იგი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააპატიმრეს: „არ გრცხვენიათ?“ - მიმართა მან სამართალდამცავებს დაკავებისას.
- პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით.
- პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.
- მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
გია ბარამიძისთვის დაუსწრებლად 6,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს - უკრაინის მხარს ომში მონაწილეობისთვის.
„ღალატისთვის“
„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, - ამბობს გიორგი ბარამიძე თავისი მეუღლის ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში, სამართალდამცავების გარემოცვაში.
„არ გრცხვენიათ თქვენ, მაგას რომ მეუბნებით?“ - მიმართა მან პროკურატურის წარმომადგენლებს.
„არა“, - უპასუხა ერთ-ერთმა. „ჩვენ ვიძიებთ საქმეს“.
რამდენიმე წუთში პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადეს, - იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, - და სახლიდან წაიყვანეს.
რას ედავებოდნენ ბარამიძეს
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, - რაც აფხაზეთის ომისას ტყვეებს ეხებოდა, - გამოძიება პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით 7 აგვისტოს დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავდა, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა.
მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
პროკურატურა „ღალატის“ მუხლით დაკავებას ადასტურებს
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ განცხადება ხვიჩიას გადაცემაში ბარამიძის ნათქვამის გამო.
11 სექტემბერს 18:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბარამიძე „სამშობლოს ღალატის“/„საბოტაჟის“ მუხლით დააპატიმრეს.
„ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ბარამიძის განცხადებით „შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიისა და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის“.
„მოღალატე ივანიშვილის რეჟიმია“ - ენმ
გიორგი ბარამიძის დაპატიმრებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ მისი თანაპარტიელები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა:
„თუ ვინმე არის აგენტების, მოღალატეების პარტია, ეს ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“.
„წარმოიდგინეთ, ამ ხელისუფლების გენერალური პროკურორი, მთავარი ბრალმდებელი იყო ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ახლა უკრაინაში პუტინის მხარეს მებრძოლებს აგროვებს! თუ ვინმე არის ნამდვილად აგენტების, მოღალატეების პარტია, ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს მთავარი საფრთხე, ეს ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა ფარულავამ.
„ამ ქვეყნის პატრიოტს, გია ბარამიძეს, უყენებენ ბრალდებას აფხაზეთის ომის საკითხზე, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი განმარტება თავად გია ბარამიძემ გააკეთა, დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა იაგო ხვიჩიასთან, როდესაც მან გააკეთა განცხადება“, - თქვა პოლიტიკოსმა.
რა თქვა ბარამიძემ ტყვეებზე
„საქართველოს დაბადების“ 18 ივლისის გამოშვების იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა, ბარამიძემ ასეთი რამ თქვა:
„პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ ჩვენი, გაგრა რომ დაეცა, მეფარიშვილის ბატალიონი ერქვა, იბრძოლეს ბოლომდე ბიჭებმა. უბრალოდ, ტყვია-წამალი დაუმთავრდათ და 45 კაცი ჩავარდა ტყვედ.
ვთქვი, რომ წავალ სოხუმში და იქ ვიღაცას დავუკავშირდე „წითელი ჯვარის“ მეშვეობით, იქნება დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი "წითელი ჯვრის" დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში...
შევედი, ვთქვი: „გამარჯობა, გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი, გიპოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ...“
მისი ნათქვამის ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ, არ მოხვედრილა.
გადაცემის მიღმა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იწყება სიტყვებით, რომლებიც მანამდე ნათქვამის გაგრძელებაა:
„მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
ამ დროს გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ იკითხა: „რატომ?“
გიორგი ბარამიძემ მას უთხრა, რომ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“.
- წამყვანი: „რატომ იყო ეს აუცილებელი?“
- ბარამიძე: „აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია..."
- წამყვანი: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“
- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.
პოლიტიკოსები ციხეში
საქართველოში არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული, - რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებენ. მათ შორის:
- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - მრავალი ბრალდებით;
- ნიკა მელია („კოალიცია ცვლილებისთვის“/„ახალი“) - „მოსამართლის შეურაცხყოფისა“ და პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის;
- ელენე ხოშტარია („დროა“/„კოალიცია ცვლილებისთვის“) - თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის, „რუსული ოცნება“, გამო.
- ლევან ხაბეიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) - ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების ბრალდებით.
გარდა ამისა, 2025 წლის 6 ნოემბრიდან რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამჟამად განხილვები დროებით შეჩერებულია. თუმცა პოლიტიკოსებს კვლავ აქვთ ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
მეხუთე თავდაცვის მინისტრი პატიმრობაში
58 წლის გია ბარამიძე, - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგული მოკავშირე, - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა:
2003-04 წწ. - შინაგან საქმეთა მინისტრი;
2004 წელს - თავდაცვის მინისტრი;
2004-12 წწ. - ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
იგი მეხუთეა თავდაცვის ექსმინისტრებს შორის, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან. პატიმრობაში ასევე არიან ბაჩო ახალაია (4 ოქტომბრის საქმეზე), ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი წევრები ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე (კორუფციის ბრალდებებით).
ფორუმი