Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის ვაქცინა დამტკიცდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 დეკემბერს


ბრიტანეთმა დაამტკიცა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ

2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოყენებისთვის დაამტკიცა გერმანიაში განთავსებული ფარმაცევტული კომპანიის, BioNTech-ის და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. ბრიტანეთში ვაქცინის დარიგება უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.

ეს პირველი მწვანე შუქია ვაქცინისთვის, რომელიც ჯერ ევროკავშირსა და აშშ-შიც არ დაუმტკიცებიათ. Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

24 საათში დანიშნულ-გაუქმებული სასამართლო სხდომები - პოლიტიკური ვაჭრობა მართლმსაჯულებით?

1 დეკემბერს ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა, ხოლო 2 დეკემბერს ასევე ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ნიკა მელიასთან, გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის იმ საქმეების გადადების მიზეზად, რომლებსაც ახლო წარსულში საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციები მოჰყვა, საქალაქო სასამართლო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებით ხსნის.

პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეს სვლა პოლიტიკური კრიზის ფონზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სასამართლო ამ შემთხვევაშიც სათავისოდ გამოიყენა.

რა ეჭვებს აჩენს პოლიტიკური პროცესების გააქტიურების პარალელურად სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დღეიდან კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება იწყება

დღეიდან მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტირების ჩატარება ყველა იმ კლინიკაში შეეძლებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ინტენსიური ტესტირება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 250 სამედიცინო დაწესებულება განახორციელებს მას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 2 დეკემბერს განაცხადა.

ახალი პროტოკოლის თანახმად, ტესტები ჩაუტარდებათ მხოლოდ ე.წ. სიმპტომურ პაციენტებს. "საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტები ოჯახის ექიმებთან დადიან სხვადასხვა მიზეზებით, აქვე მათივე ოჯახის ექიმის მითითებით, აიღებენ ტესტს, როცა ამის საჭიროება იქნება", - თქვა გაბუნიამ.

გუშინ კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს ადამიანის უფლებების სფეროში სანქციების ახალ რეჟიმს, რომელსაც ზოგჯერ „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“ უწოდებენ.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, 7 დეკემბერს ამ დოკუმენტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ და ის ოფიციალურად შევა ძალაში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს.

როგორც ევროკავშირის წყაროებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, არ არის მოსალოდნელი, რომ სანქციები ახლავე დაუწესონ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, შესაძლებელია, ეს მომავალი წლის დამდეგს მოხდეს.

წაიკითხე მეტი.

მოხალისე ბარბარე, ანა, აკაკი, გიორგი, თეო, რეზიკო, თინათინი

არც ბარბარესთვის, არც ანასთვის, არც აკაკისთვის, არც გიორგისთვის, არც თეოსთვის და არც სხვებისთვის, არავის უთხოვია, ოჯახს ვეღარ ვკვებავ, იქნებ ფქვილი მაინც მომაწოდოო; წამლის საყიდლად ვერ მივდივარ, იქნებ მომიტანოო; ბავშვებისთვის თბილ ფეხსაცმელს ვეღარ ვყიდულობ, იქნებ მიშოვოო...

ბარბარემაც, რეზიკომაც, თინათინმაც და კიდევ სხვებმაც, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მოხალისეობრივი საქმიანობა საკუთარი სურვილით, ალბათ რისკის ფასადაც წამოიწყეს და პანდემიის პირობებში, უსახსროდ, უწამლოდ, არაერთი შეზღუდვის პირისპირ დარჩენილ მოსახლეობას, რითიც შეუძლიათ და როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან.

მოხალისეები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულებისა თუ სხვა საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, გაზაფხულზე გაერთიანდნენ და თვეების განმავლობაში, საკუთარი სახსრებითა თუ სოციალური ქსელის დახმარებით შეგროვილი თანხით, არაერთ ოჯახს მიაწოდეს საკვები, წამალი და ტანსაცმელი. ახლა კი, შეზღუდვების მეორედ გამოცხადებას უფრო მომზადებულები შეხვდნენ. წაიკითხე მეტი მათ შესახებ, ანი ბურდულის სტატიაში.

94 წლის თინა გრიგალაშვილი ყოველდღე დილის ოთხზე დგება და სამსახურში მიდის - ის რუსთავში ცხოვრობს და თავისი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის დასუფთავება ევალება. მეეზოვეობამდე წლები იმუშავა ქართულის პედაგოგად, მაგრამ როცა სკოლიდან წამოვიდა, უსაქმოდ მაინც ვერ გაჩერდა და პროფესია შეიცვალა. ამბობს, რომ არ ვიმუშაო - თავს უსარგებლოდ ვიგრძნობ, ეს ყველამ იცის და ჯერ ვერავინ მეტყვის სამსახურიდან წავიდეო. ყოველდღე რუსთავის ქუჩებში ათენდება. თავის საქმეს აქაც მთელი გულით აკეთებს - სკოლაშიც ასე ვიყავიო, იხსენებს. როცა მისი ცვლა მორჩება და ქუჩაც დაგვილია, შინ ბრუნდება. იქ თავისი წიგნები და მეგობარი - ტელევიზორი ელის. ცხრა და-ძმიდან თინას მხოლოდ ერთი და ჰყავს ცოცხალი, მას შეეხმიანება ხოლმე. შვილის ოჯახს მოიკითხავს, სახლის წინ თავის პატარა ბაღს მიხედავს და დღეც ასე მთავრდება - მეორე დილას კი ისევ ცოცხს ჰკიდებს ხელს და სამსახურში მიდის. „მე ვიგრძნობ, როცა უნდა გავჩერდე“, - გვეუბნება თინა და სიბნელეში ქუჩას მარტო მიუყვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG