Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და მთავარი პროკურორის კვირა


ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე
პარასკევს ბათუმი მასპინძლობდა მე-10 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით ”საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც განიხილებოდა ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. მისასალმებელი გამოსვლა მან, ასე ვთქვათ, 2 მითის ნგრევის მოწოდებით დაიწყო. შტეფან ფიულე მითს უწოდებს გავრცელებულ აზრს, თითქოს ძალიან დაბალი იყოს საქართველოს წარმატების შანსი ვილნიუსის სამიტზე, რადგანაც, თითქოს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა აღარ მისდევდეს მანამდე განსაზღვრულ პროევროპულ, პროდემოკრატიულ და პრორეფორმისტულ ორიენტაციას. ევროკომისარი ამბობს, რომ ეს მითი არც ევროკავშირის შეფასებებს ასახავს და არც საქართველოსთან დაკავშირებულ რეალობას.

შტეფან ფიულეს განმარტებით, ასევე მითია აზრი, თითქოს ევროკავშირისთვის სულერთი იყოს, როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება წარსულის მემკვიდრეობას. ”ჩვენ ამგვარი მოვლენების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპაში”, - აცხადებს ევროკომისარი და თავის გამოსვლაში სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს:

”არავინ დგას კანონზე მაღლა და ნებისმიერი ჩადენილი დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მართლმსაჯულების პოლიტიზება და რომელიმე მხარის მიერ მისი იარაღად გამოყენება პოლიტიკური ზრახვებისა თუ შურისძიებისთვის. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი და აპოლიტიკური გზით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით”.

დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევისა და რეკომენდაციის მიუხედავად, შტეფან ფიულემ 12 ივლისს გამოხატა კმაყოფილება იმით, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და რომ უკვე შესაძლებელია შეთანხმების საბოლოო სახით მომზადება და მისი შინაარსის ხალხისთვის გაცნობა:

”ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დასრულებასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით. მჯერა, რომ ეს დიდი პერსპექტივების მქონე შეთანხმება მოიტანს საგრძნობ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის და იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის გარდაქმნის პროცესში”.

მაშინ, როცა ევროკომისარი ფიულე ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს შანსების არსებობას უსვამდა ხაზს, დროის თითქმის იმავე მონაკვეთში მოლდავეთში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი ამ შანსების არარსებობაზე ლაპარაკობდა:

”2 წლის წინ ჯერ კიდევ ყველა თვლიდა, რომ მოლდოვასთან ერთად ჩვენ არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს ვილნიუსში, არამედ მივიღებდით ასევე დეკლარაციას ევროპულ პერსპექტივაზე ჩვენი ორი ქვეყნის, რომ მომავალში შეიძლებოდა პოტენციურად გავმხდარიყავით ევროკავშირის კანდიდატები. საუბედუროდ, ჩვენი შიდა ფაქტორების გამო, არა მხოლოდ ამ მეორე პერსპექტივის მიღების საკითხია მოხსნილი დღის წესრიგიდან, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაც მოხსნილია დღის წესრიგიდან”.

ხელმოწერა ისედაც არ იყო დაგეგმილი ვილნიუსის სამიტზე - განმარტავენ საქართველოს მთავრობაში, სადაც მტკიცედ სჯერათ, რომ ვილნიუსში აუცილებლად მოხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება და რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ლიდერების პოზიციისგან.

საქართველოს ხელთ არსებულ შანსებს გაფრთხილება რომ ესაჭიროება, ამასაც კარგად აცნობიერებენ და სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების შესატყვის სვლად განიხილავენ ანალიტოკოსები პრემიერ-მინისტრის 10 ივლისის სვლას. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც გაწერილი მოწოდებები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ ჩამონათვალშია მოწოდება პროკურატურისა და შს სამინისტროს მისამართით. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა, ”მკაფიოდ დასაბუთებული, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევის გარდა”, თავი უნდა შეიკავონ ”დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან”, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა პრემიერ-მინისტრმა იქვე ერთი განცხადებაც გააკეთა, რასაც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამომრჩეველთა დასამშვიდებელ განცხადებად მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილი გარკვევით მიანიშნებს, რომ ერთგვარი სამართლებრივი მორატორიუმი მხოლოდ ნოემბრამდე გაგრძელდება:

”ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლება”.

