უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა

უკრაინა განაახლებს შეტევებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა გამოცემა Financial Times-ს.

უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ზელენსკის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა ამერიკული თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მუშაობა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.

15 ოქტომბერს დილით რუსეთის რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ გასულ ღამით და დილით რეგიონზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რიაზანის „სხვა საწარმოში" კი დაზიანებულია საწყობი და ავტომობილები. რა სხვა საწარმოა ეს, მალკოვს არ დაუკონკრეტებია.

უკრაინას რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ

„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზე

ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებები და განცხადებები

9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ამ დღეს მაიამიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელიც დაგეგმილზე ადრე დასრულდა. სააგენტო Reuters-ის ამერიკული წყაროების თანახმად, ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ დიზელის საწვავზე შეთანხმება არის ნაწილი მცდელობისა, რუსეთი დააბრუნონ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან და მისი პოზიცია შეარბილონ.

ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები. თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.

ასევე ნახეთ

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"

„დიზელის შეთანხმებაზე" პრეზიდენტ ზელენსკის რეაქციის შემდეგ, 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“.

კიევმა ენერგოზავს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა შეწყვიტოს შეტევა უკრაინის ენერგოობიექტებზე.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას არაერთხელ მოსთხოვა, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვადასხვა წყაროს ცნობით, კიევს დაემუქრა სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით.

ასევე ნახეთ

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

ბოლო პერიოდში აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა. პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ეკონომიკის კომისარი თვლის, რომ რუსული დიზელის გატანა ბაზრებზე საწვავის ფასზე ვერ იმოქმედებს