Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისის საქმეზე ნინო ბურჯანაძე მოწმედ დაკითხეს


3 თებერვალს საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, ჩვენება ნინო ბურჯანაძემ მისცა. მოწმის სახით დაბარებულმა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა 26 მაისის აქციის დაშლის ფაქტს „სადამსჯელო ღონისძიება უწოდა“ და განაცხადა, რომ მის მიერ მიწოდებული ობიექტური ინფორმაცია სასამართლოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანაში დაეხმარება. მერაბიშვილმა კი ბურჯანაძეს 2007 წლის 7 ნოემბერი გაახსენა და თქვა, რომ მაშინ აქციის დაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბურჯანაძის მეუღლე, მაშინდელი სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბადრი ბიწაძე იყო. 3 თებერვლის სხდომაზე მოწმედ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაიკითხა, რომელმაც სასამართლოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგის დაშლის გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

26 მაისის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ნინო ბურჯანაძის მოწმის სახით დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილის გვერდით ბრალდებულის სკამზე მიხეილ სააკაშვილიც უნდა იჯდეს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც პარტიას, პასუხი მოეკითხოს:

„ყველა იმ დანაშაულში, რომელზეც დღეს იყო საუბარი, უმთავრესი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. ვფიქრობ, აუცილებლად მომიწევს ამ სასამართლოში მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, როდესაც სააკაშვილი განსასჯელის სკამზე იჯდება“.

2009 წლის 26 მაისი, როდესაც აღლუმი არ ჩატარებულა თბილისში სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ რუსთაველის გამზირი მომიტინგეებს ეკავათ და ამის მაგალითი იყო 2012 წლის 26 მაისიც...
ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს არ სჭირდებოდათ არანაირი სანქცია, რადგან, მისი სიტყვებით, საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს მოქალაქეთა მხრიდან არანაირ ვალდებულებას, რომ ისინი სანქცირებულ მიტინგში იღებდნენ მონაწილეობას. მისივე შეფასებით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა:

„ამის მაგალითები კი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთია: მაგალითად, 2009 წლის 26 მაისი, როდესაც აღლუმი არ ჩატარებულა თბილისში სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ რუსთაველის გამზირი მომიტინგეებს ეკავათ და ამის მაგალითი იყო 2012 წლის 26 მაისიც, როდესაც აღლუმი ცინიკურად გადაიტანეს ქუთაისში“.

მერაბიშვილის ადვოკატების კითხვაზე, თუ რა მიზნით ურიგებდნენ აქციის მონაწილეებს პლასტმასის ხელკეტებსა და ფარებს და ჰქონდათ თუ არა მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ასე უპასუხა:

„ეს არ იყო ხელკეტები, არამედ დროშები. რაც შეეხება ფარებს, ეს ასევე არ ყოფილა ფარები, ეს იყო ტრანსპარანტები, რომლებზეც ეწერა: „მიშა, წადი“. არც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების ფაქტები დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, უნდა ითქვას, რომ ჩემი ესკორტის მძღოლებს სთხოვდნენ ეთქვათ, რომ ჩემი შვილი იჯდა საჭესთან, როდესაც პოლიციელი დაიღუპა. და როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, ისე დააინვალიდეს ხალხი, რომ ერთ-ერთ მათგანს ცემისგან არც ერთი კბილი აღარ შეარჩინეს. ეს ადამიანი დღემდე მკურნალობს“.

ეს ადამიანი, ყველა მისი ნაბიჯით, მომართული იყო ძალადობისა და სისხლისღვრისკენ 26 მაისს და არც ერთი შესაძლებლობა არ გამოიყენა თავიდან აეცილებინა ძალადობა და ეს დღესაც კარგად გამოჩნდა, იმდენად წინააღმდეგობრივი იყო მისი განცხადებები...
გიგა ბოკერია
ნინო ბურჯანაძეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ ვისი თხოვნით ჩავიდა მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო და, საჭიროების შემთხვევაში, პუტინს კვლავაც შეხვდება: “მე ვაპირებდი კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მე მჭირდებოდა ზუსტად მცოდნოდა, რას შემიძლია შევპირდე მე საკუთარ ხალხს“.

თავად ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მის დაცვას ძალიან გამოადგება ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენება. მერაბიშვილმა ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის ფაქტი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ნინო ბურჯანაძის მეუღლე, მაშინდელი სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბადრი ბიწაძე:

„ის იყო ერთ-ერთი, ვისი ინიციატივაც იყო 7 ნოემბრის მიტინგის დაშლა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა“.

ნინო ბურჯანაძის გამოსვლას „ცინიზმით სავსე პოლიტიკური ლექცია“ უწოდა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა და მერაბიშვილის თანაგუნდელმა გიგა ბოკერიამ. ეს იყო ლექცია ადამიანისა, რომელიც საქართველოს მტრებს ღიად შეეკრა, განაცხადა ბოკერიამ:

ეს არის დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცეს ისეთი ჩვენებები...
გიორგი ჩივიაშვილი
„ეს ადამიანი, ყველა მისი ნაბიჯით, მომართული იყო ძალადობისა და სისხლისღვრისკენ 26 მაისს და არც ერთი შესაძლებლობა არ გამოიყენა თავიდან აეცილებინა ძალადობა და ეს დღესაც კარგად გამოჩნდა, იმდენად წინააღმდეგობრივი იყო მისი განცხადებები“.

მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით კი, ბრალდება უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაკითხვაზე გადავიდა:

„ბურჯანაძე მოწმედ მოგვევლინა გირგვლიანის საქმეშიც. ეს არის დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცეს ისეთი ჩვენებები, რომლებიც მათთვის ხელსაყრელი იქნება, მაგრამ ვერაფერს ისეთს ვერ იტყვიან, რაც არ ყოფილა“.

ბრალდების მხარემ კი 3 თებერვალს განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მოწმეების დახმარებით ისინი დაამტკიცებენ, რომ 2011 წელს 26 მაისის აქცია სწორედ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაშალეს: „დაკითხული მოწმეები პირდაპირ დაადასტურებენ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობას“, - თქვა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით. ეს დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 თებერვალს, სასამართლო სხდომის პარალელურად, ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოშიც, სადაც ერთმანეთს ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციის წევრები და პროცესზე მოწმის სტატუსით მისული ნინო ბურჯანაძის მომხრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მერაბიშვილის მხარდამჭერი „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებს ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით „ნინო ბურჯანაძე - „გრუ“-ს აგენტი“, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები გირშელ ბართაია და სალომე მახარაშვილი კი აცხადებდნენ, რომ ისინი სასამართლოში ნინო ბურჯანაძის მოწმედ დაკითხვის ფაქტს აპროტესტებდნენ და რომ ბურჯანაძეს არ ჰქონდა სასამართლოზე მისვლის მორალური უფლება. ბურჯანაძის მომხრეები კი, თავის მხრივ, ამბობდნენ, რომ ისინი მერაბიშვილის მომხრეთა პროვოკაციის მსხვერლნი აღმოჩნდნენ.
3 თებერვალს 26 მაისის აქციის დაშლის საკითხზე სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მაშინდელი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაკითხა. ჯანაშვილის სიტყვებით, მიტინგის დაშლას წინ უსწრებდა ვანო მერაბიშვილთან თათბირი, სადაც გაიცა ბრძანება, რომ აქციის დაშლის პარალელურად რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაეკავებინათ, რათა ხალხი უკან, აქციაზე, აღარ მიბრუნებულიყო და, შესაბამისად, აღლუმის გამართვაში ხელი არ შეეშალათ. ჯანაშვილმა სასამართლოზე ასევე განაცხადა, რომ ამ თათბირზე მერაბიშვილს გაზის გამოყენების ან ძალის გადამეტების ბრძანება არ გაუცია.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შალვა ჯანაშვილის დაკითხვის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესი დატოვა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG