იმ პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც ხელფასების ზრდას “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის წარდგენიდან ერთ წელში ელოდა, ფინანსთა სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს - ზრდა ეტაპობრივი და გრძელვადიანი იქნება.
წესით, ნოემბერში უნდა გამოვლინდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კონკურსის შედეგებიც, რომელმაც წამყვანი პროფესორები უნდა გამოავლინოს.
თუმცა ჯერ გაურკვეველია:
- იქნება თუ არა მათი ხელფასი დაპირებული 10 000 ლარი;
- მოჰყვება თუ არა ამას სხვა პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების ზრდაც.
რეფორმის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყველაფერი “თამაშის ნაწილია”.
როდის ექნებათ 10 000 ლარი პროფესორებს - რა გავიგეთ ფინანსთა სამინისტროსგან?
პარლამენტის განათლების კომიტეტის 5 ოქტომბრის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, 10 000 ლარიანი ანაზღაურების მიღწევა შეუძლებელია:
“ის ხელფასი, რაც გაცხადებული იყო, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შეიძლება ვერ მიიღწეს, თუმცა იმ 4-წლიან პერიოდში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები სრულად გადავლენ უფასო სწავლებაზე, დაიწყება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეტაპობრივად, ხელფასებიც გაიზრდება”.
კაკაურიძემ ვერ დაასახელა კონკრეტული ვადა, რომელ წელს რამდენი იქნება ხელფასი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზეც.
“ყოველწლიურად იქნება ზრდა, თუმცა ერთ წელიწადში ის მაქსიმალური თანხა, რაც თავიდან ითქვა, მიღწეული არ იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 5 ოქტომბერს
„საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტის ჯამური რაოდენობა 37 მილიარდ 531 მილიონ ლარია. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო განათლების დანერგვისთვის 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანობაში უმაღლესი განათლების მუხლის ჯამური დაფინანსება 247 მილიონ ლარს აღემატება.
საერთოდ ვის ექნება 10 000 ლარიანი ხელფასი?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე, სამ მიმართულებაზე (საბუნებისმეტყველო, იურიდიული, ეკონომიკა) კონკურსი უკვე გამოცხადდა.
თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, რომელსაც ამ ამბავზე რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვთხოვეთ, მოგვწერა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და გვითხრა, რომ ამ საკითხზე აკადემიური საბჭო ორშაბათს, 12 ოქტომბერს გააკეთებს განცხადებას.
კითხვებით მივმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძესაც, რომელიც ერთი წლის წინ, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პროფესორების ხელფასი “იქნებოდა ათი ათასიც და მეტიც”.
მასაც ვკითხეთ, როდის ელის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) მისი პროფესორებისთვის ხელფასის გაზრდას, როდის გამოცხადდება წამყვანი პროფესორებისთვის კონკურსი და რას ფიქრობს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ 2027 წლის ბიუჯეტით ხელფასები ვერ გაიზრდება, და რომ ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა.
დავით გურგენიძის პასუხი ასეთია:
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (და სხვა უნივერსიტეტებიც) უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, რაც საშუალებას მოგვცემს, აკადემიური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის, საქმიანობის შეფასებისა და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესების საკითხები თანმიმდევრულად განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩავერთოთ".
ჩვენ განათლების სამინისტროშიც ვიკითხეთ, თსუ-ს გარდა სხვა უნივერსიტეტებში როდის გამოცხადდება კონკურსი, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ეს "ეტაპობრივად მოხდება" სხვადასხვა უნივერსიტეტებში და პროცესი დასრულდება 2029 წელს.
ვინ შეიძლება გახდეს წამყვანი პროფესორი?
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებით, წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს “დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება”.
მას ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
წამყვან პროფესორს დაევალება არა მარტო სასწავლო კომპონენტების ხელმძღვანელობა, არამედ ადმინისტრაციული ფუნქციებიც.
ითქვა, რომ წამყვან პროფესორებს არ ექნებათ საშუალება, შეითავსონ სხვა საქმიანობა.
"ცოტა ხნით გავჩერდეთ, კარგი ხელფასები გვექნებაო"
ის, რომ დაპირებული მაღალი ხელფასი, შესაძლოა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორს ჰქონდეს, ხოლო სხვებს წლობით მოუწიოთ ლოდინი, მოულოდნელი არ არის განათლების მკვლევართა იმ ნაწილისათვის, ვინც “ოცნების” გადაწყვეტილებებს პირველივე დღიდან აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ რეფორმა, რომელსაც არც გაწერილი ბიუჯეტი ახლდა და არც შესრულების მკაფიო ვადები, რომელსაც არც პროფესიული კვლევები უძღოდა წინ, ვერც სათანადოდ იმუშავებდა და მას ვერც განათლების ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვებოდა
ასე ფიქრობდა პირველივე დღეებიდან განათლების მკვლევარი, "Erasmus+"-ის ეროვნული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
“ამ ერთი წლის განმავლობაში სულ ვამბობდი, რომ ფული არ არის. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ფულის დაზოგვა იყო და თავიდანვე ნათელი იყო, ეს მთავრობა არ აპირებდა განათლების სისტემაში ფულის ჩადებას. ამის ნიშანი იყო ბაკალავრიატის სამ წლამდე შემცირება, სკოლაში სწავლების ერთი წლით შემცირება… ხოლო რაც შეეხება გაზრდილ ხელფასს, 10 000 ლარი, ეს თანხა იმ ოთხგვერდიან კონცეფციაშიც არ ეწერა, რომელიც წარმოგვიდგინეს”.
შედეგად კი, ის მივიღეთ, რომ ამ “10 000 ლარიანი წამყვანი პროფესორის” თანამდებობაზეც კონკურსი მხოლოდ თსუ-ში გამოცხადდა. ეუბნება ლიკა ღლონტი რადიო თავისუფლებას, სხვა უნივერსიტეტებში ჯერ ისიც არ იციან, როდის გამოცხადდება იგივე კონკურსი.
“მთელ ამ ამბავში ყველაზე სავალალო ისაა, რომ ძალიან ბევრი პროფესორი, ხელფასის გაზრდის იმედით, გაისუსა და არ გააპროტესტა არც ის, რომ პროგრამები დაუჩეხეს, არც ის, რომ აკრედიტებული პროგრამები დაუხურეს და ფაკულტეტები ჩამოართვეს… და აქ ილიას უნივერსიტეტზე არ ვლაპარაკობ. ეს ეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამედიცინოს და ა.შ. აკადემიურ წრეებში მოარული ხმები ასეთი იყო “ცოტა ხნით გავჩერდეთ, კარგი ხელფასები გვექნებაო”, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ წელსვე მოუმატებდნენ ხელფასებს და აი, რა მიიღეს”.
ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი ნათია მჟავანაძეც ფიქრობს, რომ “ოცნების” ეს დაპირება თავიდანვე დამაჯერებლად არ ჟღერდა:
“უნივერსიტეტებში უხეშად ჩარევის, აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის უხეში შეზღუდვა გამოისყიდეს ინდივიდუალური კეთილდღეობის დაპირებით. ეს იყო ტყუილი, და ასეთი ტყუილის მაგალითები მასწავლებლების პროფესიული განვითარების პოლიტიკაში უამრავია. სამწუხაროდ, უნივერსიტეტების პროფესორების დიდი ნაწილი ამაზე წამოეგო, გადავიდა მოლოდინის რეჟიმში და ხელისუფლებას დაუთმო ის ზიანი, რაც მოგვაყენეს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
რას ჰპირდებოდა “ოცნება”?
2025 წლის ოქტომბერში, როცა “ქართულმა ოცნებამ” განათლების რეფორმა დააანონსა, პრეზენტაციისას, ირაკლი კობახიძემ სხვა დაპირებებთან ერთად თქვა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, რასაც დაემატებოდა “სხვადასხვა საქმიანობისთვის”, მიღებული ჰონორარები.
• დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 000 ლარი, „უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის“ მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 000 ლარი;
• ამას უნდა დაემატოს ჰონორარები, „რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და სხვა“;
ისიც ითქვა, რომ უნივერსიტეტებში ყველა მიმართულებას ერთი ხელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა - სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებდა 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი.
რაც შეეხება მათ ხელფასებს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, ხელისუფლების მხარდამჭერ “პოსტვ”-ს ეთერში მაშინ განაცხადა, რომ თუ სრულ პროფესორებს ექნებოდათ 10 000 ლარი, ასოცირებული პროფესორებისთვის აპირებდნენ 7000 ლარის ოდენობის ხელფასის დანიშვნას, ხოლო ასისტენტ-პროფესორებს ამის ნახევარი მაინც უნდა ჰქონოდათ.