Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ტყის ხანძრები და სახელმწიფოს არასათანადო მზაობა


ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარის შედეგად უკვე 5 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის კერა წარმოიშვა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარ ტყის ფერდობზე და ამჟამად „მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია“. თუმცა უკვე ორი დღეა ვერ მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია და ოფიციალური ინფორმაციით, 21 აგვისტოს ხანძრის ჩაქრობას ისევ ქარმა შეუშალა ხელი. როგორც გარემოს დამცველები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ ცეცხლთან ბრძოლისთვის აუცილებელი ტექნიკის ნაკლებობაზე. რა მდგომარეობაა ამჟამად და როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ზაფხულის ხანძრების მზარდ საფრთხეს.

გადმოწერა

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერი ქარის, რთული რელიეფური პირობებისა და აქ არსებული ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფი წვით იყო განპირობებული. ცეცხლის ჩაქრობას ორი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ – ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიწყო სპეციალური თხრილების გავლება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი, თუმცა ის პროცესს ღამის საათებში ეთიშება. ვითარების გაცნობის მიზნით, 21 აგვისტოს ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი:

„მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, საქართველოს ყველა რეგიონიოდან დავახმარეთ ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს და სახანძროს. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად რელიეფიდან გამომდინარე ძალიან რთული მდებარეობისა და ასევე, ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი, რომელიც დღეს უკვე ჩადგა, აღარ არის და თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება“.

დღის პირველ ნახევარში გაკეთებული ამ კომენტარიდან ცოტა ხნის შემდეგ ბორჯომის ხეობაში ქარი ისევ გაძლიერდა, გაძლიერდა ხანძარიც და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დღის ბოლომდე ხანძრის სრულად ჩაქრობის ოპტიმისტური პროგნოზი. აქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ბევრისთვის აშკარა იყო, რომ ხანძართან ბრძოლაში მეტი ტექნიკის ჩართულობა იყო აუცილებელი. ამის შესახებ ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმაც:

„ძალიან გახშირებულია საქართველოს მასშტაბით ხანძარი და სასურველი იქნებოდა, რასაკვირველია, რომ რამდენიმე ათეული გვყავდეს ვერტმფრენი, ტექნიკაც რამდენიმე ასეული... მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის ტექნიკა, იმითაც ძალიან მობილურად ვმუშაობთ“.

ერთადერთი ვერტმფრენი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ებრძვის, შეზღუდულია თავის შესაძლებლობებში. როგორც „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ უთხრა „რადიო თავისუფლებას“, სამაშველო ვერტმფრენების შეძენას საქართველოში საშველი ვერაფრით დაადგა, ხოლო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს სახელმწიფო მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში იყენებს, მაგრამ მისი დახმარება არაეფექტიანია:

„ეს არის, რუსული, საბჭოური წარმოების (Ми-8) ვერტმფრენი, ეკუთვნის საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და ეს ვერტმფრენი არ არის სამაშველო... მას საერთოდ სხვა ფუნქციები აქვს, საერთოდ სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ამ ვერტმფრენს ხანძრების დროს და სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად. ამიტომ ის, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც თანამედროვე საფრენი აპარატები. მას არ შეუძლია ღამით ფრენა, მას არ შეუძლია სხვადასხვა პირობებში ფრენა, არ არის მობილური - თანამედროვე ვერტმფრენებთან შედარებით და ასე შემდეგ“.

საქართველოს სახელმწიფო არ არის მზად ხანძრებთან ბრძოლისთვის - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი და ეს რეალობა კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში გაცილებით გაზრდილია – ხანძრების გაჩენის საფრთხე და ამ ტენდენციამ, დიდი ხანძრების სახით, ბოლო წლებში საქართველოშიც იჩინა თავი. ხანძრები ხშირად ადამიანების ბრალეულობითაც ჩნდება:

„ხანძარსაშიშ ვითარებას აძლიერებს, რა თქმა უნდა, მაგალითად - მართვის ნაკლოვანებები, როდესაც იჩეხება ტყე, ხოლო გაჩეხილი ტოტები და წიწვები ამ ტყეშია დარჩენილი - ეს ქმნის ხანძარსაშიშ ვითარებას. ხანძარსაშიშ ვითარებას ასევე აძლიერებს ადამიანის ნებსითი თუ უნებლიე ჩარევა: თქვენ წარმოიდგინეთ, ცარიელ გადაგდებულ ბოთლსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ხანძარი - ვინაიდან, შეიძლება, მზის შუქი გარდატყდეს და მაღალი სიცხის დროს ისეთივე ეფექტი ჰქონდეს, თითქოს გამადიდებელი შუშით დაგინთია კოცონი... ასევე, რა თქმა უნდა, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით იმატებს ტყის ხანძრების საშიშროება და ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო გაძლიერდება“.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, უცხოელი დონორების დაფინანსებით, ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის სათანადოდ მომზადების მიზნით, სხვადასხვა დროს არაერთი დოკუმენტია მომზადებული, თუმცა შედეგები არ ჩანს. გარემოსდამცველი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო ვერ ახერხებს სათანადო ტექნიკის შეძენას, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათგან მიიღოს დროული და ეფექტიანი დახმარება.

ხანძართან ბრძოლის კიდევ ერთი უშედეგო დღის ბოლოს, 21 აგვისტოს საღამოს, გაჩნდა იმედი მეზობელი ქვეყნის დახმარებისა. ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან ბრძოლის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა სააგენტო APA-მ გაავრცელა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG