Accessibility links

„ბრძანებებს ასრულებენ და არ აპირებენ არაფრის შეცვლას“


ავტორი: ირინა რომალიისკაია („ნასტოიაშჩეე ვრემია“)

გამოქვეყნდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) თანამშრომელთა იმ ჯგუფის ფოტოები და გვარები, რომლებიც, ჟურნალისტების თანახმად, შეიძლება კავშირში იყვნენ ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის, მოწამვლასთან 2015 წელს. იარაღით მოვაჭრე მოწამვლას გადაურჩა, თუმცა დიდხანს იყო საავადმყოფოში. ამ საქმის გამოძიების თაობაზე წერდნენ ჯგუფ Bellingcat-ის ექსპერტები, ასევე რუსეთის გამოცემა The Insider-ი და გერმანიაში გამომავალი Spiegel-ი. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს სწორედ ის „რვა მწამლავია“ , რომლებმაც „ნოვიჩოკი“ - ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება - ევროპაში ჯერ კიდევ ოთხი წლის გამოიყენეს.

ამ გვარების დადგენის მეთოდებსა და გზებზე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო The Insider-ის მთავარმა რედაქტორმა, რომან დობროხოტოვმა.

„ჩვენ გამოვიყენეთ იგივე მეთოდები, რომლებზეც სოლსბერიში გრუ-ს თანამშრომლების მოქმედების გამოძიებისას ვისაუბრეთ. არსებითად, ამ პირების გზით გამოვარკვიეთ ბულგარეთში მოწამვლის მონაწილეები, რადგან ერთი თანამშრომელი, ფედოტოვი, იგივე სერგეევი, ორივეგან ფიგურირებს და სოლსბერიში მწამლავთა შორის მესამე სწორედ ეგ იყო. გებრევის შემთხვევაში ის იყო ერთ-ერთი მთავარი მწამლავი. ის აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერზე ოფისის ავტოსადგომში. ჩვენ ვფიქრობთ, ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი ამ საქმეში.

ამას გარდა, ფრენის დროს მგზავრების მონაცემების საშუალებით, ასევე პასპორტების სერიების გზით, დავადგინეთ კიდევ შვიდი პირის ვინაობა, რომლებიც ერთად გაფრინდნენ ბულგარეთში. საქმე ისაა, რომ გრუ-ს თანამშრომლები პასპორტის ერთსა და იმავე სერიებს იყენებენ, როცა საკუთარ ვინაობას სხვა გვარს მიღმა მალავენ. ანუ, ფრენების მეშვეობით ვადგენთ ნამდვილ ვინაობას იმავე ხერხით, რომლებიც ადრეც გამოგვიყენებია. მაგალითად, ნამდვილი და ყალბი ვინაობის შემთხვევაში დაბადების თარიღი ერთი და იგივეა ხოლმე“.

განმარტეთ უფრო დეტალურად, მაგალითად, პასპორტების ამბავი. ერთი და იგივე რიცხვები - რას ნიშნავს ეს?

„საქმე ისაა, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ყოველ რამდენიმე წელიწადში გასცემენ ხოლმე საზღვარგარეთის პასპორტებს. ყოველ შემთხვევაში, ადრე ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ მხოლოდ ბოლო ერთი ციფრით. ანუ, თუ იცით გრუ-ს ერთი თანამშრომლის საპასპორტო მონაცემები, როცა ის სადმე მიფრინავს, ბოლო ციფრის შეცვლით თქვენ პოულობთ გრუ-ს კიდევ ერთ თანამშრომელს. თუ, მაგალითად, გყავთ 50 მგზავრი, რომლებიც ბულგარეთში გაფრინდნენ, და ერთ-ერთი სერგეევია, ეძებთ სიაში პასპორტების სერიებს და პოულობთ გრუ-ს კიდევ ერთ სერიას და ადგენთ, რომ ეს ორი პირი ერთად გაფრინდა ამ რეისით. ჩვენ ვამოწმებთ ხოლმე, ვინ გაფრინდა ამ კონკრეტული რეისით. ცხადია, იქ ბევრი შემთხვევითი პირია, მაგრამ ზოგიერთი არაა შემთხვევით ერთად. და თუ გრუ-ს პასპორტების სერია ვიცით, შევიტყობთ, რომ ეს პირები შემთხვევით კი არ გაფრინდნენ ერთად, არამედ დავალების შესასრულებლად“.

როგორ ხდება ფოტოგრაფიების მოძიება რეალურ პასპორტებსა და იმ პასპორტებში, რომლებსაც გრუ გასცემს?

„რეალური სურათები რუსეთის საპასპორტო მონაცემთა ბაზებშია, მაგრამ ხელი მიგვიწვდება ასევე პასპორტებზე, რომლებიც შენგენის ვიზის მიღებისთვის ფორმდება. აქ დაგვეხმარა Spiegel-ი. გამოცემას თავისი კონტაქტები აქვს სამართალდამცველ ორგანოებში, რომლებსაც წვდომა აქვთ „შენგენის მონაცემთა ბაზაზე“. იქ მათ შეუძლიათ იხილონ, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელმაც განცხადება შეიტანა შენგენის ზონის ქვეყნის ვიზის მისაღებად ამ სახელითა და გვარით. შემდეგ ჩვენ ამ ფოტოს ვადარებთ ფოტოს, რომელიც არსებობს რუსეთის საპასპორტო ბაზაში და ეკუთვნის ადამიანს, რომლის სახელი და გვარიც, ვფიქრობთ, ამ ჯაშუშის ნამდვილი ვინაობაა. თუ ერთსა და იმავე სახეს ვხედავთ, ამით მტკიცდება ჩვენი ვარაუდი“.

რა არის ცნობილი ამ პირებზე, სად მსახურობენ, რომელ ქვეგანყოფილებაში, რა ამოცანები აქვთ ამ ქვეგანყოფილებებს?

„ეს სხვადასხვა სამხედრო ნაწილია. როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ამ პირებს სხვადასხვა კვალიფიკაცია ჰქონდათ, სხვადასხვა სპეციალიზაცია. ამ რვაკაციან ჯგუფში შედიოდა მოისეევი, იგივე პოპოვი, რომელიც მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებში მოგზაურობს. ჩანს, ის რეგიონზეა სპეციალიზებული. მაგრამ აი, სერგეევ-ფედოტოვი ბევრს მოგზაურობს და არამხოლოდ ევროპაში. აშკარაა, რომ მისი სპეციალიზაცია არ უკავშირდება რეგიონს, ალბათ უფრო რაიმე ქმედებას, როგორც ჩანს, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით ამგვარ მკვლელობებს“.

როგორ მოქმედებს ასეთი ამბები გრუ-ს იმიჯზე რუსეთის შიგნით?

„მე არ ვარ სოციოლოგი, მიჭირს იმიჯის შეფასება. უკიდურეს შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გრუ-ს პირველი ჩავარდნების მერე, რომლებიც კარგა ხნის წინ მოხდა, პირველი კვლევები როცა ჩატარდა, „სოლსბერიზე“ და თვით „ბოინგზე“ ადრე, როცა ვიძიებდით ჩერნოგორიაში გადატრიალებას, ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა, რომ ეს იყო გრუ-ს თანამშრომლების ნამოქმედარი, ცნობილი იყო მათი გვარები. მაშინ გამოვლინდა არაერთი შეცდომა და ჩავარდნა მათ საქმიანობაში.

ამდენი წელი გავიდა და ისინი აგრესიულად მოქმედებას არ წყვეტენ. ახლახან გავრცელდა ვიდეო სერბეთიდან, სადაც ადგილობრივი სამხედროს გადაბირებას ცდილობს გრუ-ს თანამშრომელი. ჩანს, რომ სტრუქტურის შიგნით ცოტა რამ იცვლება. ჩანს, იმიჯის თემა არ აწუხებთ არც ქვეყნის შიგნით და არც უცხოეთში. ისინი ასრულებენ ბრძანებებს და არ აპირებენ არაფრის შეცვლას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG