Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირა რჩება


553 ხმით (66-ის წინააღმდეგ) 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის. ხუთშაბათს, პლენარულ სესიაზე, დებატების ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა, რომ 2 თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის და რომ ვიზების გაუქმება კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს. სხდომათა დარბაზში გაისმა სულ რამდენიმე უარყოფითი შეფასება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ სტუმრობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში?

გადმოწერა

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის“ - ეს სიტყვები სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებელს, ბულგარელ ევროპარლამენტარ მარია გაბრიელს ეკუთვნის. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სწორედ მან გახსნა 2 თებერვლის დებატები, რომელიც საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციას შეეხებოდა. ითქვა, რომ საქართველო, რომელმაც აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა შეასრულა, უკვე დიდი ხანია ელოდება ევროკავშირის დანაპირების აღსრულებას და რომ ახლა ეს დანაპირები, მართლაც, სრულდება. სავიზო ლიბერალიზაციის მიზანი ერთია: ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი - საქართველო - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს.

ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსიც. მანაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას უკვე დიდი ხანია ელოდებიან და რომ სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების შემდეგ - 2012 წლის ივნისის შემდეგ - საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა კონკრეტული მოთხოვნების პირნათლად შესრულების გზაზე. ამ პროცესში დიმიტრის ავრამოპულოსი მთავრობის დიდ ძალისხმევასა და მუყაით მუშაობას ხედავს. ხაზი ესმება სავიზო ლიბერალიზაციის კონკრეტულ სარგებელსა და საქართველოს მტკიცე ევროპულ ორიენტაციას:

"ისტორიული დღე"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

„სავიზო ლიბერალიზაცია შეიტანს არსებით წვლილს კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარებაში საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის, რადგანაც სავიზო ლიბერალიზაცია ხელშესახები მექანიზმია, რომელიც უშუალოდ ხალხს უკავშირდება. როცა მე პირველად ვესტუმრე თბილისს ევროკომისრის რანგში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავი დროშის ნახვამ ქალაქში. იქ ვნახე ევროკავშირის ბევრად მეტი დროშა, ვიდრე ბრიუსელში მინახავს. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ევროკავშირს ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ. და როცა ჩვენ აქ ვისმენთ ანტიევროპულ რიტორიკას, საქართველოს მოქალაქეები შეგვახსენებენ, რომ ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უნიკალური მიღწევაა“.

2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, თითქმის ერთსაათიანი დებატების ფარგლებში, გამოითქვა რამდენიმე ათეული დადებითი შეფასება საქართველოს პროგრესსა თუ უვიზო მიმოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით და, მათ შორის, სკეპტიკოსად მიჩნეული ქვეყნების - საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლების მხრიდანაც. თუმცა იყო რამდენიმე უარყოფითი შეფასებაც - ბრიტანეთის, საბერძნეთისა და ჰოლანდიის წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმა, გაზეთ „რეზონანსის“ სტატიის მოხსენიებით, საქართველო ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტების სატრანზიტო ქვეყნად დაასახელა, ხოლო ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, ვიკი მაიერმა, საკითხი ორგანიზებული დანაშაულის ჭრილში განიხილა:

”ბრიუსელის მიერ ინიცირებული სავიზო ლიბერალიზაცია უკავშირდება ქვეყანას, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ევროპას. ჩვენ ისედაც განვიცდით სერიოზულ კრიზისს და ახლა დამატებით ვუხსნით კარს ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ არ გვჭირდება სავიზო ლიბერალიზაცია ასეთ სიტუაციაში, რადგანაც ეს ორგანიზებულ დანაშაულს მოიზიდავს. მხოლოდ გასულ წელს გერმანიაში აღირიცხა 8 ათასი ქართველი დამნაშავე... როდესაც ხალხი ჩამოდის ევროკავშირში, ჩვენ საფრთხეებზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი პარტია (Europe of Nations and Freedom Group) მხარს უჭერს უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამიტომ ჩვენ ვეწინაღმდეგებით სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის“.

გამოკითხვა უვიზო მიმოსვლის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00
მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში...
ირაკლი კობახიძე

აშკარა იყო, რომ რამდენიმე დეპუტატის კრიტიკული გამოსვლა არაფრად ჩათვალა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ფართო კონსენსუსი“ არსებობს და კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპარლამენტარებს, რომ საშიში აბსოლუტურად არაფერია, რადგან მონიტორინგი გაგრძელდება და თუკი პრობლემები იჩენს თავს, თავის დასაზღვევად შესაძლებელი იქნება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. სხვათა შორის, სწორედ სწრაფი შეჩერების მექანიზმის საკითხთან მიბმის გამო თითქმის ერთი წლით შეფერხდა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაგვირგვინება და ამის გამო 2 თებერვლის სხდომაზე ევროკავშირის მისამართით მწვავე საყვედური გამოთქვა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ანდრიას მამიკინსმა. საყურადღებოა, რომ ხსენებული მექანიზმი მანამდეც იყო ევროკავშირის კანონმდებლობაში, თუმცა, მიგრანტთა კრიზისის გათვალისწინებით, ბრიუსელში საჭიროდ ჩათვალეს თავის დაზღვევა და ამ მექანიზმის კიდევ უფრო გამარტივება. მოკლედ რომ ვთქვათ, „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას. წინააღმდეგობებით აღსავსე დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავდაპირველი ხანგრძლივობა 9 თვე იქნება.

2 თებერვალს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის კენჭისყრის პროცესს ესწრებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ეს საქართველოს მოქალაქეების უცვლელი მტკიცე სურვილის დამსახურებაა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დამსახურებებსა და პერსპექტივებზე განცხადებები გაკეთდა თბილისშიც. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 2 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სარგებელი სრულად იქნას გამოყენებული, საქართველოს მოქალაქეებსაც შესაბამისი ქცევა მოეთხოვებათ:

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ისინი გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა, მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება“.

რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, ამ მხრივ იმედები მარტს უკავშირდება. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, ევროპარლამენტი საბოლოოდ, სავარაუდოდ, თებერვლის შუ რიცხვებში დაამტკიცებს „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“, რომელთანაც მიბმულია სავიზო ლიბერალიზაცია და ევროკავშირის ეს ორი გადაწყვეტილება ერთად ამოქმედდება წმინდა ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ. რიკარდ იოზვიაკი ყურადღებას ამახვილებს მარია გაბრიელის პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას მარტის ბოლომდე აუცილებლად შეძლებენ.

ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG