Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სია იმ რუსული კომპანიებისა და სპეცსამსახურების, რომლებიც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამო, აშშ-ის საკანომდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის თანახმად, ახალი სანქციების ქვეშ მოექცევიან. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა შესაბამისი დოკუმენტის ასლი და თანდართული სახელმძღვანელო, რომელშიც ფიგურირებენ რუსეთის 6 სადაზვერვო უწყება და 33 სამხედრო-სამრეწველო კომპანია, მათ შორის კარგად ცნობილი „კალაშნიკოვის“ საწარმო, სუხოისა და ტუპოლევის საავიაციო ქარხნები და იარაღის ექსპორტიორი „როსაბარონექსპორტი“. გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესისათვის გაგზავნილი ახალი სანქციების სიის გამოქვეყნების შემდეგ ამერიკელ ბიზნესმენებსა და უცხოეთის ქვეყნებს სამი თვის ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ მიზანში ამოღებულ რუსეთის კომპანიებსა და კერძო პირებთან თანამშრომლობა შეწყვიტონ.

ზემოხსენებული პუბლიკაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ სანქციები ავტომატურად ყველა კომპანიაზე არ გავრცელდება, მაშინ როცა ზოგიერთი სპეცსამსახური - მაგალითად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სამხედრო დაზვერვის სამმართველო (გრუ) - უკვე სანქციების ქვეშ იმყოფება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა აღნიშნა, სია საჯარო რამდენიმე დღეში გახდება, მანამდე კი, ყოველგვარი გართულების თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის კომპანიებს მიეცემათ დრო იმისათვის, რომ შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სანქციათა „შავ სიაში“ შეტანილ კომპანიებსა და კერძო პირებთან.

„სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსნმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც კონგრესს გადაეგზავნ დასამტკიცებლად“, - განაცხადა 26 ოქტომბერს ნოიერტმა, რომლის თანახმად, კონგრესის გარდა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიებმა და მათმა აქციონერებმაც მიიღეს ინფორმაცია სანქციების სამიზნე რუსული კომპანიებისა და სააგენტოების შესახებ.

სანქციების შესახებ ახალი კანონი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უხალისოდ მოაწერა ხელი აგვისტოში, სანქციებს უწესებს ნებისმიერ ფირმასა თუ კერძო პირს, რომელიც საგნობრივ ბიზნესურთიერთობაში იქნება რუსეთის თავდაცვისა და სადაზვერვო სექტორთან, თუმცა კანონი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირველ რიგში ავალდებულებდა მოეხდინა იდენტიფიცირება და 1 ოქტომბრამდე მიეწოდებინა კონგრესისათვის სია იმ კომპანიების და ჯგუფებისა, რომლებიც რუსეთის შესაბამის სექტორთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეულნი.

როგორც ირკვევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ვადები ვერ დაიცვა, რის გამოც ამერიკელმა კანონმდებლებმა საკითხის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც, მათი აზრით, ეწინააღმდეგებოდა სანქციების კანონის ზოგიერთ დებულებას. კრიტიკოსთა შორის იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ბობ კოკერი, რომელიც მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 26 ოქტომბერს კონგრესისათვის სიისა და სახელმძღვანელოს გაგზავნას და განაცხადა, რომ „ეს არის კარგი პირველი ნაბიჯი კანონმდებლობის ძალიან რთული ნაწილის პასუხისმგებლობით განხორციელების გზაზე“. აღნიშნულ ქმედებას ადმინისტრაციის მხრიდან „სწორი მიმართულებით“ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს ერთობლივ განცხადებაში სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა ბენ კარდინმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსნმა სანქციების შესახებ ხელმოწერილი განკარგულების კონგრესში გაგზავნის დაყოვნების ერთადერთ მიზეზად დაასახელა იმ ამერიკელი ბიზნესმენებისა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოების ინტერესები, რომლებიც შესაძლოა დაზარალებულიყვნენ იმის გამო, რომ თავის დროზე საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის სექტორთან

მაგალითად, თურქეთმა, რომელიც აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეა, ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა გარიგებას რუსეთისაგან ს-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის შეძენის თაობაზე. ვაშინგტონის კიდევ ერთმა მოკავშირემ, საუდის არაბეთმა, ასევე მოაწერა ხელი რიგ კონტრაქტებს რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვის თაობაზე.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს მოკავშირეებთან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საკითხში ერთობლივი მიდგომის შესამუშავებლად.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის დეკემბერში სანქციები დაუწესა უწყებებსა და კერძო პირებს, რომლებიც რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვისა და უშიშროების ფედერალურ სამსახურებთან არიან კავშირში.

ვაშინგტონმა უფრო ადრე, 2014 წელსაც, შემოიღო ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. სანქციების ქვეშ მოექცა ყველა ის კომპანია და კერძო პირი, რომელიც თანამშრომლობს ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციასა ან საბანკო-საფინანსო სექტორთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის, თანახმად, როდესაც კონგრესისათვის გაგზავნილი ახალი სანქციების სია გამოქვეყნდება, ამერიკელ ბიზნესმენებსა და უცხოეთის ქვეყნებს სამი თვის ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ მიზანში ამოღებულ რუსეთის კომპანიებსა და კერძო პირებთან თანამშრომლობა შეწყვიტონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG