ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება, მისი არასრულწლოვანი შვილები.
მეც მშობელი ვარ, ორი შვილი მყავს და ცხოვრებაში პირველად შემემთხვა ასეთი სამწუხარო ფაქტი. ბოდიშს ვიხდი დაზარალებულის წინაშე...ხატია ვიბლიანი
დაზარალებული ბიჭის ოჯახის ადვოკატი თათია მაისურაძე თვლის, რომ ხატია ვიბლიანისთვის განსაზღვრული პირობითი სასჯელი 1 წლითა და 6 თვის ვადით, შესაძლოა ჩაითვალოს სამართლიან გადაწყვეტილებად:
„მისთვის ჯარიმის დაკისრება იქნებოდა სრულიად მიუღებელი სასჯელი. ჩვენი მიზანი იყო, რომ მსჯავრდებულს გაეცნობიერებინა, რომ მის ძალადობრივ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი ექნებოდა. ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ამიტომ ვთვლით, რომ ეს სასჯელი უსამართლოდ არ უნდა ჩავთვალოთ. ამასთანავე მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ მოსამართლემ მას ქცევის კორექციის სავალდებულო კურსების გავლა დააკისრა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თათია მაისურაძემ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ხატია ვიბლიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:
„ვინანიებ სრულიად დანაშაულს, გაცნობიერებული მაქვს. ვაღიარებ, დიდი სინანულიც გამაჩნია, აბსოლუტურად ვიაზრებ დაზარალებულის, მისი ოჯახის მდგომარეობას, მშობლების მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ მეც მშობელი ვარ, ორი შვილი მყავს და ცხოვრებაში პირველად შემემთხვა ასეთი სამწუხარო ფაქტი. ბოდიშს ვიხდი დაზარალებულის წინაშე“.
ბრადებული ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარებით, არ ნანობს ჩადენილს, არ წერს სიმართლეს, არ უხდის საჯარო ბოდიშს - საზოგადოებას, ბავშვს...დაზარალებული ბავშვის დედა
ხატია ვიბლიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ჩადენილი დანაშაული, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების პროცესში მას ბრალი დაუმძიმდა ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მუხლით, რაც სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება უნდა ყოფილიყო.
ბრალდების მხარე, პროკურორი ნათია ნოზაძე, ხატია ვიბლიანისთვის მკაცრ, საპატიმრო სასჯელს ითხოვდა: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობა უნდა აღდგეს, პირველ რიგში, დაზარალებულისთვის. ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, მათ შორის, ბრალდებულის ქცევის, მიყენებული ზიანის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ უნდა დანიშნოს მკაცრი და შესაბამისი სასჯელი“, - თქვა სასამართლო სხდომაზე ნათია ნოზაძემ.
პროკურორის თქმით, განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას.
ხატია ვიბლიანისთვის პატიმრობის მისჯას ითხოვდა დაზარალებული მოზარდის დედა:
“არავის ვუსურვებ ჩვენს ადგილას ყოფნას, არცერთი მშობელი არ უნდა განიცდიდეს იმას, რასაც მე და ჩემი მეუღლე 11 სექტემბრის მერე განვიცდით… ბრალდებული ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით, არ ნანობს ჩადენილს, არ წერს სიმართლეს, არ უხდის საჯარო ბოდიშს საზოგადოებას, ბავშვს და მხოლოდ მოსამართლესთან თავის გადარჩენის მიზნით ნათქვამი ორი სიტყვით - “ ვაღიარებ და ვინანიებ” - ჰგონია, რომ მოინანია…დღეს ჩემი შვილი იყო, ხვალ შეიძლება სხვისი შვილი აღმოჩნდეს, თუნდაც ერთი დედა თუ გადარჩება იმ საშინელ დღეებს, რაც მე გავიარე და გავდივარ იმ დღის შემდეგ, ჩავთვლი, რომ ჩემს ბრძოლას აზრი ჰქონდა. ჩვენი პოზიცია ურყევია და ვითხოვთ უმკაცრეს სასჯელს დამნაშავის მიმართ”, - თქვა მოზარდის დედამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე.
19 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იგეგმებოდა დაზარალებული 15 წლის ბიჭის გამოკითხვაც, თუმცა ბრალდების მხარემ განმარტა, რომ მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უჭირს ამ თემაზე საუბარი: „დისტანციურადაც კი ვერ მოხერხდა ჩართვა. წერილობით წარმოდგენილია დაზარალებული მშობლის პოზიციაც“.
ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი კადრების მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში თავდაპირველად 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობის ფაქტი 11 სექტემბერს მოხდა.
17 სექტემბერს კი სასამართლომ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ მოითხოვა და განმარტა, რომ ხატია ვიბლიანს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, იყო მარტოხელა დედა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი.
ოჯახის ადვოკატმა თათია მაისურაძემ 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დამატებით გაასაჯაროვა სუპერმარკეტსა და საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ამჯერად დაახლოებით ოთხწუთიანი უხმო ჩანაწერიც, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მკლავჭიდელი ქალი მოზარდს ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი გარეთ.
ძალადობის შემსწრე იყო რამდენიმე ადამიანი და მათ შორის მკლავჭიდელი ქალის მცირეწლოვანი შვილიც, რომლის დამშვიდებასაც რიგში მდგომი ერთ-ერთ ბიჭი ცდილობდა.
კადრებში ჩანდა, რომ მოზარდი, რომელსაც მკლავჭიდელი უსწორდებოდა, არ უწევდა მას წინააღმდეგობას, მხოლოდ თავის დაცვას და გარიდებას ცდილობდა.
ფორუმი