აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ დაიღუპა ჟურნალისტი. რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ოპერატორი ანატოლი კლიანი უკვე მესამე რუსი ჟურნალისტია, რომელიც უკრაინის კრიზისმა შეიწირა. ჯერ არ დაუდგენიათ, ვინ გახსნა ცეცხლი, როცა რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი დონეცკში რეპორტაჟს ამზადებდა. თუმცა მოსკოვში უკვე გამოიტანეს დასკვნა...
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ტელეოპერატორ ანატოლი კლიანის დაღუპვა ცხადყოფს, რომ კიევი ძირს უთხრის აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამად მოქმედ ზავს. 68 წლის ანატოლი კლიანი დაიჭრა, როცა ტელევიზიის გადამღები ჯგუფი დონეცკის ოლქში კიევის მომხრე სამხედროების შენაერთთან მუშაობდა. როგორც უკვე ითქვა, უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი, რომელმაც ოპერატორის სიცოცხლე შეიწირა. ანატოლი კლიანი უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპული უკვე მესამე რუსი ჟურნალისტია. სულ კონფლიქტმა, ამჟამინდელი მონაცემებით, ხუთი ჟურნალისტი შეიწირა.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში, პუტინის აზრით, ზავის გაგრძელების აუცილებლობას... ხოლო როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ამ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის ამოქმედებასა და საზღვრის ეფექტიანი კონტროლის სწრაფად ამოქმედებაზე. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არიან იმუშაონ ორივე მხარის მიერ მძევლებისა და ტყვეების გასათავისუფლებლად.
ოთხი ლიდერის სატელეფონო საუბარი 29 ივნისსაც გაიმართა - ის მოჰყვა ცნობებს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის მორიგი შეტაკებების შესახებ. უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, შაბათ-კვირას ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
გუშინწინ ოთხი მოკლეს. ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? და ვის უნდა მოველაპარაკოთ? ვის? მოსკოვის წარმომადგენლებს? ...
ის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავაც არის მსხვერპლი ჯარისკაცების რიგებში, ბევრ უკრაინელში იწვევს ზავით უკმაყოფილებას. კვირას კიევში რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა მოითხოვა ზავის შეწყვეტა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მისულ დემონსტრანტებს შორის იყო იურიც: „ცალმხრივმა ზავმა მთელი კვირა ვერ მოიტანა შედეგები, გარდა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვისა. და დამატებით 72-საათიანი ზავიც ვერ მოიტანს შედეგებს. ეს გვაჩვენებს, რომ ტერორისტებს - ხალხს, რომელმაც ხელში იარაღი აიღო თავისი მიზნების მისაღწევად - შეიძლება ელაპარაკო მხოლოდ იმ ენაზე, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ და რომელიც მათ ესმით. და ეს არის ძალის ენა“, უთხრა კიევში გამართული დემონსტრაციის მონაწილე იურიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“.
ზავის გაგრძელებაში აზრს ვერც ვლადიმირი ხედავს: „პოროშენკომ ერთი კვირის წინ გამოაცხადა ზავი, ხომ? ამ დროის განმავლობაში 20 ადამიანი დაიღუპა. ზავი კიდევ სამი დღით გააგრძელა. გუშინ ხუთი კაცი მოგვიკლეს - ეს ბიჭები 25-25 წლისანიც კი არ იყვნენ... გუშინწინ ოთხი მოკლეს. ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? და ვის უნდა მოველაპარაკოთ? ვის? მოსკოვის წარმომადგენლებს?“
კიევში გამართული დემონსტრაციის მონაწილეები პრეზიდენტ პოროშენკოსაგან მოითხოვენ ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ტერორისტებთან საბრძოლველად მოხალისეებისათვის საკმარისი იარაღის დარიგებას და სოციალურ გარანტიებს ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში.