Accessibility links

site logo site logo

ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 იანვარს


ენტონი ბლინკენი ჟენევაში სერგეი ლავროვს შეხვდება

დღეს, 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. მანამდე ბლინკენი ჯერ უკრაინაში იმყოფებოდა, შემდეგ კი გერმანიაში საგარეო უწყების ხელმძღვანელს ანალენა ბერბოკს შეხვდა.

ბერლინში ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით მოქმედებენ უკრაინისადმი დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხში, რათა აიძულონ რუსეთი უარი თქვას მეზობელი ქვეყნისადმი აგრესიის შემდგომ ესკალაციაზე.

ესკალაცია კი სულ უფრო მზარდი ხდება. 19 იანვრით დათარიღებულ ახალ სატელიტურ კადრებზე ჩანს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული არმიის მობილიზაცია, მათი სამხედრო ტექნიკა, ბაზები საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და რუსული დანაყოფების კარვები. ჯავშანტექნიკა და სამხედრო მანქანები დგას კლიმოვოს სამხედრო ბაზაზე, რომელსაც უკრაინის საზღვარს სულ რაღაც 35 კმ აშორებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში „შეიჭრება“, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სავარაუდოდ, არ მიუღია გადაწყვეტილება და რუსეთს, სამხედრო იერიშის შემთხვევაში, შეხვდება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად იცის, რას მოიმოქმედებს. მგონია, რომ შეიჭრება. რამე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ბაიდენმა თანამდებობაზე მოსვლის ერთი წლისთავის გამო გამართულ პრესკონფერენციაზე 19 იანვარს.

ეს იქნება რუსეთისთვის „კატასტროფა“, რომელსაც მოჰყვება ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგები; პუტინი ასეთ შემთხვევაში შეეჩეხება დასავლეთის სანქციებს, „რომლებიც აქამდე არ უნახავს“, განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შეთანხმება წალენჯიხაში - "სახელმწიფოს დაზიანება" თუ მუშაობა ხალხისთვის?

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერიც და ახლა უკვე - საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 20 იანვარს, ამ პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის" წევრი აირჩიეს. ამ ეტაპზე თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი ოთხი საკრებულო.

20 იანვარს გამოცხადებულ შეთანხმებას გარიგებას უწოდებს „ქართული ოცნება“. ამ ორ პარტიას „ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნს“ უწოდებს და თვლის, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის გარშემო ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების უკან დესტრუქციული ამოცანები დგას.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა, 20 იანვარს პარტიის გამართულ ბრიფინგზე.

შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ დესტრუქციული მიზნების გამომხატველია, „მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ" გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ გახარიას პარტიაში.

რა შესაძლებლობები ეძლევა წალენჯიხას 20 იანვრის გადაწყვეტილებით და რა არის კიდევ გადასაწყვეტი? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„ომიკრონი“ საქართველოში რეკორდებს ხსნის - რას ველოდებით ორ კვირაში?

კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 19-20 იანვარს 16,58% შეადგინა. ეს პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებული დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩატარებული ტესტების რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ მეექვსე ადამიანს, ვინც ტესტი ჩაიტარა, COVID-19 დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, დაახლოებით ერთ კვირაში დღეში 15 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ რიცხვმა შესაძლოა 60 ათასსაც კი მიაღწიოს. მაღალია რეინფიცირების რიცხვიც და, ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 17-20 %-ს შეადგენს.

ვირუსის სტიქიურად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც COVID-19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ სახელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18-19 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 50 % სწორედ „ომიკრონზე“ მოდის. გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი დედაქალაქში და ის დაახლოებით 65 %-ს შეადგენს.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, „ომიკრონი“ სრულად ჩაანაცვლებს კორონავირუსის სხვა შტამებს.

მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, „ომიკრონი“ ეპიდემიოლოგთა ნაწილის მხრიდან, შედარებით „მარტივ“ შტამად სახელდება, მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ტვირთად დააწვება.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ჩეხი მომღერალი ანა ჰორკა განზრახ დაავადდა კორონავირუსით და გარდაიცვალა

ჩეხი მომღერალი და ანსამბლ Asonance-ის ვოკალისტი, ანა ჰორკა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვირუსით განზრახ დაავადდა.

მომღერლის შვილის, იან რეკის თანახმად, ის და მისი მამა ვაქცინირებული არიან, მაგრამ COVID-19-ით დაავადდნენ, ხოლო მომღერალმა ქალმა სპეციალურად დაიავადა თავი. „ის ვალდებული იყო ერთი კვირით ყოფილიყო იზოლირებული, ვინაიდან ჩვენ დადებითი შედეგი აღმოგვაჩნდა. მაგრამ ის მუდმივად ჩვენთან იმყოფებოდა“, - აღნიშნა რეკმა.

მომღერალი ქალი არ იყო აცრილი და გეგმავდა გადაეტანა დაავადება, რათა თავიდან აეცილებინა ის შეზღუდვები, რომელიც აუცრელი მოქალაქეებისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ დააწესა.

წაიკითხე მეტი.

ხელოვნების მუზეუმიდან "რეორგანიზაციის" დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს - ხელოვნებათმცოდნე მაკო [მაია] მაჭარაშვილს, რომელიც მუზეუმში 2010 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების ბრძანება გუშინ მიუვიდა. მისი თქმით, რეორგანიზაციის დასაწყისში, მუზეუმის დირექტორთან, ნიკა ახალბედაშვილთან და მის მოადგილესთან, გია მარსაგიშვილთან გასაუბრების დროს მას ჰკითხეს პეტიციის შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა. ამ პეტიციით მოქალაქეები ითხოვდნენ მუზეუმთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას და რეაბილიტაციის პროცესში პროფესიონალების ჩართულობას. მაკო მაჭარაშვილი ფერწერისა და გრაფიკის ფონდში მუშაობდა. ამ ფონდის კურატორი, ნინო ხუნდაძე 13 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

"ამ თაობის ერთადერთი წარმომადგენელი იყო დარჩენილი მუზეუმში და ისიც აღარ არის. ის იყო ასევე ბოლო ადამიანი, ვინც იყო ეროვნული მუზეუმის გუნდის წევრი. მაკო არის პეტიციების ხელმომწერი და მასთან გასაუბრებისას სხვა არაფერი აინტერესებდათ, გარდა იმისა, რატომ აწერდა ხელს პეტიციებს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა კიკნაძემ, ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა.

წაიკითხე მეტი.

რადოსლავ სიკორსკი: „არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალები გავხდეთ“

„ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, იმ ენით, რა ენაც გესმით - უთქვენოდ არ დავობლებულვართ, ჩვენი „მამიკო“ კი არა, სერიული მოძალადე იყავით. ამიტომ არ გვენატრებით. თუ ისევ ეცდებით, კვერცხებში ამოგცხებთ“, - ლავროვის განცხადების პასუხად გამოქვეყნებულმა ამ ტვიტმა, დიდი ალბათობით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპის ყველა გამოცემა მოიარა. მით უმეტეს, რომ ავტორი რადოსლავ სიკორსკია, დღეს ევროპარლამენტარი, თავის დროზე პოლონეთის ჯერ თავდაცვის, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე.

სიკორსკი არასოდეს ერიდებოდა კრემლზე საკუთარი აზრის მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოთქმას და, შეიძლება ითქვას, ტრადიციას არც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უღალატა.

რადიოსლავ სიკორსკიმ გვითხრა, რომ ახლა რუსეთის შესაკავებლად საუკეთესო გზაა იმის ჩვენება, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. ის ფიქრობს, რომ პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ ომი იქნება. ასევე მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამხედრო აგრესია ნატოს დასუსტებას არ გამოიწვევს, პირიქით, ალიანსი უფრო გაძლიერდება.

პოლონელ ევროპარლამენტარს პუტინზე, უკრაინაში ომის საფრთხეზე, დასავლეთის სავარაუდო პასუხსა და ერთიანი ევროპული ფრონტის ალბათობაზე ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა. ინტერვიუ წაიკითხე აქ.

რაჭული ციგით - ხისგან გამოთლილი დომბურით - სრიალი ზემო რაჭის სოფელ გლოლაში ბავშვების და ახალგაზრდების მთავარი გასართობი და ზამთრის უცვლელი რიტუალი იყო. მაშინ გლოლაში ახალგაზრდაც ბევრი ცხოვრობდა და ბავშვიც. იყო ზამთრები, როცა სამოცი მოსრიალე გროვდებოდა. დომბურებს, როგორც წესი, ბაბუები უკეთებდნენ.

ციგის კეთება სოფელში ჯერ კიდევ ბევრს ეხერხება, ხელობა ახალგაზრდებმაც ისწავლეს, მაგრამ რაც დრო გადის, გლოლაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. 300-კომლიან სოფელში დღეს 90 ოჯახია დარჩენილი, უმრავლესობა პენსიონერია.

76 წლის გიორგი ხარებაშვილი და 35 წლის ილია ბიძიშვილი მეზობლები არიან. მათ უბანში 40 სახლიდან ნახევარზე მეტი დაკეტილია. წინ გრძელი ზამთარია. თან წელს თოვლიც დიდი მოვიდა, მაგრამ მიუხედავად სოფლის დაცლით გამოწვეული დიდი სევდისა, გლოლაში მაინც არ ივიწყებენ დომბურებით სრიალის ძველ, კეთილ ტრადიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG