Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილი, სადაც თოვლის ბაბუა არ დადის... მაგრამ მაინც ელიან


სოციალურად დაუცველი ოჯახი რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში
სოციალურად დაუცველი ოჯახი რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში
თბილისში, ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში, ორ თვეზე მეტია სოციალურად დაუცველი 50-ზე მეტი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. როგორ ხვდებიან ახალ წელს ისინი და რა საახალწლო სურვილები აქვთ ნახევრად დანგრეულ ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ პატარებს?

ნაცრისფერ გაყინულ დერეფანში, ნახევრად აყრილ იატაკზე, ჭერამდე ნაძვის ხე დგას - ზუსტად ისეთი, ბავშვობისას რომ ვოცნებობდით ხოლმე, ჩვენზე მაღალი, ჭერამდე კენწეროთი. ფერადი ბურთებიც ჰკიდია, წვიმებიც, მაგრამ რაღაც მაინც აკლია... გარშემო ბავშვები აკლია. ბავშვები ოთახებში არიან შეყუჟულნი - ოთახებში, სადაც დამტვრეული ავეჯი, დაბზარული ჭურჭელია და ჭვარტლის სუნი დგას. გულწრფელად სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა ახალი წლის ღამეს მათთანაც აუცილებლად მივა. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ: თოჯინები და მანქანები... ეს ცირას, მარის, ლუკას, ირაკლის საახალწლო სურვილებია:

- მე თოჯინას ველოდები.
- მე ის მინდა, პულტიანი მანქანა.
- მე მინდა სათამაშო, სათამაშო კომპიუტერი.
- რა ვიცი, თოფი მინდა, სათამაშო თოფი.
- მე მინდა ბარბი. ალბათ, მომიტანს.


6 წლის გიორგი მას შემდეგ დარჩა უსახლკაროდ, რაც პატარა დის ავადმყოფობის გამო მშობლებმა სახლი გაყიდეს. თოვლის ბაბუას ნამდვილი, დიდი სახლი დააბარა. ახლა კი ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოს პატარა ოთახში დამტვრეულ სკამზე ზის, ხელებს შეშის ღუმელზე ითბობს და სჯერა, რომ თოვლის ბაბუა სურვილს აუსრულებს:

- მე ნამდვილი სახლი მინდა, მდიდრული სახლი.
- სულ იმაზე ოცნებობს, რომ სახლი ჰქონდეს და თავისი ოთახი.

სოციალურად დაუცველი ოჯახი რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში
სოციალურად დაუცველი ოჯახი რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში

ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში სოციალურად დაუცველი 50-ზე მეტი ოჯახი ორ თვეზე მეტია ცხოვრობს. ოქტომბრის ბოლოს რკინიგზის საავადმყოფოს დერეფანი მათ იმ მიზეზით დაიკავეს, რომ ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ქუჩაში აღმოჩნდნენ. არაერთი საპროტესტო აქციის, შიმშილობისა და პირის ამოკერვის შემდეგ, თბილისის მერიისგან ყოფილ საავადმყოფოს შენობაში დროებით ცხოვრების ნებართვა მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არანაირად არ აკმაყოფილებს ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, ისინი იმითაც კმაყოფილნი არიან, რომ თავშესაფარი აქვთ. შენობაში დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგია შეიყვანეს, თუმცა იქ დღემდე არ არის წყალი. ოთახებს შეშის ღუმელით ათბობენ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშით თბილისის მერია ამარაგებს. ჭერამდე ნაძვის ხეც თბილისის მერიისგან ერგოთ.

35 წლის მზია, ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში შვილთან ერთად ცხოვრობს. ბიჭი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მათ ოთახამდე მისასვლელად ცხრა თვალი და ცხრა ფეხი უნდა გამოიბა, რომ ან ტალახში არ ჩავარდე, ან სამშენებლო მასალის ნარჩენებში არ ჩაეფლო. მზიას და ნიკუშას ხუთი წელია სახლი აღარ აქვთ. რამდენიმე თვე ავჭალაში, თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ქირას ვეღარ ვიხდიო, მეუბნება მზია და აქ მოსვლაც იმიტომ გადავწყვიტეო. მისი ყოველთვიური შემოსავალი 134 ლარს შეადგენს. ნიკუშას საწოლთან საახალწლო წვიმებით მორთული მულტფილმის გმირები შრეკი და ფიონა კიდია. ეს მათი პატარა ოთახის ერთადერთი მოსართავია:

”ხანდახან დაგვიკავშირდებიან ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციები. პამპერსს გვაძლევენ ხოლმე, საჭმელს. მეზობლებიც მეხმარებიან. ისე, საერთოდ, არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. რომ ვთქვა, რომ რამე განსაკუთრებული სურვილი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩემი სურვილი ის არის, რომ მუდმივი თავშესაფარი მქონდეს, რომ აღარ მომიხდეს აქეთ-იქით წანწალი. და კიდევ, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მეტი რა უნდა მინდოდეს”, - ამბობს მზია.
ეს საწოლიც ფიცრებით მაქვს აწყობილი, რომ ბავშვები დავაძინო. უფასო სასადილოდან გვაძლევენ სადილს და იმას ვჭამთ. ბავშვები მეკითხებიან, რა გვექნება ამ ახალ წელსო. რა გვექნება, აბა, რა ვიცი. როგორია 20 ლარი გადაიხადო ნიგოზში. იქ ტკბილეულიც ხომ გინდა. რა გვექნება, აბა?..
45 წლის ირმა


ოთახში, სადაც წლის და 2 თვის ნატას ჭვარტლისგან გამურულ ვარდისფერ კურდღელთან ერთად სძინავს, გაბზარული სარკე კიდია. სარკეზე, სავარაუდოდ, დედამისის, 23 წლის ნესტანის სუნამო დევს, წარწერით -”Forgive”. ნატას მამა ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობს. იატაკზე შეშის ნაფოტები ყრია. ღუმელის თავზე თოკია გაბმული. თოკზე ნატას ტანსაცმელი შრება:

”აი, ეს საწოლიც ახლობელმა გვათხოვა. ჭურჭელიც, აი, რასაც ხედავთ, ეს არის - სამი-ოთხი თეფში. თუ დაგვეხმარება ვინმე, კარგს იზამს, თუ არადა, რა ვქნათ, აბა”, - ამბობს ნესტანი.

45 წლის ირმა ყოფილ საავადმყოფოში ექვს შვილსა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მის ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს, რადგან ქირის გადასახდელად ხუთი თვის დახმარება წინასწარ აიღო. ის და მისი მეუღლე უმუშევრები არიან. დარდობს, ახალი წლისთვის ბავშვებს გოზინაყს ვერ გავუკეთებო. ბავშვები დერეფანში შეშას ჩეხენ:

”აი, ნახე. ეს საწოლიც ფიცრებით მაქვს აწყობილი, რომ ბავშვები დავაძინო. უფასო სასადილოდან გვაძლევენ სადილს და იმას ვჭამთ. ბავშვები მეკითხებიან, რა გვექნება ამ ახალ წელსო. რა გვექნება, აბა, რა ვიცი. როგორია 20 ლარი გადაიხადო ნიგოზში. იქ ტკბილეულიც ხომ გინდა. რა გვექნება, აბა?.."

ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო ვაგზლის ტერიტორიაზე, ზუსტად იქ არის, სადაც საახალწლო ვაჭრობაა გაჩაღებული. იქ უამრავი თოჯინა და მანქანა იყიდება. თოვლის ბაბუის ქუდიც იყიდება და კიდევ თეთრი ბამბის წვერიც.
XS
SM
MD
LG