Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალაში შევიდა საზავო შეთანხმება სირიის სამხრეთში


სირიის ქალაქი მოსული
სირიის ქალაქი მოსული

ძალაში შევიდა სირიის სამხრეთში მიღწეული საზავო შეთანხმება, რომლის შესახებაც 8 ივლისს გამოაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ლონდონში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიის ცნობით, ზავი მთლიანობაში მოქმედებს, დარას რეგიონში სროლის ცალკეული შემთხვევების მიუხედავად. სირიის მთავრობა ზავის შესახებ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ანონიმურად დატოვებულმა სამთავრობო პირმა სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ დამასკის სიჩუმე "კმაყოფილებას ნიშნავს" განვითარებულ პროცესებთან მიმართებით. ტრამპი 9 ივლისს ტვიტერით მიესალმა ზავს და დაწერა, ის ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენსო. ზავს მიესალმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც, თუმცა დასძინა, რომ მან ხელი არ უნდა შეუწყოს სირიაში და განსაკუთრებით სამხრეთ სირიაში ირანის და მისი მოკავშირეების სამხედრო ყოფნას. 6 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის ფარგლებში სირიაში რამდენიმე ზავი გამოცხადდა, მაგრამ დიდხანს არც ერთი გაგრძელებულა.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი, ეიჩ არ მაკმასტერი აცხადებს, რომ ზავი, რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს სირიის სამხრეთდასავლეთში, "მნიშვნელოვანი ნაბიჯია" საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად. მან ამ ზავს აშშ-სთვის "პრიორიტეტული საკითხი" უწოდა და დასძინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია იმედით უყურებს ამ ზავის დასამყარებლად მიღწეულ პროგრესს. "აშშ კვლავაც ერთგულია ისლამური სახელმწიფოს დამარცხების, სირიაში კონფლიქტის დასრულების, ადამიანთა ტანჯვის შემცირების და მათი სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის პირობების. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ საერთო მიზნებისკენო" განაცხადა მაკმასტერმა. ზავის შესახებ შეთანხმება 7 ივლისს, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე გამოცხადდა და მასში მონაწილეობენ აშშ, რუსეთი და იორდანია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ზავს ზედამხედველობას გაუწევს რუსეთის სამხედრო პოლიცია, "იორდანიელებთან და ამერიკელებთან კოორდინირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG