Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის სახიფათო პირობები და კანონმდებლობა


სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შემაშფოთებელი რაოდენობის მიუხედავად, მთავრობა და საქართველოს პარლამენტი არ ჩქარობენ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრებას. არადა, მარტო ბოლო ორ დღეში მშენებლობაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიდევ უფრო სავალალოა წლის სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიხედვით, 2017 წელს სამუშაო ადგილზე 57-მა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, 40 კი გარდაიცვალა.

შრომის სახიფათო პირობები და კანონმდებლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00
გადმოწერა

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წლის აპრილში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელი, დეპარტამენტის ფუნქციონირების პერიოდში დიდად არ შეცვლილა. 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს შრომის ინსპექცია:

თუ შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება სანქცია დაუწესოს, თუ რევერანსები სჭირდება იმისთვის, რომ კომპანიაში შეუშვან და შეამოწმოს, ცხადია, რომ ასეთი ინსპექცია არ არის დღევანდელი ცხოვრების შესაბამისი და აცდენილია რეალობას, გასული საუკუნის 60-იან წლებშია დაწერილი სტანდარტები და ნორმები და, შესაბამისად, ვერ არის ადეკვატური...
ირაკლი პეტრიაშვილი

„ის, რომ ჩვენ რაღაცას დავარქმევთ სახელს, ამით არსებითად არაფერი იცვლება. მაგალითად, დინამოს სტადიონზე რომ ვთქვათ მარაკანას სტადიონიაო, ამით ხომ არაფერი შეიცვლება? ასევე შრომის ამ შემთხვევაშიც. გარკვეული დათქმა არსებობს, რა არის შრომის ინსპექცია. თუ შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება სანქცია დაუწესოს, თუ რევერანსები სჭირდება იმისთვის, რომ კომპანიაში შეუშვან და შეამოწმოს, ცხადია, რომ ასეთი ინსპექცია არ არის დღევანდელი ცხოვრების შესაბამისი და აცდენილია რეალობას, გასული საუკუნის 60-იან წლებშია დაწერილი სტანდარტები და ნორმები და, შესაბამისად, ვერ არის ადეკვატური“.

ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედი მექანიზმი ვერ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძეც მიიჩნევს, რომ ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ასრულებს თავის მთავარ – საზედამხედველო - ფუნქციას: მას არ შეუძლია დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე მივიდეს შესამოწმებლად, ხოლო მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება არ არის სავალდებულო.

„განგრძობადი შემთხვევებიც ადასტურებს იმას, რომ მექანიზმი, რომელიც შეიქმნა შრომის სამინისტროში, არის სრულიად არაეფექტური, მას არ აქვს არც ერთი ბერკეტი, რომელსაც შეეძლო რეალური გავლენა მოეხდინა დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ამ მექანიზმის შემდეგ არსებული შემთხვევები აჩვენებს იმას, რომ უბედური შემთხვევების არათუ კლების ტენდენცია გვაქვს, არამედ, პირიქით, 2016 წელს გაიზარდა კიდეც სამუშაო ადგილებზე დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების რიცხვი“, უთხრა ლინა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებას.

სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდის პასუხად სახელმწიფომ მართლაც გადაწყვიტა შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედი მექანიზმის შეცვლა. 2017 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი, რომელსაც, ლინა ღვინიანიძის თქმით, უნდა განესაზღვრა სტანდარტები სამუშაო ადგილებზე და კიდევ:

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

„უნდა მიენიჭებინა დამატებითი ბერკეტები იმ მექანიზმისთვის, რომელზეც ვამბობთ, რომ არ არის ეფექტიანი და ამას მთავრობაც აღიარებს. მთავრობის და პარლამენტის დაპირება, როცა ინიცირება დაიწყო, იყო ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო კანონი, რომელიც დაარეგულირებდა უსაფრთხოების საკითხებს და ვადად კი დასახელებული იყო დეკემბრის ბოლო. ჩვენ ექვსი თვის მანძილზე ვმუშაობდით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო მთავრობაც და იყო მოლოდინი, რომ 2017 წლის ბოლოს ეს კანონი გავიდოდა, თუმცა დეკემბერში ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ისევ ვისმენთ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ეს რეფორმა ვერ გავა წელს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კანონის მიღების გადადებას ტექნიკური მიზეზებით ხსნიან, თუმცა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო შეგნებულად აჯანჯლებს დასაქმებულთა ინტერესების შესაბამისი კანონის მიღებას.

„აი, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაც გვაქვს ეს პრობლემები. არც კანონი არ არის იმის გარანტია, რომ, თუ კანონი გვექნება, იმ წუთიდან უბედური შემთხვევები აღარ გვექნება, რადგანაც დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია გარკვეულ ჩარჩოებსაც. კანონი შეიძლება იყოს ასეთი ჩარჩო, რომელიც განავითარებს კულტურას და ცნობიერებას - როგორ მოიქცეს დამსაქმებელი, როგორ მოიქცეს დასაქმებული, რა უნდა ჰქონდეს მას სამუშაო ადგილზე, როგორ უნდა იყოს პერიმეტრი შემოსაზღვრული და ა.შ.“ - უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი იმასაც შენიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტიც არ იყო სრულყოფილი. კანონპროექტის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იქნება საქმიანობა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. ამ რეგისტრაციის გარეშე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის განხორციელება აკრძალული იქნება. მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის შეცვლის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში აუსახველობა დამსაქმებლის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იმავე ქმედებას, ჩადენილს განმეორებით, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმება მოჰყვება. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, დამსაქმებელი ვალდებულია საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას. 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება მუშაობის პერიოდში დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG