Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ინფიცირებულები ჯერ დაუდგენელი წყაროთი - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ივნისს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 827

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 690

კარანტინში - 3230

სტაციონარში - 285

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 5 შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ვერ დგინდება. "დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არცთუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველწყაროზე", - თქვა მან "პალიტრა-ნიუსის" ეთერში.

გამყრელიძის თქმით, მარტში, პირველად როდესაც ინფიცირების პირველწყარო ვერ დაადგინეს, ამან გამოიწვია შემთხვევების მატება.

საქართველოში გუშინ დადასტურებული რამდენიმე შემთხვევიდან ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელია. როგორც რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, მისი ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.

ამ 5 ახალი შემთხვევის გათვალისწინებით, საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად 827 პირს დაუდასტურდა. აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

ვეღარ ჩამოვალთ საქართველოში?! როგორ ველოდებოდით!

პირველი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. კორონავირუსმა თავისი მორიგი სიურპრიზით გეგმა ჩაშალა და გააწბილა ბევრი - ისრაელშიც და საქართველოშიც. მსოფლიოს მსგავსად, ტურიზმის გამოცოცხლებას ცდილობს საქართველოც - მაგრამ დიდი შიშის თანხლებით ეს ჯერჯერობით არ გამოსდის.

1 ივლისიდან, როცა საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის, ერთ-ერთ პირველ ნაკადს სწორედ ისრაელიდან ელოდებოდა. ამასობაში ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა - 1 ივნისის შემდეგ, კორონავირუსის 1200-მდე შემთხვევა აღირიცხა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რისკზე წასვლა არ ღირს და დროებით ისევ წითელი შუქი აანთო.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მწვავე დერეფანის (უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე) ქვეყნებთანაც. ამ მხრივ, ისრაელის გარდა, დასახელებული იყო, მაგალითად: ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ნამდვილად ჩამომსვლელთა შესახებ ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცით.

მაგალითად, ჩეხეთი ევროპის მასშტაბით მოგზაურობის დაშვებას 15 ივნისიდან გეგმავს. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე მწვანე და ყვითელი ფერით არიან დატანილი ის ქვეყნები ევროპაში, რომლებში მოგზაურობაც ჩეხებს შემდგომ პრობლემებად არ დაუჯდებათ. საქართველოს ჯერჯერობით ვერ ვხვდებით ამ რუკაზე.

რამდენად საიმედოა მწვანე დერეფანი? რა შანსები აქვს ტურიზმს მსოფლიოში? რა შანსი აქვს ტურიზმს საქართველოში - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ჯარიმების დაწესების საკითხზე საკომიტეტო განხილვა გაიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განიხილავს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კორონავირუსის პერიოდში რიგ სამართალდარღვევაზე სხვადასხვა ჯარიმას აწესებს. კანონპროექტის ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ანრი ოხანაშვილი არიან. იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით ცვლილებებს ამ კვირაში უკვე დაუჭირა მხარი. პროცესი მალევე დაბრუნდა კომიტეტში განხილვაზე, რადგან ის საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ ჯარიმებს, რომლებიც ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ამოქმედდება:

  • დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და თუ პირი არ დაიცავს ამ წესს, ის დაჯარიმდება 20 ლარით.
  • პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.
  • ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის პირი 2 000 ლარით, კომპანია კი 10 ათასით დაჯარიმდება.

ტყიბულელმა მეშახტეებმა მუშაობა შეაჩერეს

ტყიბულელმა მეშახტეებმა მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშაობა შეაჩერეს. ისინი შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შახტში ჩასასვლელი კონსტრუქციის გაუმართაობა მეშახტეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.

ისაკაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ, მინდელის შახტის დამხმარე ჭაურში, ანუ გვირაბში, სადაც ე.წ. ჭურჭელი მოძრაობს და შახტში ჩადიან და ამოდიან, ინციდენტი მოხდა და საფრთხე შეუქმნა 22 მეშახტის სიცოცხლეს: გვირაბში გაეჭედა ჭურჭელი და მეშახტეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მას შემდეგ, რაც ამოვიყვანეთ, ადმინისტრაციამ ერთ საათში გააკეთა განცხადება, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ყველა მეშახტე ამბობს, რომ სიცოცხლის რისკის ფასად ვერ იმუშავებს. ამიტომ არ ჩავდივართ შახტებში. გაფიცულები არ ვართ, ვითხოვთ უსაფრთხო შრომის პირობებს და გარემოს“. გაგა ისაკაძე ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირადაა.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: რელიგიის თავისუფლება საქართველოში - 2019

10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2019 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ყოველწლიურ ანგარიშში მიმოხილულია რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული ვითარება ყველა ქვეყანაში. დოკუმენტი მოიცავს სამთავრობო პოლიტიკას რელიგიის სფეროში, რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას, აშშ-ის პოლიტიკას მსოფლიოში რელიგიური თავისუფლებისთვის ხელშესაწყობად.

ანგარიშში საქართველოს 16 გვერდი ეძღვნება. განყოფილებაში „მთავრობის მიერ რელიგიური თავისუფლების პატივისცემის მდგომარეობა“ განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პრივილეგირებულ როლზე, რომლითაც სარგებლობს ქვეყანაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების, კონკორდატის საფუძველზე სმე-ს მინიჭებული აქვს უფლებები, რომლებიც არ მოეპოვებათ სხვა რელიგიურ ჯგუფებს. მათ შორისაა სმე-ს პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი, სმე-ს სასულიერო პირთა გათავისუფლება სამხედრო სამსახურიდან (თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, კანონით ყველა რელიგიური დაჯგუფების სასულიერო პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან), ასევე სმე-ს მთავრობაში საკონსულტაციო როლი აქვს, განსაკუთრებით - განათლების საკითხებში.

ანგარიშში მიმოხილულია ასევე სმე-ს ეკონომიკური პრივილეგიები. მაგალითად, სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, მხოლოდ სმე-ს საპატრიარქო არის გათავისუფლებული „ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების“ გაყიდვით მიღებული მოგების დაბეგვრისგან.

ქვეთავში, რომელშიც მიმოხილულია რელიგიის საკითხებისადმი ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულება, გამორჩეული ადგილი უჭირავს 2018 წლის გახმაურებულ სისხლის სამართლის დანაშაულს - ადამიანის უფლებების 25 წლის აქტივისტის, ვიტალი საფაროვის მკვლელობას. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს დასკვნაზე, რომ საფაროვი, რომელიც ებრაული და იეზიდური წარმომავლობის იყო, არ მოუკლავთ „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე. იქვე აღნიშნულია, რომ ამ დასკვნას არ ეთანხმებიან უფლებადამცველები, რომელთა აზრით, საფაროვის მკვლელები ნეონაცისტურ ჯგუფებს ეკუთვნოდნენ და ულტრანაციონალისტური იდეების მატარებლები იყვნენ.

წაიკითხე მეტი.

როგორ მკურნალობენ კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ

ხდება თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მაშინ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები ამბობენ, რომ ისინი პაციენტების მხრიდან „არაადეკვატური ქცევების“ გამო დაინფიცირდნენ? როგორ მკურნალობენ საქართველოში კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ? იღებენ თუ არა ისინი სრულფასოვან სერვისს და რა ხარვეზებს ხედავენ ფსიქიატრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში, რომლებსაც პარალელურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ?

მეორე დღეა სახლშია. უნდა, რომ გარშემო ყველაფერი ყვითელი იყოს - მზე და სითბო მენატრებაო. ოჯახის წევრების თხოვნითა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედ გაუმჯობესების გამო, მკურნალმა ფსიქიატრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მკურნალობა სახლში, ოჯახის გარემოში გააგრძელოს, თუმცა, არც ოჯახი და არც ექიმი არ არიან დარწმუნებულნი, რომ მას კვლავ არ დასჭირდება კლინიკაში გადასვლა.

თვენახევრის განმავლობაში სამი კლინიკა გამოიცვალა. მოზარდის ავადმყოფობის ისტორია კი აპრილის მიწურულს დაიწყო (არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ოჯახის წევრები, თავს არიდებენ საჯაროდ დაასახელონ კლინიკები, სადაც ის მკურნალობდა). მოზარდი ფსიქიკური აშლილობის ნიშნებითა და მაღალი ტემპერატურით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ცხელების ცენტრში თვენახევრის წინ გადაიყვანა. რამდენიმე საათში მას COVID19 დაუდასტურდა. ამ დაავადებასთან ერთად კი ფსიქიკური აშლილობა.

მოზარდის ოჯახის წევრი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისთვის მანამდე არასდროს შეუმჩნევიათ ფსიქიკური პრობლემები. ფიქრობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირება და ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ერთმანეთის მას ერთმანეთის პარალელურად გამოუვლინდა. წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

საბჭოთა პერიოდში სევეროდვინსკი დახურული ქალაქი იყო იქაური სამხედრო მრეწველობის გამო. ახლა ის კვლავ დაიხურა, ოღონდ ამჯერად ბირთვული წყალქვეშა ნავების ქარხნებში კორონავირუსის გავრცელების გამო. 6 ივნისიდან არავის აქვს ქალაქში შესვლისა და მისი დატოვების უფლება, გარდა მუშებისა და საგანგებო ძალებისა.

XS
SM
MD
LG