მისტერ დიდსი და საკონსტიტუციო სასამართლო

გოგი გვახარია გვირჩევს პარასკევს საღამოს სანახავ ფილმს, „მისტერ დიდსი ქალაქში გადადის“ (Mr. Deeds Goes to Town).

„მისტერ დიდსი ქალაქში გადადის“(აშშ, 1936 წელი, რეჟისორი ფრენკ კაპრა)

წლების წინ კოტე კუბლაშვილმა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კარგი კინოს დიდი მოყვარული იყო, შესანიშნავი წიგნი მაჩუქა - ესპანელი იურისტების, ბენიამინ რივაიას და პაბლო დე სიმას „სამართალი კინოში“, ე.წ. იურიდიული კინოს პირველი სერიოზული კვლევა მსოფლიოში. ბატონი კოტე, წიგნის გამოცემის ინიციატორი და სამეცნიერო რედაქტორი, აპირებდა ამ კვლევის გამოყენებას სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობის დროს - პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი უნივერსიტეტებში, მომავალ იურისტებთან.

„სამართალი და კინო. 100 ფილმი“ ჩემი სამაგიდო წიგნია. ძალიან საინტერესოა, როგორ განიხილავენ ფილმებს და რაზე ამახვილებენ ყურადღებას სამართლის მცოდნეები. მაგალითად, ყველა დროის საუკეთესო „იურიდიულ ფილმებს“ შორის წიგნის ავტორებმა განსაკუთრებული ადგილი მიაკუთვნეს ფრენკ კაპრას კინოსურათს, „მისტერ დიდსი ქალაქში გადადის“, რომელიც განხილულია, როგორც ნიმუში საპროცესო და კერძო სამართლის, იურიდიული რეალიზმისა და იდეალიზმის შესახებ დებატების მოსაწყობად.

თუმცა ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფენ, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში გადაღებული კაპრას ფილმი არ ძველდება არა მარტო როგორც უბრალოდ შესანიშნავი კინო... არ ძველდება იმის გამოც, რომ ძალაუფლება კვლავ მიმართავს არაერთხელ ნაცად ხერხს - როდესაც განსხვავებულის განადგურება სურს, პირველ რიგში, იურიდიულ ლექსიკონს გადაშლის ხოლმე.

ასევე ნახეთ

„დიგერი“ - კაკაფონიად ქცეული რეალობა

მგონი, ამ პლანეტაზე ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, რომელმაც ნახა ფრენკ კაპრას „ცხოვრება მშვენიერია“ და მაშინვე არ შეუყვარდა ამერიკელი რეჟისორის საუკეთესო ფილმი, გადაღებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა მჯეროდა, რომ „ცხოვრება მშვენიერია“ წამალი იყო უსამართლობის წინააღმდეგ, რომ ფილმს შეეძლო ყველაზე უგულო ადამიანშიც კი გაეღვიძებინა ადამიანობა.

ალბათ იმიტომ, რომ თავად კაპრასაც სჯეროდა სამართლიანობის გამარჯვების. მისი ეს რწმენა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ კინოს ისტორიაში ტერმინიც კი დამკვიდრდა - Capraesque („კაპრაესკური“), რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს იდეალისტურ, ოპტიმისტურ ტონს, „პატარა ადამიანის“ ბრძოლას კორუმპირებული სისტემის, ხარბი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ, საზოგადოების ერთობის ძალას, როდესაც უბრალო ადამიანები მთავარი გმირის დასახმარებლად და სამართლიანობის აღსადგენად ერთიანდებიან ხოლმე.

ასეა ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“, ასეა „მისტერ დიდსში“, რომელიც ერთდროულად სოციალური დრამა, „იურიდიული ფილმი“ და ბიბლიური იგავია. აქ დაძაბულობის კულმინაცია სასამართლო დარბაზში დგება, სადაც ის, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, ცდილობს, მთავარი გმირი - ქალაქში დამკვიდრებული პროვინციელი ახალგაზრდა მისტერ დიდსი - შეურაცხადად ცნოს, რათა მემკვიდრეობით მიღებული ქონება წაართვას.

ასევე ნახეთ

სუზან სარანდონის უსაფრთხო გასასვლელი

დიდსი ამჩნევს, რომ თავად მოსამართლეც კი არ არის იდეალურად „სტანდარტული“ და ფიქრის დროს ფურცელზე რაღაც სიმბოლოებს ხატავს. „თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, O-ებს ხატავთ... ზოგიერთი ადამიანი ფრჩხილებს იკვნეტს, ზოგი ჰალსტუხს ისწორებს, ზოგიც მონეტებს ათამაშებს ჯიბეში... ყველას გვაქვს ჩვენი უცნაურობები, მაგრამ თუკი ამის გამო ადამიანების გამოკეტვას დავიწყებთ, გარეთ აღარავინ დარჩება“...

მისტერ დიდსის ეს მონოლოგი, მრავალფეროვნების დაცვა, ტიპურია ფრენკ კაპრას შემოქმედებისთვის, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მწვავეა, ვიდრე ამერიკელი რეჟისორის სხვა ფილმებში. კაპრა გვახსენებს, რომ არა მარტო საზოგადოებაა მრავალფეროვანი, არამედ მართლმსაჯულებაც არ არსებობს სტერილურ ვაკუუმში. თუკი სასამართლო დაიწყებს პოლიტიკოსების „გამოკეტვას“ (აკრძალვას!) მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, პოლიტიკურ ველზე აღარავინ დარჩება.

პროცესის დასაწყისში მისტერ დიდსი საერთოდ არ იცავს თავს. დუმს, რადგან იმედგაცრუებულია საზოგადოებით და მართლმსაჯულებით. გარი კუპერი, რომელიც დიდსის როლს ასრულებს, სრულიად გენიალურია სასამართლოს სცენებში. როგორც კი ლაპარაკს იწყებს, მისი ეს სტილი - მაქსიმალური თავშეკავებულობა, ხაზგასმულ ჟესტსა და მიმიკაზე უარის თქმა, იმ პერიოდის კინოსთვის წარმოუდგენელი მისი ეს მინიმალიზმი - მგონი, ერთდროულად აღაგზნებს მაყურებელსაც და სასამართლოსაც (მათ შორის იმათაც, ვისი „გაკეთილშობილებაც“ წარმოუდგენლად გვეჩვენება პროცესის დასაწყისში).

ეს სცენა, რომელიც ფაქტობრივად კულმინაციურია, შესანიშნავი მეტაფორაა საზოგადოებრივი ნიჰილიზმისა და აპათიის საჩვენებლად. თითქოს სწორედ აქ დაინახავს საზოგადოება აბსურდს, რომელშიც უხდება ცხოვრება „დიდი დეპრესიის“ ეპოქაში.

ასევე ნახეთ

ფილმი, რომელმაც ადამიანი გადაარჩინა

როდესაც მოქალაქეები და პოლიტიკოსები ხელს ჩაიქნევენ ინსტიტუტებზე, სისტემას ეძლევა შანსი, საკუთარი ნება მოახვიოს ხალხს, ქვეყანას. მისტერ დიდსის „გამოფხიზლება“ და თავდაცვა აჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სისტემა მარცხდება არა იმიტომ, რომ კანონი შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ სიმართლემ დაიბრუნა თავისი სახელი.

თავის ფილმებში ფრენკ კაპრა არ იღლება, მაყურებელს ერთი და იგივე გაუმეოროს - გაახსენოს მას, რომ პოლიტიკური ნიჰილიზმი, იმედგაცრუება და, შესაბამისად, საზოგადოების დუმილი სწორედ ის ნოყიერი ნიადაგია, რომელზეც ხარობს და იზრდება ავტორიტარიზმი. როდესაც სისტემა განსხვავებულ სუბიექტებს (მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს) „სამართლებრივ საგიჟეთში“ ამწყვდევს და მრავალფეროვნებას კრძალავს, მოქალაქეების გულგრილობა ძალაუფლების მთავარ იარაღად იქცევა.

1936 წელს ჰოლივუდმა შემოგვთავაზა იდეალისტური ზღაპარი, რომელშიც საღი აზრი და სამართლიანობა იმარჯვებს. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, სადაც კინემატოგრაფიული „ჰეპი ენდები“ გარანტირებული არ არის, მართლმსაჯულების თეატრი მხოლოდ მაშინ გადაიქცევა ნამდვილ სასამართლოდ, როდესაც საზოგადოება მისტერ დიდსის მსგავსად იტყვის უარს დუმილზე და საკუთარი უფლებების დაცვას თავადვე აიღებს ხელში.

როგორ? ის 100 „სასამართლო ფილმი“, რომლებიც ესპანელი იურისტების წიგნში შევიდა, სამართლიანობისთვის ბრძოლის რეცეპტებს არ იძლევა. მაგრამ ასივე ფილმის ავტორებს ერთი მიზანი მაინც აერთიანებთ - მათ ძალიან უნდათ, თავისუფლება შეგვაყვარონ.

ფილმის სრულ ვერსიას ნახავთ აქ:


ასევე ნახეთ

ჰომეროსიდან დისნეილენდამდე