Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალიზაციიდან „სახალხო პრივატიზაციამდე“ - როგორ აპირებს კრემლი ხალხის 60 ტრილიონი რუბლის გამოყენებას?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი (ფოტოილუსტრაცია)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი (ფოტოილუსტრაცია)

რუსეთის ხელისუფლება კერძო ბიზნესს ომისგან დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, პარალელურად კი „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების საბანკო დანაზოგების ეკონომიკაში გადამისამართებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, ახალი წესები საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესს, ისე თავად ხელისუფლებას.

24 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების „დროებით მართვაში“ სახელმწიფოსათვის („როსიმუშესტვოსასათვის“) გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ მათი მფლობელი ობიექტების „სათანადო უსაფრთხოებას“, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან დაცვას, ვერ უზრუნველყოფს.

რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (РСПП) ხელმძღვანელმა ალექსანდრ შოხინმა კი რუსეთის ხელისუფლებას ახალი საინვესტიციო ციკლის დასაწყებად მორიგი „სახალხო პრივატიზაციის“ ჩატარება შესთავაზა. საუბარია ფიზიკური პირების საბანკო დეპოზიტებზე არსებული 60 ტრილიონი რუბლის (711,6 მლრდ დოლარი) ინვესტირებაზე კომპანიებში, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობამ კანონიერ მფლობელებს ჩამოართვა.

პუტინის განკარგულება - ნაციონალიზაციაზე უარესი?!

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ კვლავ უარყოფენ იმ სერიოზულ ზიანს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთსა და მის ეკონომიკას აყენებს. თუმცა ეს საკითხი არაერთხელ განხილულა როგორც სახელმწიფო დუმაში, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან პუტინის დახურულ შეხვედრებზე. ომით გამოწვეულ რეალურ ზარალზე მიუთითებს რუსეთის ყველა დონის ბიუჯეტის დეფიციტი და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება: გადასახადების ამოღების მაჩვენებლის კლება, მოქმედი კომპანიების რაოდენობის შემცირება და ინვესტიციების მოცულობის დაცემა.

რუსეთისთვის ეკონომიკისთვის კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელია ბანკებიდან კაპიტალის „გადინების“ ტენდენცია: 2026 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან 15 მილიარდ დოლარზე მეტი გაიტანეს იმის შიშით, რომ სახელმწიფომ შესაძლოა ეს თანხები არმიის საჭიროებებისთვის ჩამოართვას ან „გაყინოს“.

საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და ფიზიკურ პირთა ანაბრების კონფისკაციისა თუ გაყინვის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, გამოცემა РБК-მა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელს, ალექსანდრ შოხინს ჰკითხა, სად შეიძლება მოიძებნოს ფული რუსეთის ეკონომიკის ზრდისა და ინვესტიციებისთვის. შოხინმა, რომელსაც მსხვილი ბიზნესის მთავარ ლობისტად მიიჩნევენ, განაცხადა, რომ ეკონომიკაში საინვესტიციო ციკლის დასაწყებად შეიძლება ჩატარდეს კომპანიების ახალი „სახალხო პრივატიზაცია“ - იმ კომპანიებისა, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ჩამოართვა მფლობელებს. საუბარია როგორც რუსეთიდან წასული უცხოურ კომპანიებზე, ისე იმ საწარმოებზე, რომლებიც რუს მფლობელებს, მაგალითად, უკრაინის მხარდაჭერის გამო ჩამოართვეს. შოხინმა რუსეთის მოქალაქეებს სწორედ ამ კომპანიების აქციებში ინვესტირება შესთავაზა და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის 60 ტრილიონი რუბლი, რომელიც მათ ბანკებში ანაბრებზე უდევთ.

ალექსანდრ შოხინი დ ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)
ალექსანდრ შოხინი დ ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)

„ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ დისპერსიული (გაფანტული) მფლობელობის მოდელზე, როდესაც აღარ იარსებებს განცდა, რომ ამა თუ იმ კომპანიის უკან დგას ოლიგარქი საკონტროლო პაკეტით ხელში. ამას ადრე „სახალხო კაპიტალიზმს“ უწოდებდნენ, ცოტა მოგვიანებით კი - „სახალხო პრივატიზაციას“. საჭიროა ეს აქტივები ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვების ერთგვარ უზრუნველყოფად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ალექსანდრ შოხინმა.

