Accessibility links

ბლოგები

შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩი აუცილებელი არაა, პროფესიონალი დიპლომატი იყოს, მაგრამ აუცილებელია, იყოს გამორჩეული ავტორიტეტის, შრომისუნარიანობისა და წარმატებული პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

როგორი უნდა იყოს დათვი?

ქართული მულტფილმი

საქართველოსათვის გერმანია მნიშვნელობით, პირველი თუ არა, მეორე ქვეყანაა. ევროკავშირის აღმოსავლეთისა და საქართველოს პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად ის განსაზღვრავს. ამიტომ იმას, თუ ვინ იქნება საქართველოს ელჩი გერმანიაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, საქართველოს ელჩს მინიმალური გავლენა აქვს გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ ეს მინიმალური გავლენა მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ, საქართველო ძალიან ბევრს მოიგებს.

მოკლედ გადავავლებ თვალს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს დრო ბერლინში მაქვს გატარებული და ამ ურთიერთობებთან პროფესიული შეხებაც მქონდა.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებზე იყო ორიენტირებული და გერმანიას (და ევროკავშირს), ფაქტობრივად, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ამ საგარეო პოლიტიკის გამოხატულება გახდა ელჩად „კმარას“ აქტივისტისა და შემდეგ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან დუჩიძის დანიშვნა. ასაკითა და გამოცდილებით თავისი თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელი დუჩიძის ელჩად გამოგზავნა გერმანიის მთავრობამ სამართლიანად აღიქვა, როგორც საქართველოსათვის გერმანიის უმნიშვნელოობის გამოხატულება. შესაბამისი იყო პასუხიც, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობის თანდათანობით შემცირებაში გამოვლინდა. მართალია, რომ 2006-2011 წლებში გერმანიის საგარეო პოლიტიკა ანგარიშს უწევდა რუსეთს და სჯეროდა ფორმულისა − „ცვლილება დაახლოების გზით“, − რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა თავისი ისტორიული (და მაშინ წარმატებული) აღმოსავლეთის პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია. პრეზიდენტი სააკაშვილი ტლანქად და მოუფიქრებლად შეეცადა, ნატოში საქართველოს გაწევრიანების ფორსირებისათვის გამოეყენებინა აშშ-ის გავლენა ევროკავშირის ქვეყნებსა და გერმანიაზე. ეს გათვლა მცდარი გამოდგა. გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუთმეს ვაშინგტონს. ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველომ ვერ მიიღო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და დაუცველი აღმოჩნდა რუსეთის აგრესიის წინაშე.

ამ დიპლომატიური წარუმატებლობის შედეგად გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მთავრობაც მიხვდა. პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგი არჩევანი ორიგინალური გამოდგა. საქართველოს ელჩად დანიშნეს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, გერმანიის მოქალაქე, ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის პირდაპირი შთამომავალი. მართალია, ქალბატონმა ფონ ჰაბსბურგმა ქართული არ იცოდა (ამიტომ გაუგებარი იყო, როგორ ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან), მაგრამ მან შეძლო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამის გაკეთება: აამაღლა დუჩიძის ელჩობისას საქართველოს საელჩოს ნულს ქვემოთ დაცემული ავტორიტეტი; საქართველოს საელჩო ისევ გახდა ადგილი, რომელსაც სტუმრობდნენ სერიოზული პოლიტიკოსები და ყურს უგდებდნენ ელჩის ნათქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ელჩი არც დიპლომატი ყოფილა, არც პოლიტიკოსი და იქამდე არც სახელმწიფო სამსახურთან (მით უმეტეს, ქართულთან) ჰქონია შეხება, გერმანია მას მაინც კეთილგანწყობით შეხვდა. მან მოახერხა, საქართველო გერმანიის პოლიტიკურ თვალსაწიერში დაებრუნებინა.

შემდეგი ელჩი, უკვე მთავრობის ცვლილების შემდეგ, ლადო ჭანტურია გახდა − სამართლის პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამოქალაქო კოდექსისა და მრავალი კანონის თანაავტორი, რომელსაც გერმანიაში კარგად იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში იყო მიწვეული პროფესორი ბრემენის უნივერსიტეტში და საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი პიონერი და სულისჩამდგმელი. მისი რანგის ელჩს გერმანია დიდი კეთილგანწყობით შეხვდა, რადგან ელჩის (თუნდაც არაპროფესიონალი დიპლომატის) წონა შეესაბამებოდა საქართველოსათვის გერმანიის გაზრდილ საგარეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

რაკი ლადო ჭანტურია მალე დატოვებს გერმანიის ელჩის თანამდებობას, თავს უფლებას ვაძლევ, შევაფასო მისი საქმიანობა, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებდი თვალს. ამ საქმიანობის ხილული შედეგი იყო გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაზრდილი დინამიკა, გახშირებული ვიზიტები უმაღლესსა და მინისტრების დონეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალი და საშუალო რანგის ვიზიტებზე. ახლა თითქმის ყველა ქართველი მინისტრი პირადად იცნობს თავის გერმანელ კოლეგას და მასთან პირდაპირი კონტაქტი აქვს. ამ ურთიერთობის არაერთი წარმატებული შედეგიდან გამოვყოფდი საქართველოში ფაქტობრივად განადგურებული პროფესიული განათლების აღორძინებას, რომელიც სწორედ გერმანელთა მხარდაჭერით განხორციელდა და მორგებულია გერმანულ დუალურ მოდელს (რაც გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული სწავლების შერწყმას).

მიმდინარე წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელია, რომელიც მოიცავს სამ იუბილეს: გერმანელ კოლონისტთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეასე და ამ ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს. საზეიმო ღონისძიებათა ჭეშმარიტი გვირგვინია მაინის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობა „სტუმარი ქვეყნის“ სტატუსით.

ელჩის საქმიანობის უხილავი ნაწილი იყო ყოველდღიური შეხვედრები გერმანიის ყველა ფედერალური მხარის პოლიტიკოსებთან. ეს მიმართულება სწორედ ლადო ჭანტურიას ელჩობის პერიოდში გაძლიერდა. იმის გაცნობიერება, რომ გერმანია ფედერალური ქვეყანაა და მის პოლიტიკას განსაზღვრავენ არა მარტო ფედერალური მთავრობა და პარლამენტი, არამედ ფედერალური მხარეების მთავრობები და პარლამენტები, და ამ გარემოების ქცევა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამ პოლიტიკის შედეგებს დღეს, შესაძლოა, ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ხვალ აუცილებლად დავინახავთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის არჩევა უმნიშვნელოვანესია. ცხადია, რომ ლადო ჭანტურიას რანგის, ცოდნის, ტაქტის, ალღოს, რეპუტაციისა და შრომისუნარიანობის ადამიანის პოვნა იოლი საქმე არ არის. მაგრამ იმ სტანდარტის დაწევა, რომელიც ახლა გვაქვს გერმანიასთან ურთიერთობაში (თუნდაც ელჩის არასწორი შერჩევით), უკიდურეს ზიანს მიაყენებს საქართველოს საგარეო და, საბოლოო ანგარიშით, შიდა პოლიტიკას. ახალი ელჩი, ისევე, როგორც გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და ლადო ჭანტურიას შემთხვევაში, აუცილებელი არაა, პროფესიონალი დიპლომატი იყოს, მაგრამ აუცილებელი და სავალდებულოც კია, იყოს გამორჩეული ავტორიტეტის, შრომისუნარიანობისა და წარმატებული პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და არსებული პოტენციალის კიდევ მეტად გაფართოებას.

აბა, რომელ ქართველ რეჟისორს დამისახელებთ, რომელსაც შეუძლია აჩვენოს თანამედროვე საზოგადოება, როგორც ადამიანურობისგან, სოლიდარობისგან დაცლილი, კარიერისტებით, კონფორმისტებით, ლაჩრებით სავსე საზოგადოება ისე, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა გმირს დაუტოვოს მომხიბვლელობა, ადამიანურობა, არავინ გაკიცხოს და არსად წაგვიკითხოს მორალი?

სავარძელი ძალიან ცუდი მეტაფორაა. იმდენად ცუდია, რომ გეკარგება სურვილი, ნახო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი, რომელსაც ყველაფერთან ერთად ცუდი ტრეილერი აქვს. სავარძელი არის გაცვეთილი, ბანალური, გადაღეჭილი მეტაფორა - ვიცით, ბატონო, რომ წარმატებაზე და, შესაბამისად, ძალაუფლებაზე ოცნება არა მარტო ”ქართული ოცნებაა” და არა მარტო ქართველებს გვახასიათებს. მით უფრო, ქართული კინოს კლასიკოსის ფილმის გადაღების კონტექსტიც თუ ვიცით, - მაგალითად, ის, რომ ფილმი ”ქართუს” დახმარებითაა გადაღებული, სცენარი კი დაწუნებული კინოცენტრის კომისიის მიერ, - საერთოდ შეიძლება მთქნარება აგვიტყდეს და გვეგონოს, რომ ელდარ შენგელაია პოლიტიკური კონიუნქტურის მოთხოვნებს ვერ გასცდა, რომ გადაიღო მხოლოდ და მხოლოდ ”სატირა წარსულზე”, იმაზე, თუ რა იყო და როგორ განთავისუფლდა ქართული საზოგადოება, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ”ალალი ხალხი”.

სადღაც ფილმის მსვლელობის მეათე წუთამდე, ამ გორგოლაჭებზე მოსრიალე მდივან ქალს რომ ვუყურებთ და მსახიობებს, რომლებიც ისე თამაშობენ, როგორც ოდესღაც საბჭოთა სატირულ-იუმორისტულ კინოსერიაში ”ფიტილი”, ახლა უკვე კინოდარბაზის სავარძლიდან ადგომის სურვილი გიჩნდება, მარტივი და გასაგები დასკვნით ”ელდარი დაბერდა”, ”ელდარი კინოს ვერ იღებს”... დაუმატეთ ამას გაცვეთილი სახეები ”იუმორინიდან”, მაგალითად, სომეხი (!) მოსამსახურე, თავისი ცოლით (ეს უკანასკნელი აბეზღებს ფილმის გმირს, ყოფილ მინისტრს და გარეთ გამოაქვს მისი წარსულის ამსახველი დოკუმენტები), გაუმართავი სცენარი, დიალოგები, რომლებსაც ”არაჩვეულებრივი გამოფენისგან” და ”ცისფერი მთებისგან” განსხვავებით ვერ დაიმახსოვრებ (არც რეზო გაბრიაძეა ფილმის სცენარის ავტორი და არც რეზო ჭეიშვილი) და მიიღებთ არა დიდი ოსტატის ახალ ფილმს, არამედ კარიკატურას დიდი ოსტატის კინოზე, უფრო მეტად ”ცისფერ მთებზე”, რომელაც თავის მხრივ ელდარ შენგელაია იმდენად ვერ ელევა, რომ ”გრენლანდია” ისევ შემოაქვს თავის ახალ ფილმში, როგორც თვითციტატა.

მაგრამ აქ ამოვისუნთქოთ და გავიხსენოთ, რომ კარიკატურა ხელწამოსკრავი რამ არ არის და კარიკატურის ჟანში შედევრებიც შექმნილა. როდესაც ავტორი საკუთარი შემოქმედების კარიკატურას მიმართავს, თან ამას ღიად, ”პრინციპულად” აკეთებს (”გრენლადიის” ციტატა შემთხვევითი არაა), უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტა მან თავისი ამოცანა, და არ დავემდუროთ, არ ვიქილიკოთ მის არჩევანზე და, საერთოდ, რაღაც საზიზღარი ეიჯიზმით არ გავამართლოთ ჩვენი გადაწყვეტილება, შეგვეწყვიტა ფილმის ყურება და გამოვსულიყავით კინოდარბაზიდან, ანდა მხოლოდ ფილმის ტრეილერი გვენახა და წინასწარი დასკვნები გამოგვეტანა.

”როგორ უნდა წავიდე და ავიღო ბილეთი ფილმზე, რომელშიც ერთ-ერთ როლს ვიტალი ხაზარაძე თამაშობს?!” - ასეთი გამართლებაც მოვისმინე იმათგან, ვინც ”სავარძელს” ბოიკოტი გამოუცხადა. უნდა გითხრათ, რომ ვიტალი ხაზარაძე მშვენიერი მსახიობი ყოფილა. თუმცა ეს არაა მთავარი; როცა ფილმში ხელისუფლება იცვლება და სურათის მთავარი გმირი, გიორგი, მინისტრის სავარძელს ტოვებს, მის პოსტს ოდესღაც ამ ხელისუფლების მიერ დაჩაგრული... ვიტალი ხაზარაძე იკავებს. რა თქმა უნდა ხვდები, რატომ აირჩია ამ როლზე რეჟისორმა სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების სახე; იმაზეც იწყებ ფიქრს, რომ ”სავარძელში” ძველი ხელისუფლება, სასტიკი ხელისუფლება, რომელიც დევნილებს სახლებიდან ყრიდა, წყნეთის აგარაკებს ეუფლებოდა (ერთ ლარად!) შეიცვალა არა ”ალალი ხალხით”, არამედ იმ ხალხით, რომელმაც მთლად წარსულში დაგვაბრუნა - შევარდნაძესთან. სხვათა შორის იმ შევარდნაძესთან, რომლის საქართველოში დაბრუნებას ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ელდარ შენგელაიაც მიესალმა. ამას რომ ხვდები, სხვაგვარად იწყებ ”სავარძლის” ყურებას და აღმოაჩენ, რომ დიდმა ოსტატმა გადაიღო არა უბრალოდ კარიკატურა საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ საკუთარი თავისა და თაობის კარიკატურა - შეიძლება დაუხვეწავი, ქაოტური, კინემატოგრაფიულად გაუმართავი, მაგრამ ძალიან თვითირონიული და, რაც მთავარია, სევდიანი.

ახალი ხელისუფლება მოდის და ნიკა თავაძის გმირი გიორგი კარგავს ყველაფერს. სიმდიდრეში და ფუფუნებაში ცხოვრება იცვლება გაჭირვებით, რომელიც გიორგის, როგორც ჩანს, არც არასდროს განუცდია. ის ”იუმორინობა” და ”ფიტილობა”, რომელიც ვნახეთ ფილმის პირველ ეპიზოდებში, გადაიქცევა დრამად ადამიანზე, რომელსაც ისტორია აბსოლუტურ სიცარიელეში ტოვებს. შესაბამისად იცვლება მსახიობის თამაშის მანერაც; სცენარის სქემატურობის მიუხედავად (გაუგებარია, რატომ შეიცვალა ასე უცბად გიორგი და სრულიად არადამაჯერებელია მისი მოულოდნელი გატაცება ახალგაზრდა ქალით, რომელმაც იდეაში განაპირობა მისი გაკეთილშობილება), ნიკა თავაძე ახერხებს მოიპოვოს მაყურებლის თანაგრძნობა და ანტიგმირი, თანაც კარიკატურული ანტიგმირი, გადააქციოს ისტორიისგან გარიყულ ადამიანად, რომელიც არც ამ ისტორიას აინტერესებს, არც ხელისუფლებაში მოსულ ”ალალ ადამიანებს”, უკვე რომ ტკბებიან ძალაუფლებით, არც თავის ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მშვენივრად ერგება ახალ ცხოვრებას და მინისტრის სავარძელს იკავებს.

ფილმის მეორე ნაწილში ფანტასმაგორია უკვე წარმოუდგენლად თავხედურ მასშტაბებს იღებს. როდესაც გიორგის გარდაცვლილი ცოლისდა, ნინელი ჭანკვეტაძის შესრულებით, უზარმაზარი სანადირო თოფით დაიწყებს თავის დაცვას ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი მედიისგან, პოლიციისგან... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ელდარ შენგელაიას აღარც დრამატურგიის წესები აინტერესებს, აღარც კინოენის სპეციფიკა და აღარც კარიკატურის, როგორც ჟანრის კანონები. მას თითქოს ბავშვივით უხარია, რომ 20 წლის უმოქმედობის შემდეგ, იმ დროის შემდეგ, რომელიც მისთვის ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი - უამრავი ტკივილიც ნახა და ტრაგედიაც კი, ისევ მიეცა საშუალება, დაბრუნებოდა გადასაღებ მოედანს და გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურდა. და თუ ხულიგნობაა, ხულიგნობა იყოს - სადღაც ფინალისკენ ელდარ შენგელაიას გიორგი... ფრენას იწყებს!

ესეც ციტატაა ფილმიდან, რომლესაც ელდარ შენგელაია ყოველთვის განსაკუთრეებული სითბოთი იხსენიებს და რომელმაც ჯერ ”შერეკილებში” იჩინა თავი და ახლა კი ”სავარძელში” - ვიტორიო დე სიკას სურათიდან ”სასწაული მილანში”. სხვათა შორის, ”ველოსიპედების გამტაცებლების” ავტორის ეს სოციალური ფანტასმაგორიაც ვერ გაიგეს თავის დროზე იტალიაში; წერდნენ დე სიკას იდეების უტიპიურობაზე, კონფორმიზმზე, ღალატზეც კი. ის, რომ ელდარ შენგელაია თავის საყვარელ ფილმად არა ”ველოსიპედების გამტაცებლებს”, არამედ სწორედ ”სასწაულს” ასახელებს, პირადად ჩემთვის დღეს უკვე სრულიად გასაგებია; ძავატინისა და დე სიკას სატირულ ზღაპარში კეთილ ტოტოს შეუძლია ყველანაირ მდგომარეობაში მიაგნოს გამოსავალს, ჯოჯოხეთი სამოთხედ გადააქციოს და ადამიანებს, თუკი მათ ეს დაიმსახურეს, ფრენაც კი ასწავლოს. ტოტო ეხმარება ღარიბ-ღატაკებს, რომლებიც მდიდარმა მობიმ საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა მას შემდეგ, რაც მილანის გარეუბანში, სადაც მათხოვრებსა და მაწანწალებს უხდებოდათ ცხოვრება, ნავთობმა ამოხეთქა. ეს ხალხი ცდილობს დაიცვას თავისი “ქოხები”, ბარაკები. მდიდარი მობი – პოლიციასთანაა შეკრული, შეიარაღებული ხალხი მოჰყავს, ზარბაზნებს უმიზნებს ურჩ “სუბპროლეტარიატს”. მაგრამ მარცხდება – გამოჩნდება კეთილი ტოტო, რომელიც ტყვიას “სიმღერად” აქცევს, ჩაგრულებსა და ღატაკებს ცოცხებზე შესვამს და სიმღერ-სიმღერით ღრუბლებში გააფრენს – უფრო სწორად, არა ღრუბლებში, არამედ “კეთილ ქვეყანაში”, სადაც მილანელი ლუმპენების თქმით, სიტყვა “გამარჯობა” მართლაც “გამარჯობას” ნიშნავს.

საოცრებაა, მაგრამ ”სავარძელში” ეს დაჩაგრული და ღარიბი კაცი ”ცუდი ქვეყნის” ყოფილი მინისტრი აღმოჩნდება. მასაც ელოდება ”კეთილი ქვეყანა” - კახეთის სოფელი, სადაც დედამისი ცხოვრობს და საყვარელი ქალიშვილი, რომელზეც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ გოგონა ზანგს გაყვა ცოლად (ყმაწვილს ”მალხაზი” ქვია).. გაბედა რომელიმე ჩვენმა რეჟისორმა ისტორიის ასეთი შემობრუნება? ისტორიაზე, როგორც უსამართლობაზე ქილიკი? აბა, რომელ ქართველ რეჟისორს დამისახელებთ, რომელსაც შეუძლია აჩვენოს თანამედროვე საზოგადოება, როგორც ადამიანურობისგან, სოლიდარობისგან დაცლილი, კარიერისტებით, კონფორმისტებით, ლაჩრებით სავსე საზოგადოება ისე, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა გმირს დაუტოვოს მომხიბვლელობა, ადამიანურობა, არავინ გაკიცხოს და არსად წაგვიკითხოს მორალი? ასეთი იყო ელდარ შენგელაია ყველა თავის ფილმში. ასეთი დარჩა ”სავარძელშიც”.

სევდა? ცხადია სევდაც. მერაბ მამარდაშვილის ”ერთ წრეზე ტრიალის” და ”მუდმივი განმეორების” ჯოჯოხეთი... და შევარდნაძის ხელისუფლების აჩრდილი, რომელსაც, ვიმეორებ, ვიტალი ხაზარაძე გადასარევად ანსახიერებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG