Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2025

კალენდარი
თებერვალი, 2025
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 1 2
რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

13 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. ამ ერთდღიან შეკრებაზე მთელი ყურადღება შეერთებული შტატების თავდაცვის ახალი მდივნის, პიტ ჰეგსეთისკენ იქნება მიმართული.

აშშ-ის სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მომხრეების და მოწინააღმდეგეების ხმები თანაბრად გაიყო და გადამწყვეტი ხმა მის სასარგებლოდ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა. ახლა ნატოს 31 წევრი ქვეყანა მოისმენს ჰეგსეთის შეხედულებებს მთელ რიგ საკითხებზე - განსაკუთრებით უკრაინაში ომზე, თავდაცვის ხარჯებსა და აშშ-ის ერთგულებაზე ნატოს მიმართ.

ამ მინისტერიალს ფონად გასდევს მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური დაძაბულობა. ჰეგსეთის ვიზიტის პარალელურად აშშ-ის მთავრობის რამდენიმე ოფიციალური პირი ჩავა ევროპაში პირველად თავიანთი უფლებამოსილების განმავლობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 12 თებერვალს პარიზში შეხვდება ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ, იტალიელ, პოლონელ, ესპანელ და უკრაინელ კოლეგებს; შემდეგ კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც შეიკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, თავდაცვის ოფიციალური პირები და საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლები.

14-16 თებერვლის კონფერენციაზე ვენსი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგიც იქნებიან, მაგრამ მინისტრთა ოფიციალურ შეხვედრებს მხოლოდ ჰეგსეთი დაესწრება.

რას ელიან ჰეგსეთისაგან ბრიუსელში? 28 იანვარს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან მისი პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ "გაინაწილეს ვალდებულება შექმნან უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ნატოს ალიანსი. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და თავდაცვის სამრეწველო ბაზის შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს".

ჩემმა წყარომ ნატოში, რომელიც ამ საუბრის შესახებ ფლობს ინფორმაციას, მითხრა, რომ ზარმა "უკეთესად ჩაიარა, ვიდრე მოსალოდნელი იყო". ახალი როლის დაკავებამდე ჰეგსეთი აცხადებდა, რომ ნატო იყო არა "ალიანსი", არამედ "ევროპის თავდაცვის მექანიზმი, რომლის ხარჯებსაც შეერთებული შტატები იხდიდა".

ნატოს ევროპელი წევრები დაინტერესდებიან, არის თუ არა ჰეგსეთი ნატოს ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების, მე-5 მუხლის ერთგული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე ეჭვქვეშ დააყენა შეერთებული შტატების მზადყოფნა დაეცვა ერები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

ევროპული თავდაცვის ხარჯებს მინისტერიალზე აუცილებლად განიხილავენ. ნატოს ოფიციალური პირები, რომლებსაც ვესაუბრე, მიიჩნევენ, რომ ჰეგსეთის მესიჯი მკვეთრი იქნება. ტრამპმა ადრე აღნიშნა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტამდე.

ამ ნიშნულს დღეს მხოლოდ პოლონეთი უახლოვდება, თუმცა ესტონეთმა და ლიეტუვამაც განაცხადეს, რომ ისინიც მზად არიან სამხედრო ხარჯები 5 პროცენტამდე გაზარდონ.

ყველა, ვისაც კი ნატოში ველაპარაკე, თანხმდება, რომ დღევანდელი 2 პროცენტი ძალიან ცოტაა და მოელიან, რომ ახალი სამიზნე, რომელიც ივნისში, ნატოს ჰააგის სამიტზე უნდა დადგინდეს, 3-დან 3,5 პროცენტამდე იქნება.

რაც შეეხება ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფნას, ცოტას თუ სჯერა, რომ ჰეგსეთი ამ საკითხს თავის პირველსავე მინისტერიალზე წამოჭრის, მაგრამ მოგვიანებით, გაზაფხულზე, ამაზეც იქნება ლაპარაკი. ახლა დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული კონტინენტზე, ძირითადად გერმანიაში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, რაღაც ხანია ვარაუდობენ, რომ აშშ-მა ჯარები შესაძლოა გერმანიიდან აღმოსავლეთით გადაწიოს, ან რომ მათი დიდი ნაწილი მთლიანად გადაიყვანონ ევროპიდან.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, არის გრენლანდიის დელიკატური საკითხიც, დანიის ტერიტორიისა, რომლითაც ტრამპი დაინტერესდა. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს საკითხი მინისტრთა შეხვედრაზე განიხილება, მაგრამ შესაძლოა კულუარული მოლაპარაკებების გამართვა.

ბრიუსელში ასევე იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი - მინისტერიალის ორი სესიიდან ერთ-ერთი ნატო-უკრაინის საბჭოს დაეთმობა. უმეროვი არსებითად ომის მიმდინარეობაზე ილაპარაკებს, მაგრამ კულუარული მოლაპარაკებების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მიეძღვნება მედიასა და დიპლომატებს შორის გახშირებულ საუბრებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა მალე დაიწყოს.

მიუხედავად ამისა, ნატოს ოფიციალური პირები ბოლო დროს მუდმივად მეუბნებიან, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჯერ კიდევ შორსაა. როგორც ნატოს ერთ-ერთმა ელჩმა მითხრა: "რუსული მხრიდან არ არსებობს მინიშნებები, რომ ისინი ამ მომენტში მზად არიან რაიმე დათმობაზე წავიდნენ. მათ უნდათ მაგიდაზე ამერიკელებთან ერთად დასხდომა, მაგრამ ახლა არ სურთ შეთანხმების დადება, რადგან მიიჩნევენ, რომ იმარჯვებენ".

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

Какую биографию, однако, делают нашему рыжему!
[რა ბიოგრაფიას უკეთებენ მაინც ჩვენს წითურს!]​

ახმატოვა, ბროდსკისთვის გამოტანილ განაჩენზე

ხშირად ისმის ბოლო დროს, რომ ვიღაც უკვე გაემზადა ციხისთვის. ბევრმა მეგობრებსა და ოჯახებში დაიბარა, რომ შეიძლება დააპატიმრონ. თან ყველანი მშვიდობიანი მოქალაქენი არიან: პოეტები, ფილოსოფოსები, მსახიობები…

ჩვენ აღმოვჩნდით ისტორიის იმ წერტილში, როცა ხალხის ერთმა ნაწილმა უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე თავისი სამშობლოსთვის, მეორე ნაწილმა კი თავის სამშობლოზე თქვა უარი საკუთარი კეთილდღეობისთვის.

იმის მიუხედავად, რომ ხალხის ერთ ნაწილს სცემენ, აგინებენ, აწამებენ და აპატიმრებენ, იგი უფრო ლამაზია, ვიდრე მეორე ნაწილი, რომლის ხელშიც არის დღეს პოლიცია, სასამართლო და ციხე, რადგან იმ პირველი ნაწილის უკან იდეაა, მეორე ნაწილის უკან კი არაფერია, რის ამოვსებასაც ცდილობენ ფულით.

დიდ ფულში შეიძლება ჩაწვე, როგორც ღორი ტალახში, მაგრამ არ არსებობს იმდენი ფული, სიცარიელეს რომ ამოავსებს.

ჩვენ შემდეგ ვიამაყებთ, რომ შევესწარით ამდენი გმირობის აქტს, რომ ჩვენ თვალწინ დაიბადა საოცარი ახალი საქართველო. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რაღაც წარმოუდგენელი სიქველის გამოვლინებას. ვხედავთ გაუგონარი ღალატის ქრონიკასაც, თუმცა ამ შემთხვევაში მოღალატემაც კი იცის, რომ თვითონ არავინაა და მისი სახელია არაფერი.

ლაპარაკობს კაცი, თვალები კი ცარიელი აქვს. თან რამდენი ყოფილან. ზოგ მკვდარს უფრო გამჭოლი მზერა აქვს, ვიდრე ამათ. არ ვიცი, ვინ არიან, რანი არიან, საიდან არიან. ისღა ვიცი, რომ, არა მარტო მზერა აქვთ ფუყე, თვითონაც ფუყენი არიან.

ეს ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი ახლა შენი დუმილია ამ ჟამიანობისას. ამნაირი საფრთხის წინაშე კიდევ დადგება ეს ქვეყანა ოდესმე? ცხადია, სამყაროში არასდროს დაილევა განსაცდელი. ფათერაკი იქნება, სანამ კაცი იქნება, ეგაა, შემდეგ საფრთხემდე შეიძლება ვეღარც მიატანოს ამ პატარა ქვეყანამ.

ასე მკაფიოდ არასდროს გარჩეულა შავი და თეთრი. ბოლო-ბოლო ქუჩის ძაღლებს შეხედე, მაგათ უფრო შესტკივათ გული სამშობლოზე, ვიდრე ფუყეთ. თვალი მაინც არ მოგიკრავს, როგორ მიაცილებენ ხოლმე შებინდებულზე ხალხის მდინარეს? თორემ ღორი სულ რომ მარწყვს გეახლებოდეს და ჩლიქებს იღებავდეს, მაინც პირველივე ტალახში ჩაწვება.

დამაყრუებელია შენი დუმილი. მით უფრო, როცა იცი, რომ სწორედ ამ შენს დუმილზე დგას დღეს რეჟიმი. რომელიღაც ბლეზ პასკალს უსასრულო სივრცეთა მარადიული დუმილი აძრწუნებდა, მე კი ერთი კაცის დუმილი მაძრწუნებს. შენი დუმილი. სიტყვას დიდი ძალა აქვს. განა ბევრი იცი სიტყვაზე ძლიერი წამალი და საწამლავი?

ისე, ნეტა, რა გვაკავშირებდა შენ და მე? რა გვაერთიანებდა? რა მოგვწონდა ერთსა და იმავე წიგნებში? ფილმებში? მუსიკაში? რატომ გვეგონა, რომ ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ - შენ და მე? არაფერს გირჩევ, მხოლოდ გთხოვ, თუნდაც ძველი მეგობრობის ხათრით, არ გაიფუჭო ბიოგრაფია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG