განგაშის სიგნალი ჩართულია - ექიმები დახურულ კარზე აბრახუნებენ

დღეს, 26 აგვისტოს, კოვიდ-19-ით 79 ადამიანი მოგვიკვდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თან, მხოლოდ ჯერჯერობით.

ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ. ის, რაც კოვიდკლინიკებად გადაკეთებულ ჰოსპიტლებში ხდება, კარგის სათქმელად ვერავის განაწყობს.

მთავრობა გვეუბნება, რომ ლოკდაუნი არ იქნება.

არც არჩევნები გადაიდება.

ასევე ნახეთ "თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა" - პანდემიის პოლიტიკური დილემა

შეიძლება, ცოტა წესები გამკაცრდესო.

და შემდეგ თვეში, მილიონ ადამიანს ავცრითო.

მაგრამ სანამ ეს მოხდება - ანუ მოსახლეობის აცრილი 10% ერთ თვეში გაორმაგდება, გასამმაგდება, მოკლედ, უმრავლესობა აიცრება, მანამდე დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღეში - 10.51%-ია.

კიდევ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან ის ვიცით, რომ კლინიკებში მწოლიარე 7400 პაციენტიდან დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია. სულ კი ჯერჯერობით 8022 საწოლი გვაქვს.

დაინფიცირების და გარდაცვალების სტატისტიკა კი მზარდია.

ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ახალი მიმართვა გაავრცელა (ივლისშიც ჰქონდათ ერთი), რომელშიც ვაქცინაციის სიკეთეებზე ლაპარაკობენ, ყველას მასობრივი აცრებისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, თუ როგორ დაგვიცავს ვაქცინა.

ამ მოწოდების სიტყვების მიღმა განგაშის მკაფიო სიგნალები ისმის.

„მაგრამ დღეს უკვე შეზღუდვების მომატებას აზრი არა აქვს, რაც არის, ისიც არ სრულდება, შეზღუდვების მართვა ვერ ხერხდება“, - გვეუბნება წერილზე ერთ-ერთი ხელმომწერი, ვახტანგ კალოიანი (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, „ნიუ ჰოსპიტალი“).

არადა, პირველი ამოცანა ეგ უნდა იყოს. ხელისუფლების მთავარი ზეწოლა - უკვე არსებული, მის მიერვე დაწესებული შეზღუდვების შესრულება უნდა გახდეს. მხოლოდ ამას ექნება სერიოზული ეპიდემიოლოგიური ეფექტი - ნიღაბი ყველგან!

დახურულ სივრცეში,

თავშეყრის ადგილებში.

გარეთაც.

ალტერნატივა სრული პოლიციური ლოკდაუნია - მაგრამ ეს ვახტანგ კალოიანს დღეს უფრო დიდი კატასტროფის გამომწვევი ჰგონია.

უსწრაფესი ეფექტი კიდევ რას ექნებოდა? ექიმის აზრით, მასობრივ ტესტირებას.

დღეში დაახლოებით 100 000 ადამიანი რომ დაიტესტოს (ახლა დღეში 50 000 ტესტი ტარდება) და ვისაც დაუდასტურდება, იზოლაციაში წავიდეს - ვისაც შეუძლია, თავისით, ვისაც არა - „სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“.

ამდენი ტესტის გაკეთება შესაძლებელია, თუ თბილისში რაც შეიძლება ბევრი ასეთი წერტილი გაჩნდება. და, პარალელურად, ამცრელი მობილური ბრიგადების რიცხვიც გაიზრდება.

ვთქვათ, ამას მივაღწიეთ და აღმოჩნდა, რომ 20 000 კაცია ინფიცირებული. „ეს ხალხი მიდის იზოლაციაში 10-12 დღით და ჯაჭვი წყდება“.

ეს ახლა ერთადერთი გზაა, რომელიც პანდემიას ვერ შეაჩერებს, მაგრამ ინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვი შემცირდება.

მარტივად - ნაკლები ადამიანი მოგვიკვდება.

„ეს უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებას“, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

საავადმყოფოების უდიდეს ნაწილში დღეს 100%-ით მძიმე პაციენტები წვანან. იმდენად მძიმე, რომ „ძალიანაც რომ ვინმეს უნდოდეს, ჩვეულებრივი პაციენტების მიღებას ვერავინ ახერხებს“:

„ე.წ. კურორტნიკებს, რატიანის (ლევან) და ცერცვაძის (თენგიზ) გარდა, არსად არავინ იღებს და აჩერებს. მათთან, ძირითადად, ბომონდი განისვენებს ხოლმე. მაგრამ ვერც რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვერც ბოჭორიშვილის კლინიკაში, ვერც „ნიუ ჰოსპიტალში“, ვერც ბათუმის რეფერალურში... და ბევრში, ვერ ნახავთ დასასვენებლად მისულ პაციენტებს. მათი 100 % არის მძიმე, რომელიც სახლში ვერ გაიშვება“.

ამასობაში, თუ ვინმეს კოვიდის გარდა სხვა სამედიცინო დახმარება დასჭირდა, პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა დაივიწყოს.

მაგალითად, სეზონური გრიპის და გახანგრძლივებული ცხელების დროს, ოჯახის ექიმს დარეკვიდან მესამე-მეოთხე დღეს თუ დაელაპარაკეთ, ძალიან გაგიმართლებთ. მაგრამ დავუშვათ, უცებ გული, ან სერიოზული ტრავმა, ან ინსულტი, ან სხვა რამ... მოკლედ, სასწრაფო გჭირდებათ. ან უბრალოდ ქრონიკული ავადმყოფი ხართ. თქვენთვის შეიძლება ადგილი არსად იყოს.

„რაც სასიცოცხლოდ სასწრაფოა, ის ოპერაცია კეთდება. ეგ ჯერ ხერხდება. მაგრამ რაღაც დროის მერე ჩვენ ვნახავთ, რომ ამდენი გადადებული გეგმიური ჩარევის ფაქტი, ვერმოვლილი ქრონიკური ავადმყოფების არსებობა კარგ შედეგს არ მოიტანს“.

ამ ვითარებას ჰქვია - „სხვა გზა არ არის“. როცა ირჩევ უარესსა და ცუდს შორის, ხოლო პირველი, რაც ჰოსპიტლებს ათავისუფლებს, ეს არის გეგმიური ჩარევები, - გვეუბნება ვახტანგ კალოიანი, რომელიც დარწმუნებულია, ახლა სადაც ვართ, ეს მაისის რეგულაციების მოხსნამ გამოიწვია. ნიღბის მოხსნამ, ჯარიმების გაუქმებამ, საარჩევნო შეხვედრებმა, ხალხმრავალმა ქორწილებმა და ქელეხებმა: ეს რომ არა, ახლა 2000 შემთხვევა გვექნებოდა დღეში.

„მაგრამ ხელისუფლება საერთოდ არ გვისმენს.

ჩვენ კი არა, არ უსმენენ ამირან გამყრელიძესაც კი!

რომელიც იმავეს ამბობს, რასაც ჩვენ, ოღონდ სხვა ტონალობაში“.

არადა, თითქოს რა მარტივია, შეხედო დადებითობის მაჩვენებელს და ისე დაგეგმო.

„დღეს მაქვს ამდენი - აწესებ ამა და ამ შეზღუდვას. მოიკლო? ცვლი წესს - ლოგიკას მიჰყვები“.

კორონავირუსი იძლევა ამის შესაძლებლობას - დათვალო როგორც ეპიდემიოლოგიური შედეგები, ისე კლინიკური მართვისთვის აუცილებელი რესურსი.

„ოღონდ თუ არ იღებ პოლიტიკურ... უფრო სწორად, საარჩევნო გადაწყვეტილებებს“.

ძალიან მოკლედ ვიტყვი! აი, რა უნდა ვქნათ ახლა, - ამბობს სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი:

  • შეიცვალოს კლინიკური საბჭო,
  • მოხდეს ლუსტრირება - რა ხდება პირველად ჯანდაცვაში,
  • გახდეს ცენტრალიზებული პირველადი ჯანდაცვა კომპეტენტური ადამიანების მართვით,
  • ქვეყნის თითოეულ რეანიმაციას მიეჩინოს დამოუკიდებელი ექსპერტი, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც არიან სამინისტროს მიერ ხელდასხმული პანდემიის პირველივე დღიდან.

მისთვის ამ ცვლილებების მოთხოვნას ის საბაბი აქვს, რომ დაირღვეს, მისი სიტყვებით, მანკიერი წრე, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა ჩაიკეტა კლინიკური მართვა, ხოლო პანდემიის მართვაში ჩართულობას თავიდანვე ეცადნენ „სამინისტროსთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ექიმები და ადამიანთა ჯგუფი“.

სოფო ბერიძეც ელის უარესს. შარშან სექტემბერშიც, შიგნით, სისტემაში მომუშავე ადამიანებმა წინასწარ იცოდნენ, რა მოხდებოდა ნოემბერში. ახლაც იციან.

მაშინ, მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა კიდეც, აჭარა ვერ მოერევა სიტუაციას, ჩვენი რეანიმაცია მზად არ არის და რა გველისო?

მშვიდი პასუხი მიიღო, ჩვენ ხომ ყაზახეთივით დიდი ქვეყანა არ ვართ, რომ ვერ მოვახერხოთ, მძიმე პაციენტი რეფერალით ვერ გადავიყვანოთ თბილისშიო.

„დღესაც არ ვიცი, ასეთი პაციენტი თუ არსებობს, ვინც გადაარჩინეს - მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი გადაიყვანეს და გადაარჩინეს. ეს არის დაუძლეველი სირთულე საქართველოში“.

და ერთი წლის შემდეგაც სოფო ბერიძე იმავე აზრზეა - რეანიმაცია ამ დატვირთვას ვერ უძლებს.

ამასაც აქვს თავისი მიზეზი. მისი აზრით, კოვიდის მართვის პროცესში, აბსოლუტურად სპონტანურად, გადამზადების გარეშე ჩართეს ონლაინ ექიმები, რომელთა მუშაობაზე იყო პირდაპირ დამოკიდებული, იქნებოდა თუ არა დღეს რეანიმაცია გადატვირთული.

- გადატვირთულ რეანიმაციაზე კი პირდაპირ არის დამოკიდებული ლეტალობა ანუ სიკვდილი, - ამბობს სოფო.

„დიახ. ეს ლეტალობა გამომდინარეობს რესურსის არარსებობიდან, არაკოორდინირებული, არასტანდარტული მართვისგან. აქამდე არც ერთი(!) დაგროვილი კლინიკური ცოდნისა და ინფორმაციის გასაზიარებელი ვებინარი არ ჩატარებულა ცენტრებს შორის“.

ის, რასაც დღეს ცალკეული ექიმები აკეთებენ, როცა პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ ხელისუფლების გასაგონად, სოფოს აზრით, დახურულ კარზე ბრახუნს ჰგავს, კარის მიღმა შეღწევას კი პარტიზანული ბრძოლით ახერხებენ. მაგრამ ექიმებს შორისაც ნაკლებია კონსოლიდაცია.. ხელისუფლებას მაინც არ ესმის - ამბობს სოფო.

რა გვიშველიდა? ვეკითხებით მასაც - „შეიძლება ერთკვირიანი სრული ლოკდაუნი ორი კვირის წინ“:

„ამ ვითარებაში არ ვიქნებოდით. ამ ანუ ამდენი მძიმე პაციენტი არ გვეყოლებოდა და დამძიმებულ პაციენტებთან კი, ჩვენ არ გვაქვს დიდი ბერკეტები. ამიტომ არის გამოსავალი საავადმყოფოში მოსვლამდე მათი სიმძიმის ამოცნობა, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ“.

პირველადი ჯანდაცვა ამ ბარიერად ვერ იქცა.

ახლა რა იქნება? სოფო ამბობს რომ ეპიდემიოლოგიური კანონზომიერება თავისას იზამს, რიცხვები უკან დაიხევს. მაგრამ აქ მთავარია, ჩვენ რა დანაკარგით გამოვალთ ამ ბრძოლიდან?

„ამიტომ ერთადერთი გზა დღეს არის ვაქცინა. სწრაფად და მასობრივად“, - არჩილ მარშანია (STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი) აგრძელებს, - თუ ეს არ მოხდება, რჩება ისევ დამატებითი რეგულაციები.

საწოლფონდის გაზრდა დღეს ვერ არის გამოსავალი - საწოლს ადამიანებიც უნდა მოჰყვეს, სასუნთქი აპარატები, გამართული სისტემა. ეგ მარტივად ვერ მოხდება.

„ხელისუფლებას ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თორემ როგორ შეიძლება ინფიცირება იზრდებოდეს და რეგულაციებს ამსუბუქებდე? ან დაკისრებულ ჯარიმებს აუქმებდე, ეს ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?“

"პოლიტიკური პანდემია" - როგორც უკვე არაერთხელ უწოდეს ამ პროცესს.

ვაქცინაციის გარდა, კიდევ რამ შეიძლება ახლა ეპიდვითარება შეცვალოს, - ექიმ ნანა გეგეჭკორსაც ვკითხეთ (მაიმონდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ) - ნანამაც პირველადი ჯანდაცვის რგოლით დაიწყო. სასწრაფოდ უნდა:

  • ამოქმედდეს ტელემედიცინა (ამის ჩანსახები არის, მაგრამ სრულიად არასაკმარისი და არც ისე კვალიფიციური);
  • ოჯახის ექიმების დიდი ნაწილი დასატრენინგებელია (სამწუხაროდ, ჯერაც ბევრ შეცდომას უშვებენ);
  • მეტი რესურსია მოსაძიებელი იმისთვის, რომ ის პაციენტები, ვისი მართვაც სახლშია შესაძლებელი, უფრო ადეკვატურად იმართოს, არ დავამძიმოთ და არ გავხადოთ ჰოსპიტალური სექტორის ტვირთი;
  • ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს გაწერილი გაიდლაინში არაჰოსპიტალიზირებული პაციენტის მართვის პრინციპები! (რაც შეიძლება მეტმა ექიმმა ისარგებლოს სტანდარტიზირებული გაიდლაინით).

შემდეგი და სასწრაფო გასამართი: ტრიაჟის სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ჩქარა უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა საწოლფონდის და ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის ელექტრონულ რეჟიმში - რაც ზემოთაც ვახსენეთ.

„არ შეიძლება სასწრაფო დახმარების ბრიგადას კარდაკარ დაჰყავდეს პაციენტი თავისუფალი საწოლის მოსაძიებლად. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონულად, რომ დრო მაქსიმალურად დაიზოგოს და თუნდაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე განთავისუფლდეს და მერე სხვას მიაკითხოს“, - იწერება ნანა ნიუ-იორკიდან.

კიდევ არის ერთი საჩქაროდ მოსაგვარებელი ამბავი - არასაკმარისი ცხელი ხაზები.

ცხელ ხაზზე დარეკვა დღეს არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. შეიძლება საათობით არც არაფერი გამოგივიდეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

„ხშირად ადამიანები სასწრაფო დახმარებას და ჯანდაცვის პირველად რგოლს არამიზნობრივად ტვირთავენ. ასეთი ზარები უნდა დახარისხდეს ადეკვატურად და გადამისამართდეს შესაბამისად, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააწვეს სამედიცინო სექტორს არამიზნობრივი ზარი“.

და ცხადია, ჰოსპიტალური სექტორი. აქ ნანა გეგეჭკორი გულისხმობს იმას, რომ ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები და აბსოლუტურად უნდა გამორიცხავდეს

  • „ცნობილი სახეების“.
  • ნაცნობ-მეგობრების,
  • და კიდევ სხვა მექანიზმებით არამიზნობრივ ჰოსპიტალიზაციას.

„ყველა არამიზნობრივად დაკავებული საწოლი არის დახმარების გარეშე დარჩენილი უპატრონო პაციენტი. დროული გაწერა კი საუკეთესო განტვირთვაა ჰოსპიტალური სექტორისთვის“.

ცალკე ამბავია კიდევ საავადმყოფოს შიგნით მართვა.

„მაგალითად, პანდემიის პიკზე, ჩვენთან, შეცვლილი იყო ინტენსიურში პაციენტის გადაყვანის კრიტერიუმები და მასში გათვალისწინებული იყო პაციენტის პროგნოზი ბევრ მონაცემზე დაყრდნობით. ეს პროცესი იმდენად სტანდარტიზირებული იყო, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდა. აუცილებელია პალიატიური დახმარების სერვისის ხარისხიანი და დროული ამოქმედება. სამწუხაროდ, არიან პაციენტები, ვისი გადარჩენა თეორიულადაც კი შეუძლებელია და მათი უფრო ჰუმანურად და სამედიცინო თვალსაზრისით ადეკვატურად მოვლა შესაბამისი პალიატიური სერვისი არსებობით ერთი ორად ადვილდება“.

ნანა გეგეჭკორის კიდევ რამდენიმე „სასწრაფოდ“ გასაკეთებელი რჩევა აქვს.

სასწრაფოდ უნდა გადამზადდეს არაპროფილური პროფესიის ექიმების ჯგუფები, რომ მათ შეძლონ საშუალო და შედარებით მსუბუქი პაციენტების მართვა. ეს არის ამერიკის გამოცდილება.

სასწრაფოდ უნდა მოერგოს კანონმდებლობაც პანდემიურ წესებს. ამერიკაში პანდემიის პიკზე სულ სხვა წესები მოქმედებდა ექიმის შეცდომასთან მიმართებაში, ასევე პაციენტის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. თუ სხვა დროს სოციალური ქსელით, ვაიბერით, სკაიფით და ასე შემდეგ პაციენტის მონაცემების გავრცელება ჰიპას წესების დარღვევაა და ამას შეიძლება ექიმის ლიცენზია შეეწიროს, პანდემიური წესები ამ რესურსების მაქსიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა, რათა არც ერთი პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო ყურადღების მიღმა.

სასწრაფოდ, პარალელურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ჰოსპიტალური სექტორის მომარაგება ყველაზე თანამედროვე მკურნალობის საშუალებებით. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს ანტისხეულების კოქტეილები.

სასწრაფოდ: უნდა გაჩნდეს დამატებითი რგოლი სახლსა და ჰოსპიტალს შორის. ძალიან ბევრი პაციენტი ვერ ეწერება სახლში დროულად მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროებს დამატებით სამედიცინო ყურადღებას და ამის სახლში ორგანიზების საშუალება არ არსებობს.

სასწრაფოდ: უნდა ამუშავდეს ეგრეთ წოდებული „visiting nurse“-ის სერვისი. ასეც შეიძლება სახლში შედარებით ადრე გაეწეროს ბევრი პაციენტი, ვინც ჰოსპიტალში მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ მინიმალური ყურადღება ჯერაც სჭირდება და სახლში ამის რესურსი არ არსებობს.

და სასწრაფოდ: უნდა ჩაერთოს ყველა სულიერი მასიური ვაქცინაციის კამპანიაში.

ხოლო პოლიტიკური პროცესი მთლიანად უნდა გადაკეთდეს დღეს ვაქცინაციის კამპანიად:

„მერი, მერობის კანდიდატი, პალამენტარი, მინისტრი, პრემიერი, არჩევნების კოორდინატორი, მამაო, დედაო, მრევლი, ყველა, ყველა უნდა იქცეს ვაქცინაციისთვის საჭირო ერთ-ერთ რგოლად. ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით რომ რაც შეიძლება მასიურად და სწრაფად აიცრას ქვეყანა. ყოველი აცრილი ადამიანი არის განტვირთვა ჰოსპიტალური სექტორისთვის“, - ეუბნება ნანა გეგეჭკორი რადიო თავისუფლებას.

ანი ქავთარაძეც (წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი) მათ შორისაა, ვინც პანდემის პირველივე დღიდან არ ჩუმდება და პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს.

"პირბადე! ეს ამ წამს ვენი ყველაზე რეალური დაცვაა".

ყოველდღიურად ცდილობს ვითარების შეფასებას და შედეგი ნოლია - არათუ სხვაგან, სახელმწიფო სტრუქტურებშიც კი იგივეს აწყდება - ნიკაპზე ჩამოწეულ პირბადეს. მაგალითად, მომსახურების სააგენტოს დახურულ სივრცეში.

„ადამიანებს აწერიათ გულზე - "პოლიცია" და ისინიც კი არ აღასრულებენ კანონს. რაზე ვლაპარაკობთ“.

უცებ რომ გადაწყვეტილებების მიმღები პირების პირისპირ აღმოჩნდეთ, როგორც ექიმი, რას მოსთხოვდით?

რეგულაციების აღსრულებას! მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს გაანაწყენებს თუ არა.

'ექიმები არ ვითხოვთ სრულ ლოკდაუნს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რაც აქ დღეს ხდება, ეს რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს, ისინი აუცილებლად გამოაცხადებდნენ მოკლევადიან ლოკდაუნს მაინც. ჩვენ კი, რადგან მაინც ვთმობთ რაღაცას, და ეს რაღაც, სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლეა, იქნებ იმას მაინც ვეცადოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რიცხვი. პირბადე მაინც! და ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ქალაქის ტრანსპორტს კი არა, საქალაქთაშორისო მოძრაობას შევზღუდავდი ცოტა ხნით, რომ მობილობა შემცირებულიყო. იმ "მარშრუტკებში" არავის უკეთია პირბადე, ხოლო ადამიანები ერთდ და ასე დაუცველად გაცილებით დიდხანს მგზავრობენ, ვიდრე აქ, თბილისის ავტობუსებში, რომლის კონტროლიც შესაძლებელი იყო...

მაგრამ სამწუხაროდ არავის ესმის ჩვენი ხმა“.

მითუმეტეს, ეს ხმა არ ისმის რეანიმაციური გამყოფილებებიდან, სადაც დღეს უკვე თითო ექთანს დაწესებული ერთი ან მაქსიმუმ ორი მძიმე პაციენტის კი არა, რამდენიმე ასეთის მოვლა ევალება.

იცით ეს რას ნიშნავს? გვიხსნის ანი. იმას, რომ ვერც ერთი ექთანი ვერ შეძლებს ჩაბარებული პაციენტების სრულფასოვნად მოვლას. ეს კი, არც თუ იშვიათად, შეიძლება დასრულდეს იმით, რითიც სრულდება, სიკვდილით.

და მერე წავიკითხოთ ცნობა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა 79 ადამიანი.