Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგინდა, რომ უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფა გამოიწვია სეპარატისტების რეგიონიდან გასროლილმა რაკეტამ


მალაიზიის ავიაკომპანიის ბოინგ 777-მა 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის რეგიონში განიცადა ავიაკატასტროფა.
მალაიზიის ავიაკომპანიის ბოინგ 777-მა 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის რეგიონში განიცადა ავიაკატასტროფა.

აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის გამომძიებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ ავიალაინერი ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარის, „ბუკ“-ის რაკეტით, რომელიც გაისროლს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. 28 სექტემბერს ნიდერლანდის ქალაქ ნიუვეგეინში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ნიდერლანდის მთავარმა პროკურორმა და "ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის" ხელმძღვანელმა, ფრედ ვესტერბეკემ განმარტა, რომ გამოძიებამ გამორიცხა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ყველა სხვა შესაძლო ვერსია. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2014 წლის 17 ივლისს, როცა ის ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის ნიდერლანდის 196 მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ საზენიტო-სარაკეტო დანადგარი რუსეთიდან უკანონოდ შეიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთშივე დააბრუნეს ავიაკატასტროფიდან ცოტა ხნის შემდეგ. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მან აღჭურვა "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით სეპარატისტები, რომლებსაც მხარს უჭერს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG