Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის და ირანის თქმით, ომის დასრულების შესახებ მემორანდუმი შეთანხმებულია - რა ვიცით?

ირანელი ქალი ირანის დროშით. ვალიასრის მოედანი, თეირანი. 15 ივნისი, 2026 წელი
ირანელი ქალი ირანის დროშით. ვალიასრის მოედანი, თეირანი. 15 ივნისი, 2026 წელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მიღწეულია ჩარჩო შეთანხმება ირანთან ომის დასრულების, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენისა და ირანისთვის დაწესებული საზღვაო ბლოკადის გაუქმების შესახებ.

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება დასრულებულია", - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში (Truth) - შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერის შემდეგ დაიწყება 60-დღიანი ზავი, რომლის დასრულებამდეც მხარეებმა ყოვლისმომცველ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მთავარი შუამავლის, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის თქმით, ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში შედგება.

შეთანხმების მიღწევა ირანის მხრიდან დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ - "მიღწეულია თანხმობა ომის დაუყოვნებლივად შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც."

ღარიბაბადის თქმით, ჰორმუზის სრუტე 19 ივნისს, შეთანხმებაზე ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიხსნება.

რამდენიმე დეტალი

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) დეტალები მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გასაჯაროვდება.

მისი თქმით, დოკუმენტს უკვე ციფრულად მოაწერეს ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, თუმცა ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს ჟენევაში გაიმართება.

სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე რეგიონში სამხედრო ძალების ამჟამინდელ განლაგებას შეინარჩუნებს.

მისივე თქმით, ძალების შემცირება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოხდება.

„ამ კვირის ბოლოს გადავდივართ რეალურ, ტექნიკურ მოლაპარაკებებზე... თქვენ იხილავთ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მნიშვნელოვან ზრდას — ეს პროცესი უკვე დაწყებულია — და დროთა განმავლობაში თანდათან უფრო ინტენსიური გახდება. ვფიქრობ, ერთი ან ორი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ, სრულ ნორმალურ მდგომარეობას ჯერ ვერ დავუბრუნდებით, მაგრამ სრუტეში მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, — დასძინა ოფიციალურმა პირმა.

"დიდებული შეთანხმება"

"ეს დიდებული შეთანხმებაა, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს მთელ რეგიონს", - წერს ამერიკელი პრეზიდენტი.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, შეთანხმება მოიცავს 60-დღიან ზავს ბირთვული პროგრამის შესახებ საბოლოო მოლაპარაკებებისთვის და ასევე ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.

გასულ კვირებში ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ნებისმიერი შეთანხმების საკვანძო პუნქტი იქნება გარანტია, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტეში აღდგება ნავიგაცია.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თავის ირანელ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი განბლოკავს ირანის ცენტრალური ბანკის კუთვნილ დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს, სანაცვლოდ თეირანი იღებს ვალდებულებას, არ აწარმოოს ან შეისყიდოს ბირთვული იარაღი.

ამავე წყაროს ცნობით, ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების პერიოდში ბირთვული სტატუს-კვოს შენარჩუნებას და საბოლოო ყოვლისმომცველ შეთანხმებამდე უარი თქვა ურანის გამდიდრებასა და ბირთვული ობიექტების გაფართოებაზე.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, "გადაწყდა, რომ სპარსეთის ყურეში საზღვაო ნავიგაციას ირანი ომანთან კოორდინაციით დაარეგულირებს", - ეს ეწინააღმდეგება ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებებს.

ირანის უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა შეთანხმება შეაფასეს, როგორც ისლამური რესპუბლიკის გამარჯვება.

ცოტა ხნით ადრე, Wall Street Journal-თან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს ელექტრონულად ან თვითონ, ან ვიცე-პრეზიდენტი ვენსი მოაწერს.

ჯეი დი ვენსის თქმით, ჟენევაში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს და შესაძლოა "პრეზიდენტმა ტრამპმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს."

შერეული განცდები ირანში

ირანელების ნაწილი ფრთხილად ოპტიმისტურია, თუმცა ნაწილი კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი.

"იმედი მაქვს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შედარებითი მშვიდობა მაინც დაისადგურებს", - ამბობს რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან, რადიო ფარდასთან საუბარში 50 წლის ქალი, რომელმაც სხვა რესპონდენტების მსგავსად ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

"ომის სტრესი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგვყვება", - ამბობს ერთ-ერთი წყარო და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გამოსწორდება, თუმცა იქვე დასძენს, რომ სანამ ირანის ხელისუფლებაში რადიკალური სასულიერო პირები არიან, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ერთ-ერთი ქუჩა თეირანში. 14 ივნისი, 2026 წელი
ერთ-ერთი ქუჩა თეირანში. 14 ივნისი, 2026 წელი

30-წლამდე მამაკაცი ამბობს, რომ გახარებულია ომის შეწყვეტით, თუმცა უჭირს იმის თქმა, რა გავლენა ექნება ამას ირანის შიდა პოლიტიკაზე.

"თუ ეს შეთანხმება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს პოზიტიური მოვლენაა. ვიმედოვნებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი ისლამური რესპუბლიკის დამხობით დასრულდება, რადგანაც მათ არ ანაღვლებთ ხალხის ბედი", - ამბობს კაცი რადიო ფარდასთან საუბარში.

ახლო აღმოსავლეთის სხვა ფრონტები

შეერთებული შტატების მიერ ირანზე დაწყებული საჰაერო დარტყმების შემდეგ საომარი დაპირისპირება მყისიერად გავრცელდა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც, რომლებსაც ირანმა თავისი დრონებითა და რაკეტებით შეუტია.

პარალელურად გრძელდება კონფლიქტი ლიბანში, სადაც ჰეზბოლას შეტევის საპასუხოდ ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ბეირუთის იმ უბნებზე, რომლებიც ტრადიციულად ჰეზბოლას საყრდენად მიიჩნევა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული ჰეზბოლა პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს ქვეყნის სამხრეთს და პოლიტიკური პარტიის სახით წარმოდგენილია ლიბანის პარლამენტშიც - ჰეზბოლა ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ევროკავშირმა ტერორისტულად გამოაცხადა ორგანიზაციის სამხედრო ფრთა, თუმცა არა პოლიტიკური.

გასულ კვირებში ირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ ლიბანში საომარი მოქმედებების დასრულება ნებისმიერი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, მომდევნო საათებში ისრაელმა ბეირუთზე განმეორებითი საჰაერო დარტყმა მიიტანა.

ქაზემ ღარიბაბადის თქმით, შეთანხმების მიხედვით, ისრაელმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ლიბანის სამხრეთიდან.

გასულ კვირებში ისრაელში არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპერაცია ლიბანში ე.წ. ბუფერული ზონის შექმნამდე გაგრძელდებოდა. ისრაელის პოზიციამ დონალდ ტრამპი გააღიზიანა და რამდენიმეჯერ ამ დაპირისპირებამ საჯარო სივრცეშიც გამოჟონა.

დასავლეთის რეაქცია

დასავლელი ლიდერები მიესალმებიან შეთანხმებას და ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი ნავიგაცია უნდა აღდგეს და დაუშვებელია ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც 15 ივნისიდან "დიდი შვიდეულის" სამიტს უმასპინძლებს, ამბობს, რომ პარიზი ლონდონთან ერთად მზად არის, მხარი დაუჭიროს ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი ნავიგაციის აღდგენის მისიას.

"შესაბამისი საშუალებები მზად არის. ნავიგაციის აღდგენა საფასურისა და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და დასძინა, რომ "ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი."

შეთანხმებას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და თქვა, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია" ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიესალმებიან დიპლომატიურ ძალისხმევას, თუმცა მხარდაჭერის გამოცხადებამდე ელოდებიან კონკრეტული დეტალების გასაჯაროებას.

კონგრესის საგარეო კომიტეტში წამყვანი დემოკრატის, გრეგორი მიქსის განცხადებაში ნათქვამია, რომ "შეთანხმების პირობები და არა პრესრელიზი განსაზღვრავს, ემსახურება თუ არა ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებს."

ირანის საკითხზე მკაცრი ხაზის მიმდევარი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, მიესალმება ჩარჩო შეთანხმებას, თუმცა კვლავ ელოდება შეთანხმების სრულ ტექსტს.

"მე გარკვეულწილად ვღელავ, რომ ირანის ხედვა შეთანხმების შესახებ განსხვავდება იმისგან, რასაც ამერიკელი მომლაპარაკებლები ამბობენ", - განაცხადა ლინდსი გრემმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG