"ბრიუსელი პატივს არ გვცემს, ჩინეთი - კი” - რისი თქმა სურს "ქართულ ოცნებას"?

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 6-8 ნოემბერს სტუმრობდა.

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები ჩინეთს “ერთადერთ მშვიდობიანი ზესახელმწიფოს“ უწოდებენ და ჩინეთთან ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ. პარალელურად, უფრო კონფრონტაციული ხდება ტონი ევროკავშირის - როგორც "ქართული ოცნება" აზუსტებს - "ბრიუსელის ევრობიუროკრატიის" მისამართით.

“ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი - პატივს სცემს”, - უთხრა ჟურნალისტებს, 9 ნოემბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც პეკინისა და ევროკავშირის საქართველოსადმი დამოკიდებულება შეადარა ერთმანეთს.

"ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემკვრელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში", - თქვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მადლობას უხდიდნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის; თუმცა ხან ჭენგის განცხადებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთოდ არ არის ნახსენები.

პოლიტიკის ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელის პეკინით ჩანაცვლებას ცდილობს.

ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმებიან ოკუპირებულ ცხინვალში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6-8 ნოემბერს სტუმრობდა. გაფართოებულ ფორმატში გაიმართა მისი შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის სასახლეში. ხან ჭენგი და ირაკლი კობახიძე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ასევე ნახეთ

ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ცვლილებები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება

პეკინი და ბრიუსელი - რას ადარებს "ოცნება"?

“ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. [პეკინისგან - რ.თ.] ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, - უთხრა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა, უკვე 10 ნოემბერს, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის მიწვევით პრაღაში ყოფნისას.

მანამდე, პაპუაშვილმა თქვა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი პირველად სწორედ საქართველოში ჩამოვიდა - ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - სამხრეთ კავკასიის მასშტაბით.

ასევე ნახეთ

თბილისში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

“ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ”, - თქვა 10 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. მან უკმაყოფილება გამოხატა ევროკომისიის ბოლო მწვავე ანგარიშის გამო, შეფასებებს “უსაფუძვლო” უწოდა და ევროპელი პარტნიორები საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაში დაადანაშაულა. ეს "ქართული ოცნების" ძველი ბრალდებაა ბრიუსელის მიმართ, რომელსაც, მათი განმარტებით - ე.წ. გლობალური ომის პარტია მართავს.

“მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც გააკეთებინებენ ყველაფერს და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში”, - თქვა კირცხალიამ გამოსვლაში, რომელიც ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ პატივისცემის გამოხატვით დაიწყო: “ამ მაღალი დონის ურთიერთობას ვაფასებთ, ვუფრთხილდებით და მზად ვართ ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის”.

ასევე ნახეთ

პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს

ამავე სხდომაზე, “ქართული ოცნების” უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველ ქვეყნებს, მათ შორის - ჩინეთთან და რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა უწევთ; ხოლო ეს "კატასტროფა" იქნება საქართველოს ტურიზმისთვის თუ სატრანზიტო საკვანძო როლისთვის.

“ქართული ოცნების” წევრებმა ასევე საჯაროდ უსაყვედურეს ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას, რომ მათ არ დააფასეს უპრეცედენტო მოვლენა - უმაღლესი რანგის სტუმრის ჩამოსვლა ჩინეთიდან.

“მათ [ოპოზიციას] პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ და საერთოდ არავითარი მესიჯი არ გაეჟღერებინათ ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს უსამშობლო წვრილფეხა აგენტურაც ასრულებს პატრონების დავალებას”, - უთხრა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს 11 ნოემბერს.

როდესაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა, 5 ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების მორიგი ციკლისთვის ემზადებოდა, სადაც, "ქართული ოცნების" სარჩელის საფუძველზე, მათი აკრძალვის საკითხი განიხილება.

ასევე ნახეთ

კობახიძემ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად დაასახელა

“ოცნება” დღემდე “გლობალური ომის პარტიიდან”/"დიპ სტეიტიდან" მომავალი საფრთხეებით ამართლებს ყველა იმ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას, რომელთა გამოც, საქართველო დასავლელ პარტნიორებს დაშორდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ “ქაღალდზე რჩება”.

ევროკავშირის ჩანაცვლება?

ჩინეთის მიმართ ხაზგასმული კეთილგანწყობა, ხოლო ევროკავშირის მიმართ გამოკვეთილი კონფრონტაცია არ უკვირს “ქართული ოცნების” ყოფილ თანაგუნდელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელს, თინა ხიდაშელს.

“ეს [ირაკლი] ღარიბაშვილის 2023 წლის მონაგარია… მაშინ ძალიან ეჩქარებოდა ღარიბაშვილს, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყოდა [მანამდე, ევროკომისიის ერთი უარი უკვე იყო 2022 წლის ივნისში - რ.თ.] და როგორც ჩანს, მაშინ ბიძინამ [ივანიშვილმა] გადაწყვიტა, რომ როგორც მას ჰგონია, ჭკუა უნდა ასწავლოს ბრიუსელს და აჩვენოს, რომ დიდ ბიჭებთან თამაში შეუძლია… ეს პროექტი დაიბადა ბრიუსელთან კონფრონტაციისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი და დასძენს, რომ "სიჩქარე ორ ქვეყანას შორის მაშინ გაფორმებული შეთანხმების სადავო ტექსტსაც ეტყობა".

ასევე ნახეთ

საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წელს გააფორმა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. ის ახლა ფულის გათეთრების მუხლით იხდის სასჯელს და პარალელურად, კორუფციასთან დაკავშირებული ახალი ბრალდებითაც ასამართლებენ.
  • 2023 წლის 29 ივლისს ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ამგვარი განზრახვის შესახებ მანამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო.
  • 2026 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის რანგში გადადის. პეკინსა და თბილისს შორის ეს შეთანხმება დისტანციურად, ლიდერებს შორის მისალოცი წერილების გაცვლის დროს, დისტანციურად გაფორმდა.

ასევე ნახეთ

ივანიშვილის იშვიათი შეხვედრები უცხოელებთან - ვის შეხვდა, ვის არა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს არ შეხვედრია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. 6 ნოემბერს, როდესაც ხან ჭენგი საქართველოში ჩამოვიდა, ივანიშვილი ისრაელის ელჩს ხვდებოდა. ამ შეხვედრამ საზოგადოებაში არაერთი უპასუხო შეკითხვა გააჩინა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევროკავშირის ჩინეთით ჩანაცვლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, რადგან “ავტორიტარული ჩინეთი არ გამოხატავს პრეტენზიას ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, რასაც ითხოვს ევროკავშირი".

"კი, ჩინეთი სწრაფად ვითარდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ის არ არის დემოკრატიული სახელმწიფო... ვაჭრობა კი საჭიროა - ჩინეთთან ვაჭრობს აშშ და ევროკავშირი - მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ჩინეთზე ორიენტაციის აღება მიუღებელია”, - ჩიტაძე გვეუბნება ასევე, რომ ჩინეთთან ურთიერთობებში გასათვალისწინებელია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც პეკინის "ვალების მარწუხებში" მოექცნენ, რასაც შემდეგ არასახარბიელო ვალდებულებების დაკისრება მოჰყვება ხოლმე.

ასევე ნახეთ

საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორის

ასევე ნახეთ

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ციფრებში

საქართველოს სხვადასხვა რანგის სამთავრობო თუ საპარლამენტო დელეგაციები ხშირად ჩადიან ჩინეთში. იგეგმება პირდაპირი ავიაფრენების არეალის გაფართოებაც.

2026 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდას გეგმავს.

საქსტატის თანახმად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა:

  • ჩინეთი საქართველოსთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია;
  • 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 2.3 მილიარდი ამერიკულ დოლარს შეადგინა;
  • აქედან [ჩინეთიდან] იმპორტი - 1.7 მილიარდ დოლარია [შარშან, ანალოგიურ პერიოდში იყო 1.4 მილიარდი];
  • ხოლო [საქართველოდან] ექსპორტზე - 583 მილიონი დოლარი [შარშან იყო 217 მილიონი ].


2026 წლის პირველ 9 თვეში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლები: საქართველოში 7 443 ათასი ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 71 მილიონ დოლარს აღემატება.

- 2025 წელს [იანვარ-სექტემბერი] იმპორტირებული იყო 4 520 ავტომობილი, 40.410 მილიონი დოლარის ღირებულებით;

- 2022 წლის ანალოგიური მაჩვენებელი იყო - 1 092 ავტომობილი და 9.010 მილიონი დოლარი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველ ორ კვარტალში, ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა - 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით.

ასევე ნახეთ

„გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება“ - რა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვებზე

თინა ხიდაშელის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან დისტანცირებისა და მათი მხარდაჭერის დაკარგვის პირობებში, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სარისკოა საქართველოსთვის და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რისკებს შეეხება, რადგან "უკრაინაში განთავსებული ჩინური [სათვალთვალო] კამერებიდან ინფორმაცია პირდაპირ მოეწოდებოდა მოსკოვს, ომის დაწყების შემდეგ - ვიდრე ისინი უბრალოდ არ ჩამოხსნეს უკრაინელებმა".

"ამაზე [უსაფრთხოების ჩინურ ტექნოლოგიებზე] უარი აქვს ნათქვამი ყველა დასავლურ სახელმწიფოს - საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის პატივისმცემელ ყველა სახელმწიფოს...ამასობაში, ჩვენ [საქართველომ - რ.თ.] ყველა ასეთ სახელმწიფოსთან გავაფუჭეთ ურთიერთობები", - ამბობს ხიდაშელი.

ასევე ნახეთ

როგორ აკონტროლებს საქართველოს ტყეებსა და მთებს ჩინური, მათ შორის სანქცირებული ტექნოლოგიები

“ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის”, - უთხრა კობახიძემ კომუნისტური პარტიის მიერ მართული ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, 6 ნოემბერს, შეხვედრის დროს.

უჭერს თუ არა ჩინეთი მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

ოფიციალურ განცხადებებში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად უხდიან მადლობას ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა თბილისში ვიზიტისას არ უხსენებია.

„ჩინეთი მიესალმება საქართველოს მტკიცე ერთგულებას „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი და მის ხანგრძლივ მხარდაჭერას ჩინეთის პოზიციის მიმართ ტაივანთან, სინძიანთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით - განაცხადა ხანმა და დასძინა, რომ ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს - მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დაცვაში“, - ვკითხულობთ ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში.

ასევე მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარების ინტერესებზეა ლაპარაკი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების ქართულად ნათარგმნ ციტატაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

რატომ არ ახსენებენ ტერიტორიულ მთლიანობას?

„ეს რაიმე შემთხვევითობა კი არ არის და კი არ გამორჩათ. დიპლომატიური ენა ჩინეთში იმ დონეზეა, რომ უბრალოდ გამორიცხულია შეცდომა. ეს არის განზრახული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე იმიტომ არ საუბრობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, რომელთანაც ჩინეთს ყოვლისმომცველი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული“, - ეუბნება თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას და დასძენს, რომ - პეკინი ყოველთვის ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, რომელ ქვეყანასაც არ უნდა ელაპარაკებოდეს ის და ამიტომ - „ჩინეთი ვერასოდეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“.

საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, რომელსაც 2023 წელს მოეწერა ხელი, ერთ-ერთი სადავო ჩანაწერი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უკავშირდებოდა. კერძოდ, ტექსტში წერია, რომ:

  • ორივე მხარე [ჩინეთი და საქართველო - რ.თ.] კვლავ ადასტურებს პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
  • საქართველო მტკიცედ ემხრობა „ერთი ჩინეთის“ პრინციპს.

ამ ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, იცავს თუ არა ჩინეთიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე კვლავ ეს - 2023 წლის დოკუმენტია გამოქვეყნებული. ღია წყაროებში სხვა დოკუმენტი არ იძებნება.

პეკინთან თბილისის ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმებიან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. იქ ამას თბილისზე „დასავლური ზეწოლის რეალურ ალტერნატივად” განიხილავენ.

ასევე ნახეთ

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო თბილისს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

ჩინეთის ზეგავლენების გაძლიერება მომხიბვლელია საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე ძალებისთვის, რომლებიც ასევე მუდმივად ცდილობენ ევროკავშირის დაკნინებას.

„დღეს არცერთ რეგიონულ თუ გლობალურ ძალას გავლენის თვალსაზრისით არ გააჩნია რაიმე ტიპის ექსკლუზივი სამხრეთ კავკასიაში. ვხედავთ, რომ იზრდება ჩინეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და მისი ეკონომიკური ინტერესები ჩვენს რეგიონში. სწორედ ძალთა ბალანსის ამ რეალობაში ნეიტრალიტეტი ყალიბდება როგორც ყველაზე რეალისტური და ოპტიმალური გზა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პარტიის, ანტიევროპული რიტორიკით გამორჩეული - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, 5 ნოემბერს, როდესაც თბილისში „ნეიტრალიტეტის ფორუმს“ მასპინძლობდა.

ასევე ნახეთ

„ნეიტრალიტეტის ფორუმი“ თბილისში - როგორ ეძებს ანტიევროპული პარტია მეტ მხარდაჭერას ხალხში

თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი ოქსიმორონს წარმოადგენს და ამ საკითხის სერიოზულად განხილვაც კი წარმოუდგენელია, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

ჩინეთის გეგმები და საქართველოს ადგილი "გლობალური სამხრეთში"

ჩინეთის საელჩოს თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა, ხან ჭენგმა თბილისში ვიზიტისას, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესწავლისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის განახლებული ოქმის იმპლემენტაციის საჭიროებებს გაუსვა ხაზი და ილაპარაკა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე: დაკავშირებადობის, განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, ტურიზმის, ახალგაზრდული გაცვლებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით.

აქვეა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების სხვა ასპექტებიც, რაც საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობასაც მოიცავს.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლიანობა და კანონიერება, შეინარჩუნოს მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, განახორციელოს ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, ხელი შეუწყოს თავისუფალ ვაჭრობას და დაიცვას ორი ქვეყნისა და „გლობალური სამხრეთის“ ერების საერთო ინტერესები - განაცხადა ხანმა [ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა]”, – წერია ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოფიციალურ ცნობებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა, გლობალური სამხრეთი (Global South) სოციალურ-ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ტერმინად მიიჩნევა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს განვითარებად, ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებს, უპირატრესად - აფრიკა, ლათინური ამერიკა, აზია, ოკეანეთი. ბევრისთვის სადავოა, რატომ მოიაზრება აქ ჩინეთი. არ არის ნახსენები.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „გლობალური სამხრეთის“ „წამყვან ჯგუფად“ მიიჩნევს BRICS-ს, 10-ქვეყნისგან შემდგარ ალიანსს, რომლის სრულუფლებიანი და ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია - რუსეთი.

ასევე ნახეთ

სი ძინპინმა BRICS-ს მოუწოდა, იყოს მშვიდობისმყოფელი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში

საქართველო, ჩინეთთან ერთად - „გლობალური სამხრეთის“ ნაწილად მოიხსენია ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმაც, გასული წლის ნოემბერში, როდესაც ის შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენისთვის [CIIE] ჩასულ ლიდერებს შორის - ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

გასულ წლებში საქართველო არასოდეს პოზიციონირებდა "გლობალური სამხრეთის" ნაწილად, სადაც არ შედიან ევროკავშირის ქვეყნები. ევროკავშირისთვის საქართველო არა აზიის, არამედ ევროპის ნაწილია.