Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მეორე შანსი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად


როგორც დიდწილად მოსალოდნელი იყო, 10 ივნისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის. ამ ეტაპზე საქართველოს ერთადერთი იმედი 20 ივნისის შეხვედრას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. საბჭოს სხდომას, რომლის დღის წესრიგშიც საქართველოს საკითხი პარტნიორი ქვეყნების მინისტრების მოთხოვნით შევიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი გაუძღვება. ეს ფაქტი გარკვეულწილად იმედისმომცემია საქართველოსთვის. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის – გერმანიის – გადარწმუნებას განაგრძობენ.

10 ივნისს ლუქსემბურგში, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს ფორმატში შეკრებილი მინისტრები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, საქართველოს იმედი, რომელიც ისედაც ძაფზე ეკიდა, თითქმის სრულიად გააქრო გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ემილი ჰაბერის კომენტარმა. შეხვედრის დაწყებამდე წარმოთქმულმა მისმა სიტყვებმა ცხადყო, რომ წინასწარი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭება-არმინიჭების საკითხი კვლავაც „შეჩერების მექანიზმის“ გამარტივებული ვარიანტის მიღებას ელოდება, ეს კი არცთუ მცირე დროს მოითხოვს. ემილი ჰაბერმა საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა:

„გეთანხმებით, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ შესაბამისი ზომების მიღებას, თუკი მასობრივად გამოვლინდება უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების ფაქტები“.

ამ კომენტარის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ 10 ივნისს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმაც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) მსგავსად.

გადაწყვეტილების მიღების გადავადება შეარყევს ჩვენს ავტორიტეტს და შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაზე როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ სხვა ქვეყნებში.

ახლა საქართველოს ერთადერთი იმედი 20 ივნისის შეხვედრას უკავშირდება და ამ შანსის თაობაზე 9 ივნისს გახდა ცნობილი, როდესაც გამოქვეყნდა ევროკავშირის წევრი 5 ქვეყნის მინისტრების წერილი. ხუთშაბათს გამოქვეყნებული წერილით ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინისა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – ნიდერლანდის – საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს. ტექსტში ხაზგასმულია იმედი, რომ თუკი 10 ივნისს ვერ მოხერხდება, საქართველო 20 ივნისის შეხვედრაზე მაინც მიიღებს უვიზო მიმოსვლის უფლებას.

მათი მოთხოვნის გათვალისწინებისთვის, რომ საქართველოს საკითხი 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე იქნეს განხილული, 5 ქვეყნის მინისტრები მადლობას უხდიან უშუალოდ ფედერიკა მოგერინის, რომელიც გაუძღვება კიდეც ამ შეხვედრას.

„გადაწყვეტილების მიღების გადავადება შეარყევს ჩვენს ავტორიტეტს და შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაზე როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნავენ ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი, ბულგარელი და რუმინელი მინისტრები.

ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გადაწყვეტილება გარკვეული დათქმით მიიღონ, ანუ დასახელდეს თარიღი, რომლის შემდეგაც შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, რათა აღარ მოუწიოს საქართველოს „შეჩერების მექანიზმის“ ლოდინი, და როდესაც მიიღებენ „შეჩერების მექანიზმს“, ავტომატურად ამოქმედდეს მიღებული გადაწყვეტილება...
ვანო ჩხიკვაძე

„იმის გამო, რომ ფედერიკა მოგერინი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც არის, ხოლო ევროკომისია (2015 წლის 18 დეკემბრის ანგარიშზე დაყრდნობით) უპირობოდ უჭერს მხარსუვიზო მიმოსვლას საქართველოსთან და სწორედ ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება ევროკავშირის საბჭოში, ფედერიკა მოგერინი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კონსენსუსზე და შეეცდება თავისი პოზიციის გამოყენებას დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს იქნება მოგერინის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის, კონკრეტული წარმატება. ამიტომ ეს მის ინტერესშიცაა“, – ამბობს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იქვე იხსენებს ფედერიკა მოგერინის მიერ თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს წარმოთქმულ სიტყვებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება არჩევნებამდე.

უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ სადავო საკითხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვანო ჩხიკვაძე ერთადერთ გამოსავალს ხედავს:

„ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გადაწყვეტილება გარკვეული დათქმით მიიღონ, ანუ დასახელდეს თარიღი, რომლის შემდეგაც შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, რათა აღარ მოუწიოს საქართველოს „შეჩერების მექანიზმის“ ლოდინი, და როდესაც მიიღებენ „შეჩერების მექანიზმს“, ავტომატურად ამოქმედდეს მიღებული გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, ამის გაკეთებას ცდილობენ და რამდენად შეძლებენ, ამის თქმა ძნელია“.

სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ვანო ჩხიკვაძეც ფიქრობს, რომ ჯერ ისევ არის დრო სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისამდე დარჩენილი 5 სამუშაო დღე მაქსიმალურად შედეგიანად უნდა გამოიყენოს.

აქტიური მუშაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ბოლო დღეებში სტრასბურგსა და ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს:

„არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, არც ერთ ევროპულ სტრუქტურაში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, შეასრულა თუ არა საქართველომ ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით. ფაქტიურად, ჩემთან შეხვედრის დროს ყველა პოლიტიკოსი აღნიშნავდა და ამბობდა ფრაზას – თქვენ შეასრულეთ ყველა მოთხოვნა... ამასთან ერთად, ევროპული პოლიტიკა არის რთული და კომპლექსური პროცესი და ამ პროცესს კიდევ სჭირდება დრო, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიღებული... ვიმუშავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ზაფხულში მოხდეს, რაც სასურველია და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, რომ ეს მოხდეს არჩევნებამდე“.

იმის გამო, რომ გერმანია ყველაზე სკეპტიკურად არის განწყობილი, საქართველოდან ძირითადი ყურადღება სწორედ მისკენ არის მიპყრობილი. წინასწარი ინფორმაციით, გერმანიაში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 8-10 ივნისს სწორედ გერმანიაში მართავდა შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისს ბერლინში შედგება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG