Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის 22-ე რაუნდი, ჰუმანიტარულ საჭიროებათა იგნორირებით


საქართველოს დელეგაცია გაწბილებული დარჩა იმ გულგრილი დამოკიდებულებით, რაც ცხინვალმა, სოხუმმა და მოსკოვმა მათთვის შეთავაზებული პრაგმატული წინადადებების მისამართით გამოავლინეს. თანამოაზრეთა სამეულმა უარი განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 22-ე რაუნდის ფარგლებში იმ კონკრეტული წინადადებების განხილვაზე, რომელთა განხილვასაც ერთ დროს თავად მოითხოვდა. შედარებით უკეთ არის საქმე ტრადიციულად ყველაზე პრობლემურ გამოწვევასთან მიმართებით, რაც ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნას შეეხება.

”ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული წინადადებები, ჩვენ გვქონდა ძალიან პრაგმატული მიდგომა... ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ახალი მთავრობა მონაწილეობდა და, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ პრაგმატული მიდგომით გამოვიწვევდით უკეთეს ვითარებას და შევქმნიდით შეხვედრის წარმატების პირობებს”, - უთხრა 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამწუხაროდ, ცხინვალის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, არ ისურვეს ამ თემაზე საუბარი. მათ ამჯობინეს, რომ მეტი ძალისხმევა გადაეტანათ დისკუსიის უადგილო პოლიტიზებაზე ...
ნიკოლოზ ვაშაკიძე

ახალი ხელისუფლების ახალი დელეგაციის ახალმა კონსტრუქციულმა მიდგომამ შედეგი აშკარად ვერ გამოიღო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 22-ე რაუნდზე და, კერძოდ, მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. თუკი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს მოვუსმენთ, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების განხილვა 12 დეკემბერს არ ინებეს ცხინვალის, სოხუმისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა და მათ შეხვედრა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. ქართული მხარე გეგმავდა წამოეყენებინა კონკრეტული წინადადებები, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებისა თუ ცხინვალის რეგიონის წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა 12 დეკემბერს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეთავაზების ადრესატები არ აღმოჩნდნენ მზად ჰუმანიტაული საკითხების პოლიტიზების გარეშე განხილვისთვის:

”შევიმუშავეთ მთელი რიგი ღონისძიებების გეგმა და ჩამოვედით იმ განწყობით, რომ პრაქტიკულ სამუშაოს ჩავატარებდით აქ წარმოდგენილ მონაწილეებთან იმისათვის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო. სამწუხაროდ, ცხინვალის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, არ ისურვეს ამ თემაზე საუბარი. მათ ამჯობინეს, რომ მეტი ძალისხმევა გადაეტანათ დისკუსიის უადგილო პოლიტიზებაზე”.
ძალიან მკაცრი განცხადებები გაკეთდა, მაგალითად, სოხუმის მხრიდან. იქაც იყო საუბარი, რომ უნდა შეცვლილიყო ფორმატი. საკმაოდ მკაცრი განცხადებები იყო, მაგალითად, ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებლის ფილიპ ლეფორის მიმართ ...
სერგი კაპანაძე

ჰუმანიტარული საკითხების განხილვისადმი მოსკოვის მიერ პროვოცირებული არაკონსტრუქციული მიდგომა სულაც არ უკვირს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელს სერგი კაპანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ექს-ხელმძღვანელს. ის ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის უმთავრეს ამოცანას მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა წარმოადგენს:

”ძალიან მკაცრი განცხადებები გაკეთდა, მაგალითად, სოხუმის მხრიდან. იქაც იყო საუბარი, რომ უნდა შეცვლილიყო ფორმატი. საკმაოდ მკაცრი განცხადებები იყო, მაგალითად, ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებლის ფილიპ ლეფორის მიმართ, რაც, ალბათ, დამთხვევა არ არის. ეს უფრო არის მცდელობა, რომ ახლა ეს მომენტი იქნეს გამოყენებული. მე მაინც არ მგონია, რომ ამის საშუალება მათ ბოლომდე მიეცემათ, რადგან არავის ინტერესში არ არის და, იმედია, საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს მოსკოვს, თუკი მართლა ან მოსკოვი, ან ცხინვალი, ან სოხუმი ჟენევის მოლაპარაკებებს ან ჩაშლის, ან რაიმე საფრთხეს შეუქმნის”.

ფორმატის შეცვლის თემა მართლაც ფიგურირებს 22-ე რაუნდის შედეგების შეფასებებისადმი მიძღვნილ ცნობებში. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის სიტყვებს იმის შესახებ, რომ 23-ე რაუნდამდე დარჩენილი 3-თვიანი ვადა საშუალებას აძლევს თანათავმჯდომარეებს, მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილეს თანაბარი სტატუსი მიენიჭოს, ანუ ჩამოყალიბდეს ახლებური ფორმატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟენევის მოლაპარაკებები ჩაშლისთვის იქნება განწირული. თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფორმატის შეცვლა მიუღებელია თბილისისთვის და ეს საკითხი არც კი განიხილება.

თუკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობებს გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ ჰუმანიტარულ საკითხებს და, მაგალითად, ბუნებრივი აირის მიწოდების თემას ცხინვალისთვის მართლაც არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა. ეს საკითხი სულაც არ არის ნახსენები, მაგალითად, სააგენტო ”რესის” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 22-ე რაუნდზე განსახილველ ყველაზე მთავარ საკითხს ძალის გამოუყენებლობის საკითხი წარმოადგენდა. იქვე აღნიშნულია, რომ იურიდიულად დამავალდებულებელი ამ სამშვიდობო დოკუმენტის შემუშავებასა და ხელმოწერას ცხინვალი და სოხუმი კვლავინდებურად თბილისთან გეგმავენ. თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელ ამ გეგმას უკვე დიდი ხანია მფარველობს მოსკოვი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიერ სწორედ ამ ჭრილშია შემუშავებული წინადადებები, რომლებიც 12 დეკემბერს ჟენევაში 1 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა. საუბარია ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესზე, რომელიც თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე ოქტომბერში წინა, 21-ე, რაუნდის დროს დაიწყო.
მონაწილეებმა განიხილეს საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების ჩათვლით ...
ფილიპ ლეფორი

ამ პროცესს დადებითად აფასებს საქართველოს როგორც ახალი, ასევე ძველი დელეგაცია. როგორც 11 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს იმდროინდელი დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, ”ძალიან ცალსახა და კონსოლიდირებული საერთაშორისო პოზიციაა იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება” და რომ ტექსტი, რომელზე მუშაობაც 11 ოქტომბერს დაიწყო, სწორედ ამ შედეგზეა ორიენტირებული.

ტრადიციულად ამ ყველაზე მძიმედ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი რომ შეინიშნება, ამას დაკონკრეტების გარეშე მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებიც აღნიშნავენ. ეს აღნიშნა 12 დეკემბერს 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფილიპ ლეფორმაც, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:

”მონაწილეებმა განიხილეს საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების ჩათვლით. ამ დისკუსიების ფარგლებში, თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე”.

თანათავმჯდომარეები კვლავაც უკმაყოფილო რჩებიან იმით, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეხვედრების განახლება გალის მიმართულებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. გავიხსენოთ, რომ ივნისში მე-20 რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა - მწვავე შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 24 მარტის შემდეგ ვეღარ ხერხდება შეხვედრების გამართვა გალში. შეხვედრას, რომელიც 24 აპრილს უნდა გამართულიყო, აფხაზეთის მხარემ გამოუცხადა ბოიკოტი და მიზეზად ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, პოლონელი დიპლომატის ანჯეი ტიშკევიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა.

არსებითად ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდი, ჩვეულებისამებრ, უშედეგოდ დასრულდა, თუ არ ჩავთვლით მონაწილეთა ერთადერთ კონკრეტულ შეთანხმებას, რომ მომდევნო, 23-ე, რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG