Accessibility links

ცხოვრება ზღვარზე ომიდან 10 წლის შემდეგაც


რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია

„ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში“ - ამ სახელწოდებით მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, გამოაქვეყნეს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობაა ასახული. ანგარიშის თანახმად, 2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 10 წლის შემდეგაც საერთაშორისო დანაშაულთა შედეგები ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც ზარალის ადეკვატური კომპენსაცია არ მიუღიათ და ცხოვრებას გაჭირვებასა და მუდმივი საფრთხის ატმოსფეროში ატარებენ.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:01 0:00
Direct link

2008 წლის ზაფხულში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულთა შედეგების განგრძობით ზეგავლენაზე საუბრისას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრის ქრისტოპულოსი, აღნიშნავს, რომ დაუცველია დევნილებისა და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები:

“საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც დიდი გზის გავლა მოუწევს. ხალხს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება, მიუხედავად ნებისმიერი გეოპოლიტიკური შეხედულებებისა. ხალხს აქვს უფლება იყოს დაცული, ხალხს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და ჰქონდეს წვდომა სოციალურ კეთილდღეობაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ფუნდამენტურ პრიორიტეტად განვიხილავთ“.

დიმიტრი ქრისტოპულოსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა და ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიზანი სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ადვოკატირებაა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დელფინ კარლენსის თანახმად კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და მისი წევრი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში 2017 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით იმუშავა. მისიის წევრები ადმინისტრაციული ხაზის ახლოს მდებარე 10 სოფელსა და დევნილთა ერთ ჩასახლებაში 34 ადამიანს შეხვდნენ იმის დასადგენად, რა ზეგავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოს ომმა მათ ოჯახებზე.

„მსხვერპლნი ათი წელია ელიან რაიმე ნიშნებს მათ მიმართ ანგარიშვალდებულებისა, იმის ადეკვატური შეფასებისა, რაც მათ დაკარგეს. არც ერთ მათგანს მსხვერპლის სტატუსიც კი არ აქვს და არ აუღია კომპენსაცია. არ აქვთ ღირსეული პირობები და ისინი ვერ ხედავენ, რომ ხორციელდება კონკრეტული სამართლებრივი ზომები, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ დამოუკიდებელი სასამართლოების წინაშე და პასუხი აგონ ჩადენილი დანაშაულისთვის.

საქმე ისაა, რომ არ მიდის ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ, არ ჩანს არავის პასუხისმგებლობა და ეს სიტუაცია გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულები, რომელიც მოხდა, შეიძლება განმეორდეს, რადგან დამნაშავეები არ დასჯილან“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ არასამთავრობო სექტორიც აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად ყველას კონსოლიდაცია მოხდეს და ჩვენს საერთო მიზანს მივაღწიოთ...
ბექა ძამაშვილი

ანგარიშში კი, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ ვინაიდან კონფლიქტიდან გასული 10 წლის შემდეგაც ჩადენილი დანაშაულებისთვის ბრალი არავის წარდგენია და მუდმივად იცვლება გამყოფი ხაზი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, ომს გადარჩენილები კვლავ ხდებიან გატაცების, უკანონო დაკავებებისა და გამოძალვის მსხვერპლნი. ასეთ ვითარებაში საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ გააგრძელოს დაზარალებულთა საქმეებზე მუშაობა:

“მოიპოვოს მტკიცებულებები და გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ის დამნაშავეები, რომლებიც, შესაძლოა, რანგით დაბალ სამხედრო პირებს თუ წოდებრივად დაბალი იერარქიის მქონე სახელმწიფო მოხელეებს წარმოადგენენ რუსეთის მხრიდან ან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიების შედეგად ყველა დამნაშავე ვერ დაისჯება, ის მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ“.

5 თებერვალს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კაუპო კანდი. ერთი თვეა, რაც სასამართლომ ადგილობრივი ოფისი გახსნა საქართველოში. როგორც კაუპო კანდი ამბობს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადებული ანგარიში მათთვისაც საჭირო და გამოსადეგი დოკუმენტია:

კაუპო კანდი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
კაუპო კანდი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

“ეს ანგარიში გვაძლევს ინფორმაციას არა მარტო წარსული მოვლენების, არამედ მიმდინარე ვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების შესახებ. ეს დაგვეხმარება დავინახოთ, როგორია დაზარალებულთა ამჟამინდელი მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნდობის ფონდი, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად მუშაობს მხარდაჭერის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალური დახმარება. ასე რომ, ამ მხრივაც დაგვეხმარება ანგარიში მიმდინარე ვითარების შესაფასებლად“.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი კი, თავის მხრივ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს აძლევს რეკომენდაციას პრიორიტეტი მიანიჭოს საქართველოში არსებულ მდგომარეობას პროკურატურის საქმეთა შერჩევის სტრატეგიის შესაბამისად, რათა სასამართლოში წარსადგენ პოტენციურ საქმეებზე საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები მოგროვდეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი კი, ბექა ძამაშვილი, ამბობს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა საკითხი მუდმივი ყურადღების ცენტრში უნდა იდგეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ:

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია

“ამისთვის საქართველოს მთავრობა ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს. თქვენ იცით, რომ გამოძიებას აწარმოებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქართველოსთან თანამშრომლობით, აგრეთვე საქართველოს მთავრობას აქვს სტრასბურგის სასამართლოში საერთაშორისო დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ დაზარალებულთა ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ არასამთავრობო სექტორიც აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად ყველას კონსოლიდაცია მოხდეს და ჩვენს საერთო მიზანს მივაღწიოთ“.

თუმცა შიდა ქართლის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არინა თავაქარაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია არა აქვს და ამ მიმართულებითაც მართებს მუშაობა. ყოფილი სახალხო დამცველი კი, უჩა ნანუაშვილი, თავის მხრივ, დასძენს, რომ პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, საკმარისი არ არის. მისი აზრით, დაზარალებულთა და მსხვერპლთა უფლებების დასაცავად საჭიროა ხელისუფლებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო ფორმატებში კიდევ უფრო აიმაღლოს ხმა და გაამკაცროს ტონი - განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან აკავებენ და უფლებებს უზღუდავენ. მთლიანობაში კი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა იმ ძირითადი სუბიექტების მისამართით, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG