Accessibility links

ხის ჭრა კორპუსების სახელით


მოჭრილი ხეები თბილისში

ბაგების ტერიტორიაზე ცხრა ჯანსაღი ხის მოჭრა მოქალაქეებისა და გარემოს დამცველების პროტესტის მიზეზად იქცა. ჭავჭავაძის 82 ნომერში სამშენებლო კომპანია „მესხი“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ხეების ჭრის უწყვეტი ტენდენცია მიუთითებს სისტემურ პრობლემასა და კანონის ხარვეზებზე.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
Direct link

ჭავჭავაძის 82 ნომრიდან უკვე გატანილია 17 აგვისტოს მოჭრილი წიწვოვანი ხეების ნარჩენები. სამშენებლო კომპანია შპს. „მესხი“, რომელმაც ტერიტორია ელექტრონული აუქციონით შეიძინა სახელმწიფოსგან სამი წლის წინ, იქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მათი კუთვნილი მიწა 5000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ნებართვა რვა ჯანსაღი ხის მოჭრასა და ექვსის გადარგვის თაობაზე მათ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისგან მიიღეს. როგორც მერიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიამ ხეების მოჭრის ნებართვა ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობისათვის მოითხოვა. შპს. „მესხის“ დირექტორის, ანრი ბაციკაძისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ხეების მოჭრამ მოსახლეობისა და გარემოს დამცველების პროტესტი. მისი სიტყვებით, მოჭრილი ხეების სანაცვლოს ახალი ხეები დაირგვება და ტერიტორიაზე სრულად შენარჩუნდება დარჩენილი ხეები: „ყველა წესის დაცვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვმოქმედებდით. პირიქით, ჩვენ იქით გვაქვს პრეტენზია, რომ სამი წელი გაიწელა ეს პროცესი. აი, გაიხადეთ, გვერდით, როგორი გადასარევი შენობა აშენდა. ჩვენ ერთად ვიწყებდით ყველაფერს. ის კორპუსი უკვე დამთავრებულია და ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია. კანონმდებლობის სრული დაცვით მოვიპოვეთ ყველა ნებართვა და ვერ გავიგე, ეს აყალმაყალი რატომ ატყდა. ჩვენ შეთანხმება გვაქვს მერიასთან, რომ აქ სკვერი უნდა გავაშენოთ. ადგილზე დავრგავთ იმაზე სამჯერ მეტ ხეს, რამდენიც მოვჭერით. აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაშია ყველა ხე. ჩვენ მოვჭერით ცხრა ხე და 90 ხეს გადავარჩენთ“.

გაჩეხილმა ხეებმა გარემოს დამცველები 17 აგვისტოს თბილისის მერიასთან შეკრიბა. მათ ხეების მოჭრა გააპროტესტეს და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ჭავჭავაძის 82, ბაგების ტერიტორია, არის ქალაქის ის ნაწილი, სადაც მეტ-ნაკლებად არის დარჩენილი მწვანე საფარი. ფერაძის სიტყვებით, ამ ტერიტორიაზე ხეების დიდი ნაწილი დაავადებულია, ჭავჭავაძის 82 ნომერში მოჭრილი ცხრა ხე კი სრულიად საღი იყო: „ერთი კვირის წინ, მთაწმინდის ფერდობზე, ხანძარს შეეწირა ორი ჰექტარი ხეების მასივი. რუსთავისკენ და კრწანისისკენ გზების გაყვანას ეწირება. თბილისში რა მდგომარეობაა ეკოლოგიის თვალსაზრისით, ამაზე უკვე არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებენ. და ჩვენ ასე, თითო-თითო ხის ჩეხვით უარეს და უარეს მდგომარეობას ვქმნით“.

ნატა ფერაძე იხსენებს 2016 წლის 17 აგვისტოსა და ყაზბეგის 22 ნომერში მოჭრილი ხეების ამბავს. ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის მოჭრილ ხეებს. ისინი აცხადებდნენ, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა ჯანსაღი ხეების ჭრის ნებართვა გასცა. ამ საქმეზე პროკურატურამ გასულ წელსვე დაიწყო გამოძიება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი გამოძიებამ განაცხადა, რომ დასკვნა, რომელიც ექსპერტმა ხეების ავადობის შესახებ დაწერა, ყალბი იყო.

ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი დედაქალაქში ხეების ჭრას სისტემურ პრობლემას უწოდებს და ამბობს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად უკანასკნელი წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. როგორც ერეკლე ურუშაძე მიუთითებს, დედაქალაქის დღევანდელი მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით შემოიფარგლება და ქმედითი ნაბიჯები არსად ჩანს. ის პრობლემას ხედავს დღეს არსებულ კანონმდებლობაშიც: „დღეს ჯერ მშენებლობაზე გასცემს ნებართვას არქიტექტურის სამსახური და შემდეგ უკვე გამწვანების სამსახური. ეს უნდა იყოს ერთიანი პროცესი. ისე უნდა მოხდეს სამშენებლო პროექტის კორექტირება, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ნარგავები. აქ ჩვენ საქმე გვაქვს წლების წინ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებასთან. ბაგების ტერიტორია საერთოდ არც კი უნდა მოხვედრილიყო პრივატიზაციაში. ის უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა და იქ საერთოდ არ უნდა იყოს მშენებლობა ნებადართული. ფაქტია, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. მერიას სრული საშუალება აქვს ეს დამოკიდებულება შეცვალოს. ერთი მმართველი პარტია თბილისის მერიაშიც, პარლამენტშიც. ჩვენ, მოქალაქეები, ვხედავთ, რომ პრობლემა არ იცვლება. და რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნონ ამას, ფაქტი არ იცვლება“.

და თუკი ხეების ჭრის სტატისტიკას მოვიშველიებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე 3500-ზე მეტი ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა, საიდანაც დაავადებული იყო მხოლოდ 827 ხე. მათივე ინფორმაციით, თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 2 მილიონამდე ლარი. და წლების მიხედვით ეს თანხა მზარდია. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება“, ვინაიდან არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ხის დაავადებულად შეფასება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG