Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საპროტესტო განწყობა ძლიერდება


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო ხშირად საუბრობს საპროტესტო აქციების მოწყობის აუცილებლობაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საპროტესტო განწყობაც იზრდება. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჯერჯერობით არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აცხადებს თავს ოპოზიციურად. ადგილობრივი პარტიები იმაზე უფრო ხშირად კამათობენ, დე ფაქტო რესპუბლიკა დამოუკიდებელი უნდა დარჩეს თუ ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის ფედერაციაში შევიდეს. პოლიტიკური ლიდერები ერიდებიან დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თიბილოვის კრიტიკას, მაგრამ ჩავარდნილ საინვესტიციო პროგრამას, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს როსტიკ ხუგაევს აბრალებენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ცხინვალში ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებმაც თიბილოვის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არ დამალეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს. რესპონდენტი, პირობითი სახელით გიორგი, ამბობს, რომ თიბილოვის მთავრობა ფუფუნებაში ცხოვრობს, იმ დროს როცა უმუშევრობა, სოციალური გაჭირვება, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ხელფასების შემცირება უკმაყოფილებას ზრდის და ამან შეიძლება ვითარების აფეთქება გამოიწვიოს.

გიორგი ამბობს, რომ ცხინვალში საპროტესტო განწყობა ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ ქუჩაში გამოსვლას, რეპრესიული რეჟიმის გამო, ბევრი ერიდება. მისი თქმით, თიბილოვის ხელისუფლებაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს.

ცხინვალის სხვა მცხოვრები, სოსლანი, მიიჩნევს, რომ უკმაყოფილება შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს სტიქიურ ანტისამთავრობო მიტინგებში. ბევრი ადამიანი ცხინვალში ხუგაევს, მთავრობის თავმჯდომარეს, აკრიტიკებს იმისთვის, რომ დახარჯული რუსული ფულის ანგარიშს მოსკოვს ვერ აბარებს, რის გამოც კრემლმა საინვესტიციო პროგრამისთვის ფინანსების გადმორიცხვა შეაჩერა. სოსლანი დარწმუნებულია, რომ როსტიკ ხუგაევი ცხინვალში სამშობლოს სამსახურისთვის კი არა, ფულის საშოვნელად ჩავიდა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალელების უკმაყოფილების მიზეზი, კორუფციის გარდა, რუსი ჯარისკაცების თვითნებობაცაა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უმკლავდება.

ცხინვალში საპროტესტო განწყობა მოქალაქეებს შორის მაღალია, მაგრამ ჯერ არ ჩანან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებიც ამ განწყობით ისარგებლებენ და არჩევნებისთვის საპროტესტო ელექტორატს მიიმხრობენ.
XS
SM
MD
LG