Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ვალენბერგის საქმე: მარათონი გრძელდება


რაულ ვალენბერგის მემორიალური დაფა მოსკოვში
რაულ ვალენბერგის მემორიალური დაფა მოსკოვში

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც ათასობით ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრას. ის დიპლომატი იყო და თვითონაც გადაურჩა ნაცისტებს, მაგრამ ომის ბოლოს საბჭოთა უშიშროების სამსახურის ტყვედ ჩავარდა. რა ბედი ეწია ამის შემდეგ, ბურუსით არის მოცული. ეს კაცი იყო შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი და მის სახელს უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში გმირობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია, ისევე როგორც საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება. ამ თვეში კვლავ წარუმატებლად დასრულდა რაულ ვალენბერგის ტრაგიკულ ბედზე საბჭოთა არქივებში დაცული ინფორმაციის მოპოვების მცდელობა...

სექტემბერში რუსეთის სასამართლომ უარყო რაულ ვალენბერგის ნათესავების სარჩელი მის გარდაცვალებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის მისაღებად. მოსკოვში მეშჩანსკის საოლქო სასამართლომ გაიზიარა უშიშროების ფედერალური სამსახურის არგუმენტი, რომ დოკუმენტების გაცემა ხელყოფდა მათში მოხსენიებული სხვა ადამიანების პირად სფეროს. ნათესავების ადვოკატები აპირებენ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ადვოკატი ივან პავლოვი „უკანონოსა და ცინიკურს“ უწოდებს. როგორც ის ამბობს, ისტორიული სიმართლის ძებნასთან დაკავშირებული საქმეები „სპრინტი კი არა, მარათონია“ და დაცვის მხარე კარგად მოემზადა „გრძელი დისტანციისათვის“, საჭიროების შემთხვევაში, საქმის ადამიანის უფლებათა ევროპის სასასამართლომდე მისატანადაც.

რაულ ვალენბერგის ბიუსტი მოსკოვში
რაულ ვალენბერგის ბიუსტი მოსკოვში

რაულ ვალენბერგის ტრაგიკული ბედისათვის სინათლის მოფენის მცდელობა მართლაც რომ მარათონად იქცა! დიპლომატი მეორე მსოფლიო ომის დროს შვედეთის საგანგებო წარმომადგენელი იყო უნგრეთში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოკავშირეებს მიეკუთვნებოდა, 1944 წელს მაინც იქნა ოკუპირებული ნაცისტების მიერ. მომდევნო წლის განმალობაში, ქვეყანაში მცხოვრები თითქმის ყველა ებრაელი დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში დაამწყვდიეს. ამ უკიდურესად მძიმე ვითარებაში ვალენბერგმა ათიათასობით უნგრელი ებრაელის გადარჩენა შეძლო: მათ პასპორტებს ურიგებდა და შვედეთის დიპლომატიურ შენობებში მალავდა. 1945 წელს - მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში წითელი არმია შევიდა - ვალენბერგი მძღოლთან, ვილმოშ ლანგფელდერთან ერთად დააკავეს კაგებეს თანამშრომლებმა. ეს მოხდა 17 იანვარს. ორივე მოსკოვში წაიყვანეს. მაგრამ რა მოხდა ამის მერე?

1957 წელს საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა, რომ რაულ ვალენბერგი „გულის შეტევით“ გარდაიცვალა მოსკოვში, ლიუბიანკის ციხეში ჯერ კიდევ 1947 წლის 17 ივლისს. გვამს, ასევე საბჭოთა ვერსიით, კრემაცია ჩაუტარდა - სიკვდილის მიზეზის დასადგენად გაკვეთის გარეშე. მოსკოვის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან კიდევ სამი ათწლეულის შემდეგ, 1989-ში, საბჭოთა კავშირმა შვედეთს გადასცა რაულ ვალენბერგის პასპორტი და პირადი ნივთები, რომლებიც, მოსკოვის განმარტებით, სარდაფის რემონტის დროს იპოვეს.

მაგრამ 90-იან წლებამდე დადიოდა ხმები, რომ რაულ ვალენბერგი ჯერ კიდევ ცოცხალია და ერთ-ერთ საბჭოთა ციხეში იმყოფება. კანადელმა ადვოკატმა ირვინ კოტლერმა 1990 წელს გაავრცელა ორი ადამიანისაგან მოსმენილი ამბავი: ვალენბერგი ციხეში ვნახეთ 1987 წლის ნოემბერშიო. მაშინ კოტლერი მონაწილეობდა ვალენბერგის საქმის საერთაშორისო გამოძიებაში და მას უშიშროების სამსახურის სტალინის დროინდელი დოკუმენტების გადაცემას დაჰპირდნენ. ეს დაპირება არ შესრულებულა. 90-იან წლებში - სანამ მიმდინარეობდა კაგებეს გარდაქმნა უშიშროების ფედერალურ სამსახურად და საბჭოთა არქივებიდან შედარებით იოლად გასცემდნენ ინფორმაციას - ვალენბერგის ნათესავებმა მოიპოვეს ზოგი დამატებითი დოკუმენტი. მათ შორის იყო ინკოგნიტო დაკავებულის, „მე-7 ნომრად“ წოდებული პირის დაკითხვის ოქმი. „მე-7 ნომერმა“ იმის გამო მიიქცია ყურადღება, რომ მისი დაკითხვის დღესვე იქნა დაკითხული ვალენბერგის მძღოლი, ვილმოშ ლანგფელდერი. ეს დაკითხვა 23 ივლისს ჩატარდა - ვალენბერგის სიკვდილის ოფიციალური თარიღიდან ექვსი დღის შემდეგ! ამის გამო შვედი დიპლომატის ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ მან უფრო დიდხანს იცოცხლა, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰქონდა გამოცხადებული.

შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი
შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი

რაულ ვალენბერგის ბიოგრაფიის მკვლევრის, ვადიმ ბირშტეინის განმარტებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურს უკვე აქვს გაცემული, ასლებია - არასრულყოფილი და ცენზურაგავლილი მასალა. წელს მარტში ვალენბერგის ნათესავებმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს მოსთხოვეს სწორედ ორიგინალები, კერძოდ, ლუბიანკისა და ლეფერტოვოს ციხეების 1945-47 წლების დოკუმენტების ორიგინალები, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, უარი მიიღეს. და რახან მოსკოვში სასამართლომ დაადგინა, რომ დოკუმენტების გაცემა ხელყოფდა მათში მოხსენიებული სხვა ადამიანების პირად სფეროს, ვალენბერგის ნათესავებს ახლა ურჩევენ, დაელოდონ გარდაცვალებიდან 75-წლიანი ვადის გასვლას.

ადვოკატ ივან პავლოვს უკვე გამოთვლილი აქვს, რომ პირადი სფეროს დაცვის ვალდებულება 2020-2022 წლამდე პერიოდში ამოიწურება, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური არც მერე გაასაჯაროვებს ინფორმაციას რაულ ვალენბერგის ბედზე: რამე ახალ მიზეზს მოიგონებს.

მიზეზი? უშიშროების ფედერალური სამსახურისა და მთავრობის პოზიციაა, პავლოვის აზრით, არასოდეს არაფერი გაამხილონ, საიდუმლოებით მოცული დატოვონ მთელი ინფორმაცია, რაც რუსეთში ხალხის ისტორიულ მეხსიერებას უკავშირდება, რადგან ცოტაც რომ გაამჟღავნო, ხალხი მეტის გაგებას მოითხოვს და საბოლოოდ ყველა არქივის გახსნა მოგიწევს! რაულ ვალენბერგის ნათესავების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება რუსეთის უშიშროების სამსახურს არ სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG