Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში იზრდება ძალადობა. ცაპკალო „ეროვნული გადარჩენის ფრონტს“ ქმნის


ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავება მინსკში. 11 აგვისტო, 2020 წ.

მიუხედავად მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოსული მოქალაქეების რაოდენობის სიმცირისა, 11 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა.

ქალაქ ბრესტში, სადაც არ წყდება საპროტესტო აქციები, მილიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც, უწყების მტკიცებით, სხვა დემონსტრანტებთან ერთად „რკინის ხელკეტებით მიიტანა იერიში სამართალდამცველებზე“.

დაშავებულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ქვეყანაში ინტერნეტის შეფერხებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის გამო.

ამ ფონზე ბელარუსული პროპაგანდა ინტენსიურად ავრცელებს „ოპერატიულ მასალებს“ „მასობრივი არეულობის“ კოორდინატორების დაკავების შესახებ.

ბელარუსიდან დევნილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ვალერი ცაპკალომ, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ შეიქმნება „ეროვნული გადარჩენის ფრონტი“ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ ხალხის მობილიზების მიზნით.

სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

ცაპკალოს განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ ქვეყნის დატოვება და ცნობილი ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი, თითქოს, აღიარებს ლუკაშენკას გამარჯვებას და თავის მომხრეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საპროტესტო აქციები.

საქმეში ნამდვილი ტყვიები ჩაერთო

11 აგვისტოს საღამოს ბელარუსი მოწმე გახდა არჩევნების შემდგომი მორიგი საპროტესტო მღელვარებისა მას შემდეგ, რაც, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების მზარდი რეპრესიების ფონზე, ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მთავარი პრეტენდენტი, სვიატლანა ციხანოუსკაია.

მილიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების დასაშლელად კვლავ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. ძალოვნები ხელკეტებით სცემდნენ მოქალაქეებს და თავს ესხმოდნენ იმ მანქანებს, რომლებიც საყვირებით გამოხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას მინსკის ქუჩებში გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი.

დემონსტრანტები მინსკი ქუჩაში
დემონსტრანტები მინსკი ქუჩაში

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, წუხელ საპროტესტო აქციები ბელარუსის 25 ქალაქში გაიმართა, ბელარუსმა სამართალდამცველებმა და მილიციის სპეცრაზმმა დააკავა 1000-ზე მეტი ადამიანი. თუ აქამდე მილიცია დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიებს იყენებდა, ქალაქ ბრესტში მილიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც, უწყების მტკიცებით, სხვა დემონსტრანტებთან ერთად „არმატურით“ მიიტანა იერიში სამართალდამცველებზე“.

თუმცა მოგვაინებით ოფიციალური უწყების საიტზე ასეთი ცნობა გაჩნდა:

„ბრესტში მილიციის თანაშრომლებს თავს დაესხა შეიარაღებული აგრესიული მოქალაქეების ჯგუფი. ჰაერში გამაფრთხილებელმა გასროლამ ისინი ვერ შეაჩერა. თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაიხსნა გამანადგურებელი ცეცხლი. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა“, - განაცხადა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ.

ბელარუსი უფლებადამცველების განცხადებით, წუხელ მინსკის ქუჩებში მილიციამ სასტიკად სცემა და დააკავა სამშვიდობო აქციის ოცამდე მონაწილე. შავფორმიანებმა დააზიანეს იმ მძღოლების მანქანები, რომლებიც გაბმული სიგნალით გამოხატავდნენ მხარდაჭერას ანტისამთავრობო აქციაზე მყოფი დემონსტრანტებისადმი.

მაგრამ, როცა ჩვენმა კოლეგებმა სამინისტროს წარმომადგენელს კომენტარი სთხოვეს მილიციის მხრიდან მოქალაქეების ცემისა და მათი მანქანების დაზიანების შესახებ, ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, რომ არ იცის, აღიძრა თუ არა ძალის გადამეტების გამო სისხლის სამართლის საქმე მილიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ.

„ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ. საგამოძიებო კომიტეტს მიმართეთ“, - მიუგო მოხელემ რადიო თავისუფლებას და ტელეფონი გათიშა.

ხელისუფლების პროპაგანდის სამიზნე

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებამდე ბელარუსის ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა თავისი ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.

არჩევნების დასრულების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების უკან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, საზღვარგარეთ მყოფი „მეთოჯინეების“ ხელს ხედავს.

ალექსანდრ ლუკაშენკა
ალექსანდრ ლუკაშენკა

10 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, „ცხვრები“ უწოდა ბელარუსის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს, რომლებიც, მისი თქმით, საზღვარგარეთიდან დარეკილი ზარებით იმართებოდნენ.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ზარები საზღვარგარეთიდან. პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დარეკილი ზარებით იმართებოდნენ ჩვენი, მაპატიეთ გამოთქმისათვის, ცხვრები. მათ არ ესმით, რას აკეთებენ, მათი მართვა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკას ამ მესიჯს დაემატა „კრიმინალური ელემენტების“ თემაც.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, მილიციამ 11 აგვისტოს მინსკში დააკავა მასობრივი არეულობების კოორდინატორები.

სააგენტოს თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული სასტუმრო „ბელარუსის“ ნომრიდან „ხელმძღვანელობდა თანამზრახველების მოქმედებებს“. კერძოდ, იგი დავალებებს აძლევდა სამ ხელქვეითს, რომლებიც უშუალოდ მოვლენების შუაგულში მართავდნენ ასეულობით ადამიანის მოქმედებას.

„დაკავებულთა შორის ბევრი ადრე ნასამართლევია. მათი ბიოგრაფიის ამოკითხვა იოლად შეიძლება მათ სხეულზე გაკეთებულ სვირინგებზე“, - ნათქვამია ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ ოპერატიულ ვიდეომასალაში.

იმავე სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინსკის სავაჭრო ცენტრ „დანა მოლის“ რაიონში დააკავა პირი, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

მილიციის ოპერატიულ ვიდეომასალაში ჩანს მაგიდაზე დაწყობილი დოლარები და რუბლები, ხოლო ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ ეს ფული - დაახლოებით, 6000 დოლარი - მან ანაზღაურების სახით მიიღო.

მილიცია ამტკიცებს, რომ ეს ფული დაკავებულს დემონსტრანტებისათვის უნდა დაერიგებინა, ხოლო დაკავების დროს ამ პირმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და ერთ-ერთ მილიციის თანამშრომელს ცხვირი გაუტეხა.

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამართალდამცველებს დაკავებული ჰყავთ ასევე რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მასობრივ არეულობაში ღებულობდნენ მონაწილეობას.

მასობრივი არეულობის სისხლის სამართლებრივ ბრალდებას „უკერავს“ პროკურატურა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ვიქტარა ბაბარიკას, შტაბის წევრებს, რომლებიც მილიციამ ამ დღეებში დააკავა.

საუბარია ხუთ მოხალისეზე, რომელთა ვინაობის დადგენაც ბაბარიკას შტაბმა გაჭირვებით მოახერხა. მათთან ჯერჯერობით არ უშვებენ ადვოკატებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მომხრეები ამბობენ, რომ ყველაფერში, რაც ბელარუსში ამ დღეებში ხდება, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც არჩევნების გაყალბებით მოსახლეობას თავად უბიძგა სტიქიური საპროტესტო გამოსვლებისკენ.

ვალერი ცაპკალო და მისი „ეროვნული გადარჩენის ფრონტი“

საყოველთაო შეფასებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს აღარ ჰყავს ლიდერი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის რეალურმა კანდიდატმა ოპოზიციიდან, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში მიიღო თავშესაფარი.

საპატიმროებში იმყოფებიან სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლე, ცნობილი ბლოგერი სიარჰეი ციხანოუსკი, და ლუკაშენკას შედარებით ახალი ოპონენტი, ვიქტარ ბაბარიკა, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

არჩევნებამდე დატოვა ბელარუსი და ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრა ოპოზიციის ახლადგამომცხვარი ლიდერი, ვალერი ცაპკალო, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილი დირექტორი. იგი ამ ხნის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ცაპკალო ქმნის „ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გადარჩენის ფრონტს".

ცაპკალოს თქმით, ფრონტის ამოცანაა „ბელარუსიელი ხალხის მობილიზება ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევისა და ლუკაშენკას მიერ სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცების წინააღმდეგ ბრძოლაში“, „ეროვნული სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა“, „ბელარუსიელი ხალხის არჩევანის დაცვა ხელისუფლების მხრიდან მასობრივი ფალსიფიკაციისგან“.

თავის ვიდეომიმართვაში ცაპკალომ აღნიშნა, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა ბელარუსი და გამგზავრებულიყო ჯერ რუსეთში, შემდეგ უკრაინასა და პოლონეთში. ამჟამად პოლიტიკოსი კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და გეგმავს ლიეტუვასა და ლატვიაში გამგზავრებას.

ვალერი ცაპკალო ამბობს, რომ ჰქონდა ურთერთობა რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში მცხოვრებ ბელარუსული სათვისტომოების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ბელარუსის ეროვნული გადარჩენის კომიტეტის შექმნით და მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ბელარუსის დემოკრატიზაციის პროცესში.

ცაპკალოს თქმით, გადარჩენის კომიტეტმა უნდა მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეკონომიკური დანაშაულისათვის დაპატიმრებულთა ამნისტია და სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.

ლუკაშენკას სასარგებლოდ გადაწერილი ოქმი

სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები და 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების ხელახალი დათვლაა მთავარი მოთხოვნა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გამოსული ათასობით მოქალაქისა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ლუკაშენკას არ მიუღია ამომრჩეველთა ხმების 80 % და რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწერა ოქმები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ.

ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა ქალაქ ვიტებსკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღიარებამ.

ნომერ 25-ე კომისიის თავმჯდომარემ, სერგეი პიტალენკომ, განაცხადა, რომ არჩევნებში ამ უბანზე ყველაზე მეტი ხმები სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოიპოვა, მაგრამ ვიტებსკის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი სტაშევსკიმ, აიძულა კომისია გადაეწერათ ოქმი ლუკაშენკას სასარგებლოდ.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ სკანდალური შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელზეც მკაფიოდ ისმის, თუ როგორ ახდენს ზეწოლას ხელისუფლების წარმომადგენელი დამოუკიდებელი ორგანოს, საარჩევნო კომისიის, წევრებზე და უბიძგებს მათ სამსახურებრივი დანაშაულის ჩადენისკენ.

„მე თქვენთან მაქვს ძალიან მკაცრი წინადადება: შეცვალეთ ოქმი და რადიკალურად შეცვალეთ ციფრები მესამე და მეოთხე კანდიდატს შორის. მზად ვარ ვაღიარო, რომ ციხანოუსკაიას ხმა მისცა საკმაოდ ბევრმა ამომრჩეველმა, ზოგიერთმა - გულის კარნახით, ზოგიერთმა - ფულის გამო. ეს მათი პრობლემაა. ჩვენ კი სხვა ამოცანები და ჩვენი პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი. თქვენ დღეს და შემდეგ - პირველ სექტემბერს. მე კი მოსამზადებელი მაქვს მასწავლებლის დღე და ასე შემდეგ. ამიტომ, მოდი, უნისონში გადავწყვიტოთ ეს საკითხი“, - ამბობს სერგეი სტაშევსკი.

„როგორ უნდა ჩავხედოთ ხალხს თვალებში? ეს სიდამპლე რატომ უნდა გავაკეთოთ ჩვენივე ხელებით?“ - ისმის ჩანაწერში კომისიის ერთ-ერთი წევრის ხმა. ამ სიტყვების ავტორი აღმოჩნდა ხსენებული საუბნო კომისიის თავმჯდომარე, სერგეი პიტალენკო, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან აღიარა, რომ ზეწოლის შედეგად მაინც მოაწერა ხელი ოქმის გადაწერილ ვარიანტს.

ზეწოლა მედიაზე

12 აგვისტოს ბელარუსის სატრანსპორტო მილიციის თანაშრომლებმა დააკავეს ჩვენი რადიოს თანამშრომელი, ვიტალი ციგანკოვი, და მისი მეუღლე, ოლგა ციგანკოვა.

„მათ მომთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა. მე უარი ვუთხარი, რადგან გამახსენდა, თუ როგორ ათრევდნენ ადამიანებს მანქანებიდან დ სასტიკად უსწორდებოდნენ. ვუთხარი, რომ დოკუმენტებს მანქანიდან მივაწვდიდი. მათ ძალით დაიწყეს ფანჯრის ჩაწევა, ჩემი მეუღლე მანქანიდან გადაათრიეს და სცემეს, მე კი თავზე პისტოლეტი დამადეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოლგა ციგანკოვამ.

11 აგვისტოს მილიცია მინსკში თავს დაესხა „ბი-ბი-სის“ გადამღებ სამკაციან ჯგუფს. რადიოსადგურის რუსული სამსახურის ცნობით, ყველა დაკავებულს ჰქონდა აკრედიტაცია, გაცემული ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჟურნალისტებს ეცვათ ამოსაცნობსიმბოლოიანი ყვითელი ჟილეტები და ჰქონდათ პირადობის მოწმობები.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, წინა დღისგან განსხვავებით, სამშაბათს გამართული საპროტესტო აქციები არ იყო ხალხმრავალი, ადამიანები მცირე ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ და მათ კვალდაკვალ არბევდნენ მილიციის სპეცრაზმის, „ომონის“, წევრები.

„უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, 10-11 აგვისტოს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ, მილიციამ დააკავა, დაახლოებით, 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

11 აგვისტოს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის ავტორები „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.

ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით, უფრო თავშეკავებული იყო ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოზიცია.

ევროკავშირი გმობს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები, - ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელისა, და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივ განცხადებაში.

ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციები ჯერჯერობით ცალკეული ევროპარლამენტარების ინიციატივად რჩება.

როგორც ჩვენი რადიოს ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვონ დერ ლეიენი, და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე უშუალოდ პასუხისმგებელი ორი კომისარი, ჯოზეპ ბორელი და ოლივერ ვარელი, მედიასთან საერთოდ მოერიდნენ ბელარუსზე საუბარს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა 12 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პრაღაში იმყოფება.

„ჩვენ გვინდა კარგი შედეგი ბელარუსელი ხალხისთვის და ჩვენ ამის შესაბამისად მივიღებთ ზომებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG