როგორ გაიგო ევროპამ „ოცნების“ უარი დახმარებაზე- რა არ უნდა გამოგრჩეს 2 სექტემბერს

უარი დახმარებაზე - უარი რეფორმებზე? - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტარებისგან

ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარი ევროპარლამენტარების და დიპლომატების ნაწილმა დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმების გატარებაზე უარის ნიშნადაც ჩათვალა.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა და ტვიტერზე დაწერა:

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მემორანდუმში ჩამოთვლილი პირობები მეორე ტრანშის მისაღებად (75 მილიონი ევრო), მათ შორის, სასამართლო რეფორმა და ა.შ. თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებამოსილებაც თქვენ არ გეკუთვნოდათ”.

რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა?

ვკითხეთ ვიოლა ფონ კრამონს, რომელმაც რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ შუა კორონავირუსის კრიზისის დროს ევროკავშირმა შეიმუშავა აღმდგენი გეგმა არა მხოლოდ მისი წევრი სახელმწიფოების, არამედ მეზობელი ქვეყნების დასახმარებლადაც - ევროკავშირის მეზობლებისათვის, განსაკუთრებით კი, ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შეიქმნა ძალიან შეღავათიანი მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტი.

მაგრამ ამ დახმარების მიღებას, როგორც ეს ევროკავშირსა და დახმარების მიმღებ ქვეყანას შორის გაფორმებული მემონანდუმით იყო განსაზღვრული, ჰქონდა დემოკრატიულობის პირობითობა. საქართველოს შემთხვევაში მთავარი პირობა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმებაზე" ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო

შარლ მიშელის შეთანხმების მიღებიდან 4 თვის თავზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ შეთანხმებას შეუერთდეს.

პარტიის თავმჯდომარე და თბლისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია განმარტავს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გარკვეული დებულებები მათთვის მიუღებელი იყო, თუმცა „უმძიმესი სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ“, ენმ გადაწყვეტილებას ცვლის.

„ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების" ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

წაიკითხე მეტი.

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია - შეხვდა თუ არა ის კახა კალაძეს?

გიორგი გახარიამ, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. თბილისის მერობის პოსტისთვის კი თავად ყოფილი პრემიერი იბრძოლებს.

კანდიდატების დასახელებას დაემთხვა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გიორგი გახარიას შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარია მის კონკურენტს, კახა კალაძეს გუშინ შეხვდა.

„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - თქვა კობახიძემ.

კახა კალაძეც ადასტურებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას: „შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - თქვა კახა კალაძემ.

გიორგი გახარიამ ამ განცხადებებს გუშინ მოკლედ უპასუხა - „ტყუილია, ტყუილებს ყვება. მატყუარა ხალხის განცხადებებზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ?“. მისი თქმით მმართველი პარტია ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ მაღალია. გუშინ ვირუსს 73 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3886 შემთხვევა.

წინა კვირასთან შედარებით მცირედით იკლო დადებითობის მაჩვენებელმა და ის 10%-ს ჩამოცდა (ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9,36%-ია).

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო დღეებია უწევს მტკიცება, რომ ქვეყანაში პრეპარატ ტოცილიზუმაბის საკმარისი რაოდენობაა. ამის საჭიროება მას მერე დადგა, რაც ხალხმა სოციალურ ქსელში საკუთარი სახსრებით დაიწყო მედიკამენტის ძიება.

პრეპარატი კოვიდ გართულებების დროს ციტოკინური შტორმისას გამოიყენება და როგორც რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, 25%-ით ნაკლები ადამიანი იღუპება მათთან შედარებით, ვისაც ციტოკინური შტორმისას არ გაუკეთდა ტოცილიზუმაბი.

გვაქვს თუ არა პრეპარატის საჭირო მარაგი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ასევე ნახეთ ხომ არ “დამეკარგება” აცრა?

ბერლინში გაიხსნა WHO-გერმანიის ცენტრი, რომელიც მსოფლიოში შესაძლო პანდემიურ საფრთხეებს გამოიკვლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 სექტემბერს ბერლინში გახსნეს მსოფლიოში შესაძლო პანდემიური საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ახალი ცენტრი.

WHO-სა და გერმანიის ერთობლივი ორგანიზაცია, „პანდემიური და ეპიდემიური ინფორმაციის შეგროვების ცენტრი“, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს დიდი მოცულობის მონაცემთა შესასწავლად.

პრობლემების ამოსაცნობად ის შეაგროვებს ინფორმაციას ადამიანის დაავადებებისა და ქცევის ცვლილებების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და პოპულაციის ვარიაციაზე კლიმატური ცვლილებების გავლენის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

ათასობით ადამიანი ცდილობს, სახმელეთო გზებით დატოვოს ავღანეთი

ავღანეთის საზღვრებზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომელიც თალიბანის რეჟიმისგან გაქცევას ცდილობს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ჯარებმა და შეწყდა დედაქალაქ ქაბულიდან მასობრივი საჰაერო ევაკუაციის ოპერაცია.

პაკისტანის ოფიციალური პირის თქმით, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ტორხამის საკონტროლო პუნქტში, 1 სექტემბერს დიდი რაოდენობით ხალხი იცდის და ელის საზღვრის გახსნას. თვითმხილველთა თქმით, ათასობით ავღანელმა მიაშურა ასევე ისლამ ყალის გამშვებ პუნქტს ირანის საზღვარზე.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 14 აგვისტოს შემდეგ 123 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს ქაბულის აეროპორტიდან. 15 აგვისტოს თალიბანმა კვლავ ხელში ჩაიგდო ავღანეთში ძალაუფლება მას მერე, რაც ის 2001 წელს დაემხო აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ინტერვენციის შედეგად.

წაიკითხე მეტი.

ჩვენ (არ) წავალთ მოსკოვში?

1990 წელს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნას ცდილობდა, აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა სტატია „ჩვენ არ წავალთ მოსკოვში“, რომლის სათაურად ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერს გამოყენებული ჰქონდა პერიფრაზი ცნობილი გამოთქმისა: „ჩვენ არ წავალთ კანოსაში“.

კანოსა პაპების რეზიდენციაა ალპებში, სადაც 1077 წელს გერმანიის მეფე ჰაინრიხ IV პატიების სათხოვნელად ეახლა რომის პაპ გრიგოლ VII-ს.

1872 წლის 14 მარტს კი გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა გერმანელ ერს გამოუცხადა, „ჩვენ არ წავალთ კანოსაშიო“, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანია აღარავის უზენაესობას არ ცნობდა, რომ იგი იყო თავისუფალი.

„შორს არ არის ის დღე, როცა ქართველმა ხელისუფალმაც უნდა თქვას: ჩვენ არ წავალთ მოსკოვში“, - წერდა 30 წლის წინ აკაკი ბაქრაძე.

და მართლაც, დიდი ძალისხმევისა და ბევრი სისხლის ფასად, დადგა დრო, როცა საქართველომ მკაფიოდ და ხმამაღლა თქვა, რომ არ წავიდოდა მოსკოვში, მეტიც, თქვა, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იყო, სად წავიდოდა და საით ივლიდა მისი სამშობლო.

ასე დაიწყო საქართველოს სვლა დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ევროკავშირისკენ; დაიწყო საკუთარი ნებითა და დამოუკიდებელი არჩევანით, ევროკავშირის ქვეყნების დარწმუნებით, რომ ბრიუსელში საქართველოს „ჩასვლა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის.

წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგზე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით არ იკლებს. როგორც განყოფილების უფროსი, გულიკო ქილიფთარი ამბობს, მათ ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ხან იმარჯვებენ, ხან კი ეს ბრძოლა მარცხით სრულდება.