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველის, მაქსიმ ბლანტის თქმით, „სახალხო პრივატიზაციის“ იდეა 1990-იან წლებში დაბრუნებაა: „რაიმეს შესაძენად საჭიროა მოტივაცია, რომელიც ამ შემთხვევაში იმთავითვე არ არსებობს, რადგან ადამიანებს მშვენივრად ესმით, რომ ჩამორთმეული აქტივები, რომლებიც ომის დაწყებიდან სახელმწიფომ ჩამოართვა კანონიერ მფლობელებს, უკიდურესად არამყარი საკუთრებაა; ფაქტობრივად, საქმე მოპარული ქონებით ვაჭრობას ეხება“.

РБК-სთან ინტერვიუში ალექსანდრ შოხინმა ახსენა 60 ტრილიონი რუბლი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებს დეპოზიტებზე უდევთ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, შოხინის ინიციატივა გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეებისათვის ამა თუ იმ ფორმით ანაბრებზე არსებული თანხების ჩამორთმევას და სანაცვლოდ მთავრობის მიერ შერჩეული კომპანიების აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემას.

“ვფიქრობ, შოხინი ასე შორს მაინც არ მიდის, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, - ის სავარაუდოდ გვთავაზობს მოეწყოს „სახალხო IPO“ და ის საინტერესო გახდეს მათთვის, ვისაც ფული ბანკებში დეპოზიტებზე უდევს, რათა მათ კომპანიების აქციები ან სხვა ფასიანი ქაღალდები შეიძინონ. მაგრამ ეს კონსტრუქცია საკმაოდ მოწყვლადია. დღეს რუსებს, დიდწილად, არაფერი უშლით ხელს, მივიდნენ და რუსული კომპანიების აქციები იყიდონ. თუმცა რაიმეს შესაძენად საჭიროა მოტივაცია, რომელიც ამ შემთხვევაში იმთავითვე არ არსებობს, რადგან ადამიანებს მშვენივრად ესმით, რომ ჩამორთმეული აქტივები, რომლებიც ომის დაწყებიდან სახელმწიფომ ჩამოართვა მფლობელებს, უკიდურესად არამყარი საკუთრებაა; ფაქტობრივად, საქმე მოპარული ქონებით ვაჭრობას ეხება”.

სახალხო IPO - კომპანიის აქციების პირდაპირი გაყიდვა ფიზიკურ პირებზე ბროკერების გარეშე.

რუსი ეკონომისტების თქმით, შოხინის იდეა სინამდვილეში ერთგვარი დეჟავუა, 1990-იან წლებში დაბრუნებაა, რადგან „სახალხო კაპიტალიზმზე“ ბევრს საუბრობდნენ 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ ვაუჩერულ პრივატიზაციამდე. მაშინ არსებობდა ილუზია, რომ თუ მუშები იმ საწარმოს აქციების მფლობელები გახდებოდნენ, სადაც თავად მუშაობდნენ, ისინი უკეთ იმუშავებდნენ; საწარმოები წუნდებულის ნაცვლად კარგ პროდუქციას გამოუშვებდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველა ილუზია დაიმსხვრა რუსეთში პრივატიზაციის პროცესთან შეჯახებისას, რამაც საბოლოოდ ქვეყანა ოლიგარქიული კლასის წარმოშობამდე მიიყვანა.

მაქსიმ ბლანტის თქმით, ახლაც შეიძლება იგივე მოხდეს: “თუ აქტივები დაბალ ფასად გაიყიდება, არავინ უშლის ხელს თავად შოხინს ან რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის სხვა წარმომადგენლებს, ეს აქტივები იაფად შეიძინონ და მცირე კერძო ინვესტორები ერთგვარ ცოცხალ „ფარად“ გამოიყენონ”.

რა დგას შოხინის ინიციატივის უკან?

ექსპერტთა თქმით, შოხინის იდეა პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა, რადგან ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ამჟამად რუსეთის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ეგრეთ წოდებული საინვესტიციო ვარდნაა, თუმცა ინვესტიციები მსხვილი ბიზნესის საქმეა.

“ჩვეულებრივ, თუ მსხვილი ბიზნესი რუსეთში არ ახორციელებს ინვესტიციებს, ხელისუფლება ასე იქცევა: ჩაავლებს ხელს ერთ ადგილში და ეტყვის, მეგობრებო, აქ თქვენ ხართ ოლიგარქები, ამიტომ ეკონომიკური ზრდა თქვენ უნდა უზრუნველყოთო. შოხინი კი, ფაქტობრივად, პრობლემის სხვაგან გადატანას ცდილობს - მოდი, ეს საკითხი როგორმე სხვა გზით გადავჭრათო. თანაც, ეს იდეა პირველად არ გაჟღერებულა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროც არაერთხელ ამბობდა: ნახეთ, რამდენი რამ ჩამოვართვით მფლობელებს, მოდი ახლა ეს ყველაფერი გავყიდოთ და ბიუჯეტის პრობლემაც მოგვარდებაო. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩამორთმეულის გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ნორმალურ ფასად მყიდველები, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, უბრალოდ არ არსებობენ”, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, რომლის ვარაუდით, შოხინის ინიციატივა, ადრე თუ გვიან, აღმოჩნდება პუტინის მაგიდაზე და, სავარაუდოდ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ რაღაც ფორმით „სახალხო პრივატიზაცია“ ჩატარდეს.

„დღეს სიტყვათშეთანხმება „სახალხო პრივატიზაცია“ რუსეთის მოსახლეობისთვის დაახლოებით ისეთივე მკვეთრი წითელი ნაჭერია, როგორიც საპენსიო რეფორმა, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, - ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვისაც მასში მონაწილეობა აქვს მიღებული. მოსახლეობა პირიქით, სახელმწიფო ბანკებიდან გარბის. 60 ტრილიონი რუბლის ოდენობის დეპოზიტები, რომლებიც ბანკებშია განთავსებული, სწრაფად მცირდება, რადგან ხალხს წლის დასაწყისიდან აქტიურად გააქვს ფული საბანკო ანგარიშებიდან. გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ოქროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გატანილი თანხები რუსეთის საფონდო ბაზარზე არ ხვდება, რომ ისინი იმ ფინანსურ ინსტრუმენტებში გადადიან, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ასე თუ ისე, გადაიტანონ სწორედ რუსეთის ფინანსური კრიზისი”.

ნაძარცვით ვაჭრობა?!

2026 წლის აგვისტოს ბოლო დეკადაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა OZON-ის უმსხვილეს ჰაბებზეც მიიტანეს იერიში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული იერიშების შემდეგ რუსეთის სიდიდით მეორე მარკეტპლეისის „რიგიც“ დადგა. სამი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კომპანიის საწყობების მთლიანი ფართობის 6%-ზე მეტი - 233 ათასი კვადრატული მეტრი გამოიყვანეს მწყობრიდან.

აგვისტოს მონაცემებით, Wildberries-მა თავისი საწყობების საერთო ფართობის დაახლოებით 31% დაკარგა, რაც ჯამში 1,72 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ კომპანიას, შესაძლოა, სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართვა დასჭირდეს: თავდასხმებით მიყენებული ზარალი 878 მილიარდ რუბლად ფასდება, რაც აპრილში რუსეთის ბიუჯეტის მიერ ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს (855,6 მილიარდ რუბლი) უტოლდება.

2026 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზარალებული მეწარმეების მხარდაჭერის ზომები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ მეწარმეებისთვის, რომლებმაც წლიური შემოსავლის არანაკლებ 5%-ის ოდენობის ზარალი განიცადეს, წლის ბოლომდე შეჩერდება საგადასახადო შემოწმებები, ასევე სადაზღვევო შენატანების გაანგარიშებისა და გადახდის სისწორის შემოწმებები. ამ მეწარმეებს ეძლევათ უფლება, 12 თვით გაახანგრძლივონ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ), გამარტივებული საგადასახადო სისტემის (УСН) და ავტომატიზებული გამარტივებული საგადასახადო სისტემის (АУСН) ფარგლებში გადასახადების გადახდის ვადები.

ამ ფონზე მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინმა 24 აგვისტოს ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ“.

პუტინის ბრძანებულება „კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“ მიაკუთვნებს ელექტროსადგურებს (მათ შორის ატომურს), ქარხნებს, საკომუნიკაციო ანძებსა და ქსელებს, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებს, გზებსა და აეროპორტებს, საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებს, სახიფათო წარმოებებსა და სხვა ობიექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის, მათ შორისაა „სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპლექსებიც“ - ანუ მარკეტპლეისების ჰაბები.

ბრძანებულების გამოცემისთანავე რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, დენის მანტუროვმა იჩქარა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ახალი კანონი მრეწველობის ნაციონალიზაციის დაწყებას არ გულისხმობს. თუმცა ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების პროექტის The CurrentTimes-ის რედაქცია ესაუბრა, საპირისპირო აზრის არიან.

„პასუხისმგებლობა შენ, სარგებელი სხვას“

ექსპერტთა განმარტებით, „დროებითი მართვის“ მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: ფორმალურად საკუთრების მფლობელი არ იცვლება, თუმცა დროებითი მმართველი ან დროებითი ადმინისტრაცია კომპანიის საქმიანობაზე სრულ ფინანსურ კონტროლს იღებს; მას ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები დაფინანსების, მმართველებისა და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ. „Transparency International - Russia“-ს ექსპერტის, ნატალია მუხინას თქმით, დროებით მმართველს შეუძლია ყველა სამეურნეო გადაწყვეტილება მიიღოს. „არსებითად, ეს ქონების სრულ განკარგვას ნიშნავს“, - ამბობს მუხინა.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პუტინის ბრძანებულებაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურად მოხსენიებულია ობიექტების ფართო სპექტრი: „ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს ახლა უბრალოდ შეუძლია ნებისმიერი თქვენი აქტივი საკუთარ მართვაში აიღოს და მისგან შემოსავალი მიიღოს მანამ, სანამ ეს მისთვის საინტერესოა“.

პროექტ Re-Russia-ს დირექტორი, კირილ როგოვი კი ამბობს, რომ ეს ბრძანებულება „სახელმწიფოებრივი სიგიჟის მორიგი, თვალსაჩინო მაგალითია“.

„აზრი ისაა, რომ თუ თქვენს ობიექტს უკრაინული დრონები დაბომბავენ, ამაში დამნაშავე იქნება არა პუტინი, რომელმაც ეს ომი წამოიწყო და მისი დასრულება არ სურს, არამედ თავად თქვენ“, - წერს როგოვი სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ ვრცელ კომენტარში.

ეკონომიკური გამოცემა Bell-ი კი დარწმუნებულია, რომ 2026 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები შემდგომი ცვლილებების მხოლოდ პროლოგია:

„ფორმალურად ეს ნაციონალიზაცია არ არის - საკუთრების უფლება მფლობელს უნარჩუნდება. თუმცა უცხოურ კომპანიებთან მიმართებით მსგავსი მექანიზმის გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთში დროებითი მართვა ყველაზე ხშირად საკუთრების მფლობელის შეცვლის პირველი ეტაპი ხდება. ახლა ეს ინსტრუმენტი ოფიციალურად რუსულ ბიზნესზეც გავრცელდა, ხოლო პირველ კანდიდატებად მარკეტპლეისები გამოიყურებიან, რომელთა საწყობებიც უკვე თვეზე მეტია იწვის“.

დროებითი მართვა „როსიმუშჩესტვომ“ უნდა განახორციელოს, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია სხვა კანდიდატიც შეარჩიოს, მათ შორის იმ ბიზნესმენის პირდაპირი კონკურენტიც, რომლის ქარხანას ან აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, კონკრეტულად რომელი საწარმოები შეირჩევა, და ყველა დარჩენილი კერძო საწარმო ამჟამად დიდი საფრთხის წინაშეა“, - ამბობს ნატალია მუხინა.

„თუ კერძო მფლობელმა თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებისა და რაკეტებისგან სათანადოდ ვერ დაიცვა ან გონივრულ ვადებში ვერ აღადგინა, დახმარებას სახელმწიფო გაუწევს. თუმცა, ბრძანებულების თანახმად, მართვაში წაიღებენ არა მხოლოდ დაზიანებულ ქარხანას ან საწყობს, არამედ მფლობელის კუთვნილ მთელ ქონებას: უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, კომპანიებში წილებს და ასე შემდეგ. როდესაც მანტუროვი ამბობს, რომ ეს ნაციონალიზაცია არ არის, ჩვენ გვესმის, რომ დე ფაქტო ეს ნაციონალიზაციის ინსტრუმენტი გახდება. მინდა შეგახსენოთ: ეს დროებითი მმართველების შემოღების პირველი გამოცდილება არ არის. ეს ნორმა უკვე დამუშავებულია და მოქმედებს №302 კანონის საფუძველზე იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც ადრე „არამეგობრული სახელმწიფოების“ მფლობელობაში იყო“, - „Transparency International – Russia“-ს ექსპერტი ნატალია მუხინა.

დენის მანტუროვი, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი
დენის მანტუროვი, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი

გამოცემა „მოსტის“ ეკონომიკური მიმომხილველის, ტატიანა რიბაკოვას თქმით, პუტინის ახალი ბრძანებულება „ნაციონალიზაციაზე უარესიც კია“, „რადგან ნაციონალიზაციის დროს აქტივს ჩამოგართმევენ და საქმე დასრულებულია, აქ კი დე იურე აქტივი თქვენად რჩება, პასუხისმგებლობაც კვლავ თქვენზეა, თუმცა ყველა სარგებელი შეიძლება სხვამ მიიღოს“.

„თუ იმავე OZON-ს ავიღებთ, პუტინის ბრძანებულების თანახმად, გამოდის, რომ, მაგალითად, [ვლადიმირ] ევტუშენკოვს შეიძლება მთლიანად ჩამოართვან მისი “სისტემა“ და არა მხოლოდ OZON-ი“, - უთხრა ტატიანა რიბაკოვამ The CurrentTimes-ს, - მეორე მხრივ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განმარტება ბრძანებულებაში იმდენად ფართოა, რომ მის ქვეშ შეიძლება თითქმის ყველაფერი მოექცეს, მათ შორის კერძო საქვაბეები, აეროპორტები, საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოები და მრავალი სხვა“.

განხეთქილება ელიტებში და კერძო ბიზნესის მილიტარიზების რისკები

პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ ომი სტალინური მეთოდებით, მათ შორის მრეწველობის დამორჩილების გზით გაგრძელდება.

„ეს ასახავს განხეთქილებას პუტინის ელიტებში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა აწარმოონ ომი. საქმე არა ომის მხარდაჭერა თუ წინააღმდეგეობაა, არამედ ის, თუ როგორ უნდა იბრძოლონ. ეს სიახლე თვალსაჩინო სიმბოლოა იმისა, რომ ომი „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ თანდათან გარდაიქმნება საბჭოთა-სტალინური ყაიდის ტოტალურ სახელმწიფოებრივ ომად. ეს ტიპური თავის მოტყუებაა, რომელიც გამომდინარეობს წარმოდგენიდან, რომ საბჭოთა კავშირი დიდი და ძლევამოსილი იყო და ჩვენ მისი გამოცდილ ება უნდა გავიმეოროთ. ამასთან, ავიწყდებათ, რით დასრულდა საბჭოთა კავშირის ისტორია“, - ამბობს დმიტრი ორეშკინი.

ნატალია რიბაკოვას ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებას არსებული რისკები სათანადოდ არც კი აქვს გათვლილი: „უპირველეს ყოვლისა ნახვამდის ინვესტიციებო. ბიზნესი რეალურად ინვესტიციებს აღარ ჩადებს. რატომ უნდა ჩადო ფული, რატომ უნდა მოახდინო მოდერნიზაცია ან გააფართოო ბიზნესი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოგართვან?“

„კრემლში განმარტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება საწარმოების დრონებისგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რადგან, დმიტრი პესკოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მფლობელები ამას ხშირად სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. რატომ ვერ დაიცვა ეს საწარმოები სახელმწიფომ, რომელმაც ომი დაიწყო, ამის შესახებ პესკოვისთვის არავის უკითხავს“, - აღნიშნავს ამბობს დმიტრი ორეშკინი.

ტატიანა რიბაკოვას თქმით კი, აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი, არცთუ აშკარა, მაგრამ კრემლისთვის სრულიად რეალური საფრთხე - ახალი კერძო სამხედრო კომპანიების წარმოშობა.

„მსხვილი კომპანიები მძიმე შეიარაღებას შეიძენენ და ამაში ფულს დახარჯავენ. მცირე კომპანიები კი იმავე ავტომატებითა და ანტიდრონული თოფებით შეიარაღდებიან, - პროგნოზირებს ექსპერტი. - ქვეყანაში უამრავი კერძო არმია გაჩნდება, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სრულიად თავისუფლად შეუძლიათ მიადგნენ როგორც კრემლს, ისე პუტინის რეზიდენციას და საზენიტო იარაღის ლულების ქნევით იკითხონ: „კიდევ რამდენი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რაც, წესით, სახელმწიფოს მოვალეობაა?!“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG