Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ტელევიზიაზე უკრაინაში


„ინტერის“ შენობა ხანძრის შემდეგ
„ინტერის“ შენობა ხანძრის შემდეგ

უკრაინაში პოპულარულმა სატელევიზიო არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, როგორც არხი აცხადებს, ასახულია კიევში მისი ტელესტუდიისათვის ცეცხლის წაკიდების მომენტი. თავდასხმა ცხადყოფს საფრთხეს, რომლის წინაშეც ჟურნალისტები დგანან პოლიტიკური პრობლემებით მოცულ და სამხედრო აგრესიის სამიზნედ ქცეულ უკრაინაში მუშაობისას.

ტელეარხმა „ინტერმა“ 6 სექტემბრის საღამოს გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, როგორ შედის ადამიანების ჯგუფი ტელესტუდიაში და ცეცხლს უკიდებს მას მაშინ, როცა შენობასთან იმართება ხმაურიანი აქცია, მისი მონაწილეების განმარტებით, „ინტერის“ პრორუსული პოზიციის გასაპროტესტებლად. ტელეარხზე სავარაუდო თავდასხმა 4 სექტემბრით თარიღდება.

თავდასხმა ტელევიზიაზე უკრაინაში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:37 0:00
გადმოწერა

ვიდეოზე ჩანან შენიღბული, მუქტანისამოსიანი და თეთრჩაფხუტიანი პირები, რვა კაცი, რომელიც ტელესტუდიის ოთახებში გადაადგილდება და თან ცეცხლმაქრობიდან აფრქვევს ცეცხლჩამქრობ მასას, როგორც ჩანს, კვალის წასაშლელად და ტელევიზიის თანამშრომლების დასაბნევად.

შენობის წინ კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დემონსტრანტები, უკრაინის დროშებით ხელში, შენობის შესასვლელთან კიბეებზე იკრიბებიან, რაც სავარაუდოს ხდის, რომ შენობაში შეჭრილი რვა პირის თანამზრახველები არიან. რამდენიმე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალის ბოლო წამებში ჩანს, როგორ გარბიან შენიღბული პირები ტელეარხ „ინტერის“ ოფისიდან, როცა ოფისის შესასვლელს ცეცხლი ეკიდება.

4 სექტემბერს, უშუალოდ ინციდენტის შემდეგ, მომხდარი ასე აღწერა თვითმხილველმა ნიკიტა ცანდერმა: „ხანძარი გაჩნდა, შუშებმა მსხვრევა დაიწყო. ხალხს აკავებდნენ, ხალხი სახურავზე ადიოდა, იქიდან ყვიროდა. ქვემოთ, გასასვლელში, სამხედრო ფორმიანები იდგნენ“.

წარწერები ტელეარხის ოფისთან
წარწერები ტელეარხის ოფისთან

„ინტერი“ ხანძარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას უწოდებს, ინციდენტი დაგმეს ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმაც.

თუმცა, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგაც გაგრძელდება კრიტიკული შეფასებები საკუთრივ ტელეარხ „ინტერის“ მისამართით. საქმე ის არის, რომ, უკრაინელების ნაწილის აზრით, „ინტერი“ პრორუსულ პოზიციას ამჟღავნებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლ სეპარატისტებთან უკრაინელების დაპირისპირების გაშუქებისას.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ანტიუკრაინულიც“ კი უწოდა ტელეარხ „ინტერის“ პროგრამებს. მანვე სოციალურ ქსელში გამოთქვა აზრი, რომ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, როგორ უკიდებენ ცეცხლს „ინტერის“ ტელესტუდიას, შესაძლოა, ავთენტური კი არა, მანიპულირებული იყოს.

წარწერები ტელეარხის ოფისთან
წარწერები ტელეარხის ოფისთან

პოლიციის ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიუხედავად, არხი მას არ აწვდის ტელესტუდიში სათვალთვალო კამერებით ჩაწერილ ვიდეოსო, განაცხადა ავაკოვმა 6 სექტემბერს კიევში, უკრაინის ტელეარხ „24“-თან ინტერვიუს დროს.

ასეა თუ ისე, „ინტერი“ აცხადებს, რომ მისი თანამშრომლების ნაწილს დასჭირდა სამედიცინო დახმარება ხანძრის გამო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ და რომ ერთმა თანამშრომელმა ფეხი მოიტეხა. სამართალდამცველებმა ცხრა ადამიანი დააკავეს ტელეარხზე თავდასხმაში ეჭვმიტანით, თუმცა ინტერნეტპორტალ „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, ცხრავე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ტელეარხის ოფისთან 7 სექტემბერსაც რჩებოდა 4 სექტემბერს გაკეთებული წარწერები: „დაიწვი, ‘ინტერ’, დაიწვი“ და „’ინტერი’ კრემლის აგენტია“.

XS
SM
MD
LG