„მიზეზი ინფლაციაა“, „წინა წლებშიც გაზრდილა ფასები“, „შიდა მარკეტინგული გადაწყვეტილებაა“, „ეს ცვლილება რეფორმას არ უკავშირდება“ - ასეთია უნივერსიტეტების პასუხები ჩვენს კითხვაზე, რატომ გაძვირდა სწავლა „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შემდეგ და გახდა თუ არა ამის საფუძველი ის, რომ ხელისუფლებამ გააუქმა სახელმწიფო გრანტები სტუდენტებისთვის.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია ძირითადად როგორ შეიცვალა სწავლის საფასური 2026 წლისთვის, რას შეეხო ეს ცვლილება და რა რატომ?
კავკასიის უნივერსიტეტში ფასებმა რამდენიმე მიმართულებაზე 400-1000 ლარით მოიმატა
მაგალითისთვის, სამართლის ფაკულტეტზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა.
ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგიის სწავლის საფასური 400 ლარით გაძვირდა და 4590 ლარის ნაცვლად გახდა 4990 ლარი.
ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასურმა 1000 ლარით მოიმატა და 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა.
სწავლის გაძვირების მიზეზებს უნივერსიტეტი თავად სასწავლო პროგრამების ხარჯებს უკავშირებს და გვპასუხობს:
“ეს გარე ფაქტორებით გამოწვეული არ არის”.
გვითხრეს, რომ უცვლელად დარჩა შიდა დაფინანსების სისტემაც, რაც მომავალ სტუდენტებს უნდა დაეხმაროს, რომ შეძლონ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.
გარკვეულ ფაკულტეტებზე, (მაგალითად, ბიზნესის) მაღალი მოთხოვნის გამო, გაზრდილია მისაღები ადგილების რაოდენობაც.
კავკასიის უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ფასი მხოლოდ წელს არ გაზრდილა. დროდადრო, მოთხოვნის და ჩარიცხვების გათვალისწინებით, უნივერსიტეტი იღებს ხოლმე სწავლის გაძვირების გადაწყვეტილებას.
კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს 40-ზე მეტ პროგრამაზე იღებს.
შავი ზღვის უნივერსიტეტმა, რომელსაც 27 საბაკალავრო პროგრამა აქვს, წელს ფასი გაზარდა მხოლოდ ერთ, ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე
აქ წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და სწავლის გადასახადი 2 590 ლარის ნაცვლად 3 190 ლარი იქნება.
როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, “ეს იყო მარკეტინგული გადაწყვეტილება” და უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებებს არ უკავშირდება.
ამ ეტაპზე სხვა ფაკულტეტებზე ფასების გაზრდას არ აპირებენ. იგივე დარჩა კვოტებიც.
უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ აბიტურიენტების და მომავალი სტუდენტების თავისი სეგმენტი ჰყავთ და მოელიან, რომ ისინი, ვინც შავი ზღვის უნივერსიტეტში აპირებდნენ ჩაბარებას, გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წელს არცერთ ფაკულტეტსა და მიმართულებაზე არ იზრდება სწავლის საფასური
უცვლელი რჩება ე.წ. შიდა გრანტების სისტემაც. თანადაფინანსებას აბიტურიენტი მიღებული ქულების და წარჩინების მიხედვით იღებს.
საქართველოს უნივერსიტეტმა პროგრამების უმეტესობაზე ფასები 250-500 ლარით აწია
მაგალითად, თუ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებაზე სწავლა ღირდა 2950 ლარი, ახლა საფასური იქნება 3200 ლარი.
ჟურნალისტიკაზე სწავლა 500 ლარით გაძვირდა და ახლა ეღირება 5000 ლარი.
800 ლარით მეტი იქნება არქიტექტურის მიმართულების სწავლის წლიური საფასური - 4 200 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი.
წინა წელთან შედარებით 1500 ლარით გაძვირდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლა - გადასახადი იქნება 5 000 ლარი.
ზოგ ფაკულტეტზე (მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების) სწავლის საფასური იგივე დარჩა. ზოგზე კი, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მიღება საერთოდ არ გამოცხადდა (ინგლისური ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები).
“თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც ასე იქნება”, - გვიპასუხეს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ხაზგასმით ამბობენ, რომ სწავლის გაძვირება არ უკავშირდება უმაღლესი განათლების რეფორმას და მისით გამოწვეულ ცვლილებებს.
საქართველოს უნივერსიტეტში დაფინანსების ახალი პაკეტი მოიფიქრეს იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც მათთან სურთ ჩაბარება, მაგრამ სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებენ დამატებით გრანტს.
“სტუდენტებს ჩვენთანაც შეეძლებათ უფასოდ სწავლა ან ნაწილობრივ შიდა დაფინანსების მიღება. ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება ქულებზე. დევნილებზეც გვაქვს 50%-იანი შეღავათი. ასევე წელს დავამატეთ ე.წ. გადავადების შეთავაზება. სტუდენტებს შეუძლიათ სამი წელი ისწავლონ უფასოდ და საფასური დასაქმების შემდეგ გადაიხადონ”.
საქართველოს უნივერსიტეტში წელს მიღება 20 პროგრამაზე გამოაცხადეს.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) წელს გადაწყვიტა, რომ არცერთ პროგრამაზე არ გაზრდილიყო სწავლის გადასახადი
თუმცა სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობის მისაცემად, მათ “საუნივერსიტეტო ფონდი” დააარსეს, რომელშიც ბიზნესისგან თუ ცალკეული პირებისგან შესული თანხა უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, სტუდენტებს თანადაფინანსება შესთავაზოს და ამოავსოს ის დანაკლისი, რაც მათ ექნებათ სახელმწიფო გრანტების აღარარსებობის ფონზე.
წელს GIPA-მ მიღება გამოაცხადა ცხრა საბაკალავრო პროგრამაზე და უმაღლესი განათლების სამ პროფესიულ პროგრამაზე.
ამ უნივერსიტეტშიც იმედი აქვთ, რომ ის აბიტურიენტები, რომლებსაც მათთან სწავლა სურდათ, არჩევანს არ შეცვლიან.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) გვითხრეს, რომ წელს ფასები კი არ გაზარდეს, არამედ შეამცირეს
მიღება კი გამოაცხადეს 18 საბაკალავრო და 18 სამაგისტრო პროგრამაზე.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სწავლა გაძვირდა ფაკულტეტების უმეტესობაზე - საშუალოდ 12%-ით
სწავლის საფასურის ცვლილების მიზეზად ამ უნივერსიტეტმა “ქვეყანაში არსებული ინფლაციური ტემპები და პროგრამების განვითარებისათვის საჭირო მატერიალური უზრუნველყოფა” დაასახელა.
“უნივერსიტეტისთვის პროგრამების მუდმივი განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია, ხოლო ინფლაციით გამოწვეული ხარჯების კომპენსაცია, მათ შორის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ - აუცილებელი კომპონენტი… ამ ფაქტორების დაბალანსებას ემსახურება ფასების ზრდა”, - გვიპასუხეს GAU-ში.
წელს ამ უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა 20 საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სხვადასხვა მიმართულებებზე ფასები ასევე გაიზარდა სხვა კერძო უნივერსიტეტებშიც. მაგალითად “ალტეში” მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის ღირებულება 3 500 ლარიდან 3 950 ლარამდეა გაზრდილი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე - 2 500 ლარიდან 2 750 ლარამდე
დღეს საქართველოში მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო.
პირდაპირი თუ ირიბი გავლენა? - ვინ რატომ შეცვალა სტრატეგია
„რა თქმა უნდა, რეფორმას აქვს გავლენა ამ პროცესზე“, - გვეუბნება განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე და აანალიზებს, ვინ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.
მისი შეფასებით, ფასები გაზარდეს იმ კერძო უნივერსიტეტებმა, რომლებიც მოელიან, რომ მათზე მოთხოვნა მაინც იქნება და სტუდენტების მოზიდვა არ გაუჭირდებათ.
და პირიქით, მაშინ, როცა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე - სამართალი თუ ბიზნესადმინისტრირება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა შემცირდა (მაგალითად, სამართალზე 700 ადგილით), ახალ შესაძლებლობებს აძლევს კერძო უნივერსიტეტებს.
კერძო უნივერსიტეტების ის ნაწილი, რომელმაც სწავლა გააიაფა, შეეცადა ამ გადაწყვეტილებით თავისი სასწავლებელი სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა.
„მაშინაც, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ოჯახები იხდიდნენ გადასახადს, აბიტურიენტებს შესაძლოა მაინც კერძო სასწავლებელი აერჩიათ და ოდნავ მეტი გადაეხადათ. ახლა კი სტუდენტები შეეცდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრას მოთხოვნად პროგრამებზე. ეს ცვლილებაც იმისთვისაა, რომ ვინც იქ ვერ მოხვდება და კერძოში გადანაწილდება, მათთვის იქაურობა მიმზიდველი გახადონ“.
ხოლო უნივერსიტეტების მესამე ჯგუფს, რომელმაც ფასი იგივე დატოვა, მიაჩნია, რომ ჰყავს თავისი უცვლელი სეგმენტი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მათთან მოხვედრას შეეცდება.
„ფასი ამ უნივერსიტეტებს ისედაც მაღალი ჰქონდათ. ჰქონდათ სახელმწიფო გრანტებიც, მაგრამ ის სტუდენტებს უმსუბუქებდა გადასახადს. ხოლო უნივერსიტეტებისთვის არაფერი იცვლება, მაინც მიიღებენ თანხას შინამეურნეობებისგან“.
სტუდენტებისთვის რა შეიცვლება?
რეგიონებში პროგრამების ხელმისაწვდომობა მცირდება - გვეუბნება შალვა ტაბატაძე.
იქ მხოლოდ აგრარული და განათლების მიმართულებები რჩება (ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, გორი, ზუგდიდი) და თუ ამ აბიტურიენტებს ამ რეგიონებიდან სხვა პროგრამაზე უნდათ სწავლა (სამართალი, ბიზნესი, ტექნოლოგიები, ინჟინერია და ა.შ), თბილისში, ქუთაისში და ბათუმში უნდა ისწავლონ.
ამ შემთხვევაში, სწავლა და ცხოვრება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრის პირობებშიც კი, მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
თბილისში კვოტები მცირდება ეთნიკური უმცირესობებისთვის, აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისთვის. ხოლო სამცხე-ჯავახეთში მცირდება პროგრამებიც და კვოტებიც - 54 ადგილიდან 24 ადგილამდე.
საჯარო უნივერსიტეტებში სასურველ, პრესტიჟულ ფაკულტეტებზე ხელმისაწვდომობა მცირდება და ამ დროს, კერძო უნივერსიტეტებში ფასები იზრდება.
„შესაძლოა, სტუდენტს გრანტი ვერ აეღო, მაგრამ იცოდა, რომ გარანტირებულად მიიღებდა განათლებას ილიაუნის ან ტექნიკური უნივერსიტეტის ან სოხუმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე - 2250 ლარად. ახლა ეს არჩევანი აღარ არსებობს და მაგალითად, სამართალი აუცილებლად უნდა ისწავლოს რომელიმე კერძო უნივერსიტეტში, სადაც ფასები გაზრდილია და 3000 ლარს აჭარბებს“.
კიდევ ერთი ფაქტორი:
უფასო პროგრამებზე, როგორც წესი, ხვდებიან უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტები (რადგან მიღების სისტემა დაფუძნებულია კერძო რეპეტიტორთან განათლების მიღების შესაძლებლობასთან და არა სასკოლო განათლებასთან).
პირველკურსელთა ნაწილი (2580 სტუდენტი) იღებდა სხვადასხვა ოდენობით სახელმწიფო გრანტს კერძო უნივერსიტეტებში. აქედან, როგორც შალვა ტაბატაძე გვიხსნის:
ნახევარი იყო მაღალი გადასახადის სეგმენტიდან (7000 ლარი და ზევით), ხოლო დაახლოებით 1200 სტუდენტისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გადასახადი სწავლის საფასურის გადასახდელად, რადგან ამ უნივერსიტეტებში ეს გადასახადი მერყეობდა 2250 ლარიდან 4000 ლარამდე.
„ამ მეორე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, ისინი შეიძლება ვერ მოხვდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კერძოში 2250 ლარის ნაცვლად, მეტი ექნებათ უკვე გადასახდელი“.
არჩევანის შეზღუდვა და ხელმისაწვდომობის გაზრდა:
დღეს ასეთი სურათია:
ცვლილებებით გათვალისწინებულია 21 000 სტუდენტის სწავლის დაფინანსება, ნაცვლად წინა წლებში 15 000 სტუდენტისა.
მაგალითად, სამართლის მიმართულებაზე უფასოდ ისწავლის 1600 სტუდენტი, როცა შარშან სამართლის პროგრამაზე სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 850 პირველკურსელს (კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთად აღებული), უმეტესობას მხოლოდ 50 ან 70%-ით.
ქუთაისსა და ბათუმში, გარანტირებული სტუდენტი იყო მხოლოდ 12 % (8000 ჩარიცხულიდან მხოლოდ 900), სხვები იხდიდნენ თანხას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. ახლა - 8000-ვე სტუდენტი უფასოდ ისწავლის.
მკვლევარი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ხელმისაწვდომობა კი გაუმჯობესდება, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორების - ხარისხის და არჩევანის ხარჯზე.
დიდია იმის ალბათობა, რომ არასასურველ პროგრამაზე იძულებით მოუწევთ ჩაბარება ან სულაც აუთვისებელი დარჩება ადგილები.
მაგალითისთვის: აგრონომიის და ვეტერინარიის მიმართულებაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში, ახალციხეში, 2025 წელს გამოყოფილი იყო 45 და 40 ადგილი. ჩაირიცხა მხოლოდ ოთხი სტუდენტი.
ახლა 60 მისაღები ადგილია გამოყოფილი.
ინფორმატიკის ფაკულტეტზე ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო 150 ადგილი და მხოლოდ 79-მა სტუდენტმა ჩააბარა.
წელს გამოიყო 290 ადგილი და ა.შ.
„ასეთ პირობებში იძულებით, მხოლოდ იმიტომ რომ უფასოა, უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა ის ფაკულტეტი და პროგრამა, სადაც არ უნდათ სწავლა. წარმოუდგენელი რამ არის ძალით ასწავლო ადამიანს ის, რაც არ უნდა. ან მეორე, ამ პროგრამებზე ადგილები აუთვისებელი დარჩება და ეს უფასო სწავლაზე წარმოსახვითი გაზრდილი ხელმისაწვდომობა შეგვრჩება“.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
2025 წელს, განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარების მოსურნე სტუდენტები სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ.
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მაშინ აცხადებდა, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო და რომ “სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით”.
2025 წლის ეროვნული გამოცდებისა და გრანტების სტატისტიკა ასეთია:
- 31 704 აბიტურიენტიდან სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
- 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
- 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გრანტი მიიღო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა 2300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის დარეგისტრირება აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.