პრემიერ-მინისტრის მიმართვის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენეს ”ქართული ოცნების” პოლიტიკურმა ოპონენტებმა. მაგალითად, როგორც 10 ივლისს აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, ქვეყანაში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტები და შეუსრულებელ მოწოდებებთან დაკავშირებული გამოცდილება ვითარების გამოსწორების იმედს არ იძლევა.

”ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებზე, უმცირესობების წინააღმდეგ. მოძალადეები კი საერთოდ არ ისჯებიან ან ისჯებიან სიმბოლურად. ამ ფონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება პრობლემატური, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს. მე ვიმედოვნებ, რომ ამ განცხადებას რეალურად მოჰყვება ამ კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება საქმე ძალიან რთულ წინაასაარჩევო პროცესთან, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კვირა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სარბიელზე სადავო საკითხების სიმრავლით გამოირჩეოდა და ამ მხრივ საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. მთელი სიმწვავით დაისვა შეკითხვა, დაარღვია თუ არა მან კანონი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ და, საერთოდ, რამდენად გამართლებულია ადამიანთა წამებაში დადანაშაულებული პირის გათავისუფლება.

ყველაფერი 8 ივლისს დაიწყო, როცა საკითხისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება თავად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. საგანგებოდ გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ”არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის”.

”მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც, სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის 8 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ასეთი სამართლებრივი საშუალებები რომ არ არსებობს, ამის შესახებ მიმდინარე კვირაში არაერთხელ აღნიშნა თავად მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილმა ასევე ბევრჯერ გაიმეორა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი მას სრულ სამართლებრივ შესაძლებლობას აძლევს განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და ბრალდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება მოითხოვოს. მთავარი პროკურორის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ციხის სკანდალური კადრების ავტორის გათავისუფლების მორალურ მხარეს, მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ არსებობს არაერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც ვლადიმერ ბედუკაძეს გათავისუფლება ეკუთვნოდა. მთავარი არგუმენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანთა ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა შეწყდა:

”შეიძლება ითქვას, რომ ათასობით პატიმარი, რომელიც მომავალში დაექვემდებარებოდა იმგვარ ქმედებებს, რაც ვიდეომასალაშია გავრცელებული, გადარჩა და მათ მსგავსი ბედის გაზიარება აღარ მოუწევთ და აღარ უწევთ”.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის პოზიცია ”მაღალ მორალურ სტანდარტს” ეყრდნობა და ის პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ბედუკაძის შემთხვევაში ასეთი სტანდარტით მოქმედება სამართლიანი არ იქნებოდა.

”საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტია, რადგან ვინმე ბედუკაძეზე ახალი ხელისუფლება წყვეტს გამოძიებას, ხოლო საქართველოს რეალური გმირები სასამართლოს წინაშე თავს იმართლებენ”, - ამგვარი შეფასებით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას დაპატიმრების ფაქტს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 ივლისს შეუფარდა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. საქმე შეეხება პერიოდს, როდესაც თენგიზ გუნავა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა და მას სახელმწიფოს კუთვნილი 3000 ლიტრი საწვავისა და 49 500 ლარის მითვისება ედება ბრალად.

მიმოხილვის დასასრულს საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ შედეგებზეც მინდა შევჩერდე, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 12 ივლისს გამოაქვეყნა - გამოაქვეყნა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენების მიმართ საზოგადოების განწყობას ასახავს. კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ასახავს, ორგანიზაცია 15 ივლისს გამოაქვეყნებს.

გამოკითხვა 12-დან 26 ივნისამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში 2 338 რესპონდენტი მონაწილეობდა. მარტში ჩატარებული ამავე ტიპის გამოკითხვასთან შედარებით, რიგ შემთხვევებში შედეგები გაუარესებულია. ასე მაგალითად, თუკი მარტში 58% თვლიდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო გამოკითხვაში ამავე განწყობის მქონეთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 45% შეადგინა. 13% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მარტში ანალოგიური მაჩვენებელი 8% იყო. ამავე გამოკითხვაში 62% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ხოლო 27% საპირისპირო აზრზეა. უცვლელია საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა ჩამონათვალი. ესენია: სამუშაო ადგილები (61%), ტერიტორიული მთლიანობა (34%) და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (30%).
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG