პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ. უწყებამ 20 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყიფიანის ადვოკატი ამბობს, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, მსგავს რამ მომხდარიყო.
რადიო თავისუფლებას „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი ორშაბათს საღამოს კლინიკაში გადაიყვანეს; IPN-ს უთხრა, რომ „მრავლობითი დაზიანებები“ ჰქონდა.
ძმების დედა და ადვოკატი ამბობენ, რომ თავდამსხმელებს გარკვეული „კოდის“ გაგება სურდათ მობილურ ტელეფონში შესაღწევად.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, - რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, - დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
ასევე ნახეთ
ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილები„დაზიანებები მიაყენეს ყიფიანმა და სხვებმა“ - ადვოკატი
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რაც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ“, - განუცხადა ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა 20 ოქტომბერს „ფორმულას“ გლდანის ციხესთან, - მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან.
„მისი გადმოცემით და განმარტებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა“ - განაცხადა ადვოკატმა და კიდევ ორი ადამიანის გვარი დაასახელა.
ადვოკატის თქმითვე, ეს ადამიანები დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერს შეუსახლეს საკანში.
ასევე ნახეთ
დავით ფეიქრიშვილის დედა ამბობს, რომ მის შვილს სცემეს – პენიტენციური უარყოფსვატო და შოთა ყიფიანები 15 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - ავთანდილ ბილანიშვილთან, მეტსახელად „კაწროსთან“ ერთად. სამივენი დუმილის უფლებას იყენებენ.
„ვივამედი“ გადაყვანას ადასტურებს
ადვოკატის თანახმადვე, 19 ოქტომბერს, გვიან საღამოს, დავით ფეიქრიშვილი გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“:
„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“, - უთხრა მან „ტვ პირველს“.
რადიო თავისუფლებას „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ 20 ოქტომბერს 15:25 საათისთვის დაუდასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი ორშაბათს საღამოს კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
ზურაბ ჩხაიძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
„21:00 საათზე [მიიღო კლინიკამ] და 20 ოქტომბერს 01:50-ზე გაეწერა კლინიკიდან, - უფრო ზუსტად, გადაყვანილი იქნა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - გვითხრა ივანე ჩხაიძემ.
სხვა დეტალებზე - რა კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა პაციენტს და რა დახმარება გაუწიეს - საუბრისგან მან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რისი გაცემის უფლებაც არ აქვთ.
20 ოქტომბერს, როცა ადვოკატს შეხვდა, დავით ფეიქრიშვილი უკვე ისევ გლდანის ციხეში იმყოფებოდა.
ადვოკატი: „თვითდაზიანებები მიიყენეს“
ადვოკატმა გოგიაშვილმა ასევე თქვა, რომ 16 ოქტომბრის შემდეგ ფეიქრიშვილზე „ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“.
„დღეს რომ შევედი ... ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, - თქვა პაატა გოგიაშვილმა დავით ფეიქრიშვილზე.
ადვოკატის ცნობითვე, დავით ფეიქრიშვილის ტყუპისცალმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, წინა დღეს, 19 ოქტომბერს, მიიყენა თვითდაზიანება.
„იმუქრებოდა“ - პენიტენციური
20 ოქტომბერს 17:15 საათზე პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ:
- „დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა;
- ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.
- დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია“.
ასევე ნახეთ
„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინესგამოვრიცხავ, თუმცა ინფორმაცია არ მაქვს - ყიფიანის ადვოკატი
ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ რადიო თავისუფლებას 20 ოქტომბერს, 14:50 საათისთვის უთხრა, რომ გლდანის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახლების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ვატო ყიფიანი
შესაბამისად, ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის: „რაც მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული, მასთან კომუნიკაცია არ მქონია“. მას არც ფეიქრიშვილის ადვოკატის კომენტარი არ ჰქონდა მოსმენილი.
„ამ საკითხზე [ამ ეტაპზე] ვერაფერს გეტყვით. მე, ჩემი მხრივ, გამოვრიცხავ, თუმცა რადგან ინფორმაცია არ მაქვს, ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა მან.
როგორია ყიფიანი-ფეიქრიშვილების ურთიერთობა
ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს მრავალი წელია, მწვავე დაპირისპირება აქვთ.
პროკურატურა 2020 წლიდან ვატო ყიფიანს ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, აღიკვეთა.
ასევე ნახეთ
ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი თბილისში დააკავეს2021 წელს სწორედ უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს საქართველოში ვატო ყიფიანი.
- 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;
- ვატო ყიფიანი 15 ოქტომბერს დააკავეს ბიძაშვილთან, შოთა ყიფიანთან და ავთანდილ ბილანიშვილთან, მეტსახელად „კაწროსთან“ ერთად.
ასევე ნახეთ
ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავესსახალხო დამცველი: ფეიქრიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა უარი თქვა ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრაზე.
„2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ“, - წერს ომბუდსმენის აპარატი.
ასევე ნახეთ
„დუმილის უფლებას იყენებენ“ - სასამართლომ ყიფიანსა და „კაწროს“ პატიმრობა შეუფარდა20 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, „დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში“.
„იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა“, - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის თანახმადვე, ეს გარემოება „დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა“.
რას ამბობდა ფეიქრიშვილების დედა
პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა, 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრა მოითხოვა. ორივენი მე-8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში არიან.
პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ პროკურატურას ბრალდებულისათვის პაემნებზე შეზღუდვა აქვს დაწესებული, ფეიქრიშვილის მხრიდან ოჯახთან ზარიც „გამონაკლისის სახით დაუშვეს“, ხოლო ფეიქრიშვილის ცემა „კატეგორიულად უარყვეს“.
ნინო აბრამიშვილმა თქვა, რომ მოითხოვა, სახალხო დამცველს ორშაბათსვე მისცემოდა ფეიქრიშვილების მონახულების შესაძლებლობა.
ნინო აბრამიშვილი შვილებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან
„სახალხო დამცველს დავურეკეთ და ასე გვითხრა, ხვალ და ზეგ შევალთო. სახალხო დამცველი ხვალ და ზეგ რად მინდა, დღეს არის ჩემი შვილი ნაცემი“, - თქვა დედამ IPN-თან.
20 ოქტომბერს ომბუდსმენის აპარატმა ასევე თქვა, რომ „კატეგორიულად უარყოფს“ ინფორმაციას, „თითქოს ... აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება“.
ასევე ნახეთ
ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს პატიმრობა შეუფარდეს - ახალი დეტალებიპენიტენციური კვლავ უარყოფს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, - რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, - განაცხადა:
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს“, - წერს პენიტენციური.
რადიო თავისუფლებამ უწყების პრესცენტრს ასევე მიმართა შეკითხვებით:
- ადასტურებენ თუ არა, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში მოხდა ვატო და შოთა ყიფიანებისა და ავთანდილ ბილანიშვილის შესახლება? ახლაც ერთად არიან თუ არა ისინი, ან რაიმე დროს 16 ოქტომბრიდან დღემდე იყვნენ თუ არა ერთ საკანში ან ერთ სივრცეში?
- გიორგი ფეიქრიშვილის მიერ 19 ოქტომბერს თვითდაზიანების შესახებ ადვოკატის განცხადებაზე თუ შეუძლიათ რამის თქმა.
უწყებამ ამ შეკითხვებს არ უპასუხა და მოგვწერა: „გთხოვთ, ჩვენი განცხადებით იხელმძვანელოთ“.
„მობილურის კოდი უნდოდათ“
ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მისი დაცვის ქვეშ მყოფთაგან სურდათ „მობილურის iCloud-ის კოდი“:
„გამოძიება, ეტყობა ვერ ხსნის ამ კოდებს. ასეთი განმარტებაც გააკეთეს დაკავებულებმა, რომ ესენი იმისთვის შეასახლეს ფეიქრიშვილებთან, რათა კონკრეტული ინფორმაცია გაიტანონ გარეთ კოდებთან დაკავშირებით. ინფორმაცია აინტერესებთ მობილურებიდან, რომელსაც ვერ ხსნიან“, - თქვა მან.
ფეიქრიშვილების დედამ კი განაცხადა: „არ ვიცი, რისი პოვნა უნდათ, ამის გამო ჰყავთ წამებაში. არ ვიცი, რა ინფორმაცია იყო ამ ტელეფონში, ვინც ეძებს ეტყობა იმან იცის. ეტყობა, ისეთი კომპრომატია, რომ შესძრავს ამ ქვეყანას“.
- პროკურატურამ 22 სექტემბერს დაკავებულ ფეიქრიშვილებს 2 ოქტომბერს ახალი ბრალდება წარუდგინა - 10 მილიონი ლარის „გათეთრება“; ეს 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- 3 ოქტომბერს საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა ფეიქრიშვილების შესაძლო კავშირი უკანონო „ქოლცენტრების“ სქემასთან.
- „სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთმარიამ ბერძენიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორია, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის. ლილუაშვილს 16 სექტემბერს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ქოლცენტრების მფარველობისა“ და ქრთამის აღების ბრალდებით.
ასევე ნახეთ
მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?შენიშვნა: სტატია 20 ოქტომბერს არაერთხელ განახლდა დამატებითი დეტალებით, პენიტენციური სამსახურის, ვატო ყიფიანის ადვოკატისა და „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის კომენტარებით.