურად, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ეს არარეალურია, იმიტომ რომ ეს არაბუნებრივია და ეს ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. წარსულის აღდგენა შეიძლება მხოლოდ თანამედროვეობის პოზიციიდან. ისტორიის აღქმა რელატიურია, შენ მას აღიქვამ დღევანელი დღიდან. დღეს ჩვენთვის შექსპირი ის არის, რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით დღეს. თვითონ შექსპირმა არ იცოდა, რომ ის რენესანსული დრამატურგია და თვითონ შექსპირმა არ იცოდა, რომ ის არის მსოფლიოს გენიოსი და, როგორც ერთხელ ერთმა ნიჭიერმა კრიტიკოსმა თქვა, შექსპირის უკან ჩაბრუნება ელისაბედისდროინდელ კულტურულ კონტექსტში პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ელისაბედისდროინდელი კულტურული კონტექსტი გენიალურ შექსპირს საერთოდ არ იცნობდა. ეს იყო ერთ-ერთი კარგი დრამატურგი მრავალ სხვა კარგ დრამატურგთა შორის, რომლებიც დღეს მივიწყებულები არიან. სწორედ ის არის შექსპირი, როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ დღეს. მარადიულ ტექსტებს ყოველი დრო კითხულობს თავის ყაიდაზე. ამას ვერ გაექცევი. ელემენტარული ფაქტები არის, რომ ჯულიეტას უნდა თამაშობდეს კაცი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ნელ-ნელა ცოტა წარმოსადგენი ხდება, მაგრამ შექპირისდროინდელ ტრაგედიაში ჯულიეტას თამაშობდა მამაკაცი, ლედი მაკბეტს თამაშობდა მამაკაცი და ა.შ. ენის წვერზე მომდგარი გემო არის, ალბათ, რობერტ შექსპირის სტურუასეულ ინტერპრეტაციაში, თუმცაღა მაგასაც ნელ-ნელა გასდის დრო და ჩვენ ველოდებით ახალ აღქმას, ახალ წარმოდგენას შექსპირის შესახებ, ახალ ინტერპრეტაციებს და ა.შ.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ შექსპირის ახალ ქართულ ინტერპრეტაციებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ საქმეს ხელს შეუწყობს შექსპირის კაბინეტი, რომელმაც მძიმე კრიზისის პერიოდი გამოიარა და ამჟამად ცდილობს ახლებურად განაგრძოს ძველი კაბინეტის დიდებული საქმეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG