აშშ-ის სენატმა პროცედურული კენჭისყრით მხარი დაუჭირა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონპროექტს

28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა ამერიკელ სენატორებს

აშშ-ის სენატმა პროცედურული კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში იმის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტს 86 სენატორი მიემხრო.

  • კანონპროექტის თანახმად, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.
  • კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს და რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა კანონპროექტის ავტორის, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის დღეს, 28 ივლისს. სენატორი გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა. კანონპროექტს მისი სახელი ეწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომელიც კენჭისყრისას სენატში იმყოფებოდა, სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა სენატორ ლინდსი გრემთან გამოთხოვების დღეს ჩატარდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის ლინდსი გრემის გეგმების რეალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტი მუშაობდეს.

პროცედურული კენჭისყრის შემდეგ სენატში იქნება დებატები და საბოლოო კენჭისყრა. დოკუმენტი უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამაც. კონგრესის ორივე პალატის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის მოწოდება იყო, რომ კანონპროექტს დამატებოდა ირანის საწინააღმდეგო სანქციები. 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტს დაემატა პუნქტი ირანის წინააღმდეგ 1996 წელს შემოღებული სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.

ასევე ნახეთ

აშშ-ის სენატში წარდგენილია განახლებული კანონპროექტი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ

ზელენსკი სენატში

28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სენატის წევრებს. ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრას 60-ზე მეტი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორი დაესწრო.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ განიხილეს ბევრი თემა და პირველ ყოვლისა „ანტიბალისტიკური დაცვა“.

  • უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის დამატებითი საშუალებები სჭირდება, პირველ ყოვილსა ამერიკული Patriot-ის რაკეტები.
  • 8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის მზადყოფნის გამო და უკრაინელი მეომრების მიერ ფრონტზე მიღწეული შედეგების მაღალი შეფასებისა და მხარდაჭერისთვის.

ზელენსკი თეთრ სახლში

28 ივლისს, სენატორებთან შეხვედრამდე ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში დაახლოებით საათ-ნახევრიანი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ტრამპთან „კარგი შეხვედრისას“ განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია და დიპლომატიური პროცესის გააქტიურების საკითხი.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შეხვედრა „ძალიან კარგად“ ჩატარდა და ბევრი საკითხი განიხილეს.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.