Accessibility links

ადვოკატები ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის სრულყოფილ გამოკვლევას ითხოვენ


ვანო მერაბიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზში. ქუთაისი, 22 მაისი 2013 წ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. იმის გამო, რომ მკურნალობის კურსი არაეფექტურია, ადვოკატები, ერთი მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ დიაგნოზი არასწორად დაისვა, მეორე მხრივ კი, ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოწამლეს. ადვოკატებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესაძლო ინტოქსიკაციასთან კავშირზე ეჭვები პირველად 23 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გამოთქვეს. ამ ვერსიას ისინი სხვა მედიასაშუალებებთან საუბარშიც არ უარყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის სამედიცინო, ხელთ არ აქვთ. შესაბამისად, ადვოკატები მოითხოვენ ვანო მერაბიშვილს სამედიცინო გამოკვლევები მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდეს და დადგინდეს როგორც ზუსტი დიაგნოზი, ისე შესაბამისი დაავადების გამომწვევი მიზეზები. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის მხარე პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვასაც ითხოვს.

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 24 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების წერილობითი განცხადების თანახმად, მსჯავრდებულს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დაუდგინდა ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ) და ბლეფარო-კონიუნქტივიტი. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და ინტოქსიკაციის ნიშნების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილს პენიტენციარული დაწესებულების მედპერსონალი დანიშნულების შესაბამის მკურნალობას უტარებს. სასჯელაღსრულების სამსახურის განმარტება, თავის მხრივ, საგანგებო განცხადებებით გაამყარეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებებს აბსურდად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსჯავრდებული სათანადო სტანდარტის მკურნალობას ღებულობს.

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

„ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რომ რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა“,-

გიორგი ჩივიაშვილი
გიორგი ჩივიაშვილი

​განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი კი, გიორგი ჩივიაშვილი, სასჯელაღსრულების სისტემის არათანმიმდევრულობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 15 აგვისტოს შემდეგ ვანო მერაბიშვილი სხვადასხვა სამედიცინო კლინიკაში სამჯერ იყო გაყვანილი და დიაგნოზიც სამივეჯერ განსხვავებული დაისვა:

„თავიდან გვითხრეს, რომ მას ჰქონდა თვალის ანთება, მერე გვითხრეს, რომ ეს იყო მხოლოდ სასუნთქი გზების პრობლემა. მკურნალობა დაუწყეს წვეთებით, რომელიც თვალის ანთებას მკურნალობდა და აეროზოლებით, რომლებსაც ცხვირში იწვეთებდა. მესამე გაყვანის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ ეს არის ჰორნერის სინდრომი. ჰორნერის სინდრომი ნიშნავს სახის ნაწილობრივ დამბლას. და პლუს, ჰორნერის სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით“.

რა არის ჰორნერის სინდრომი

მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა.
მამუკა გამყრელიძე

ჰორნერის სინდრომი, სპეციალისტების თანახმად, სხვა სამედიცინო პრობლემის შედეგია. იგი შეიძლება გამოიწვიოს,როგორც ინსულტმა, ისე სიმსივნემ, ზურგის ტვინის დაზიანებამ, ინტოქსიკაციამ და შაკიკმაც კი. ჰორნერის სინდრომის სიმპტომებია ქუთუთოს ჩამოშვება, გუგის გაფართოება, ფერადი გარსის შეფერილობის ცვლილება და თვალის არასწორი დგომა. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ სიმპტომების ნაწილი მართლაც აღენიშნება და ვიზუალურად სახეც დეფორმირებული აქვს, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი მკურნალობა არ უტარდება. მათივე განცხადების თანახმად, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გარე ინტოქსიკაციის ნიშნებიც აღენიშნება. შესაბამისად, ადვოკატები ეჭვობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სასჯელაღსრულების სამსახურის დოკუმენტშია აღწერილი. გიორგი ჩივიაშვილის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაშინ როდესაც მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხუთ მალაზე აქვს თიაქარი. ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ, ვანო მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა მცდარი მიმართულებით წავიდეს.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს

„ბოლო კეთილი საქმე“ - ასე ითხოვს საქართველოს პრეზიდენტისგან ვანო მერაბიშვილის შეწყალებას გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. პრეზიდენტმა ეს თხოვნა ჯერჯერობით ურეაქციოდ მიიღო და საკითხის კომენტირება არც მედიასთან ისურვა. გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალური მიმართვის ადრესატი კი მასთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც აღმოჩნდა.

„მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა. იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ბოლო კეთილ საქმედ, შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი“, - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე მამუკა გამყრელიძემ, წარმომადგენელმა გაერთიანებული ოპოზიციისა „ძალა ერთობაშია“. მისი განცხადების თანახმად, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადი პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს ეკისრებათ.

თუ ჰორნერის სინდრომის მძიმე დიაგნოზი დადასტურდა, ეს უკვე ისეთი დაავადებაა, რომელსაც თუ თავის დროზე არ მიხედე, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და ეს კაცი სიკვდილმისჯილი ხომ არ არის, ციხეში ხომ არ უნდა მოკვდეს?!
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავის მხრივ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი გამოეხმაურა. მან სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ გადაჭარბებულია, თითქოს ვანო მერაბიშვილი ისე გამოიყურება, რომ ვეღარ იცნობ.

„იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული. მან თქვა, რომ თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ეს ჰორნერის სინდრომი“, - მიტროპოლიტი, აღნიშნავს, რომ თავად ვანო მერაბიშვილს არ აქვს ეჭვი, რომ მოწამლეს, თუმცა რადგან ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ გამომწვევად ინტოქსიკაცია მიიჩნევა სწორედ ამიტომ ვარაუდობენ მის მოწამვლას. „თუ ჰორნერის სინდრომის მძიმე დიაგნოზი დადასტურდა, ეს უკვე ისეთი დაავადებაა, რომელსაც თუ თავის დროზე არ მიხედე, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და ეს კაცი სიკვდილმისჯილი ხომ არ არის, ციხეში ხომ არ უნდა მოკვდეს?!“ - კითხულობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ვანო მერაბიშვილის არც უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. იგი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის - 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სხვა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპატიმრო ვადა ვანო მერაბიშვილს 2020 წლის მარტში ეწურება. მისი საკნიდან გაყვანის ფაქტზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, მე-5 მუხლთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG