Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჯონ მაკკეინი - ამერიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი


ჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინი - ამერიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი, კაცი, რომელსაც ბევრჯერ გამოუხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ცოცხალი აღარ არის. ის 81 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

„სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი გარდაიცვალა 4:28 წუთზე, დღის მეორე ნახევარში, 2018 წლის 25 აგვისტოს. გარდაცვალების დროს სენატორის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე სინდი და ოჯახის წევრები“, - ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში - „ის სიკვდილამდე, 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ამერიკის შეერთებულ შტატებს“.

ყოფილი სამხედრო მფრინავი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ექვსი წელი დაყო ტყვეობაში, ექვსჯერ აირჩიეს არიზონის შტატის წარმომადგენელ რესპუბლიკელ სენატორად, მაგრამ ამაო გამოდგა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების ორი მცდელობა. ის მრავალი წელი ხელმძღვანელობდა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, ითვლებოდა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტად.

მსოფლიოში ამ, ალბათ, ყველაზე ცნობილ ამერიკელ სენატორს 2017 წლის ივლისში დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე, რასაც მკურნალობის მძიმე ფაზა მოჰყვა. ბოლოხანს მაკკეინი შინ, არიზონაში, ოჯახისა და მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებდა.

ჯონ მაკკეინი დაიბადა 1936 წლის 29 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე პანამაში. მამა და ბაბუა მაღალი რანგის სამხედროები იყვნენ და ჯონი მათ კვალს გაჰყვა. 1958 წელს დაამთავრა ანაპოლისის საზღვაო აკადემია, 1967 წელს ვიეტნამის ომში ჩაერთო. მისი თვითმფრინავი ჰანოის თავზე ჩამოაგდეს და დაიწყო ტყვეობა, რომელმაც ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, მუხლი - დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ აწამებდნენ, ახალგაზრდა ოფიცერი უარს ამბობდა გათავისუფლებაზე - ამბობდა, რომ მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა ვიეტნამის ციხეს, რაც დანარჩენ ამერიკელ ტყვეებსაც გაუშვებდნენ.

ჯონ მაკკეინი კიევში. 2014 წელი
ჯონ მაკკეინი კიევში. 2014 წელი

ჯონ მაკკეინი რომ ძლიერი პიროვნება იყო, ბევრჯერ დაუმტკიცებია სენატორობის პერიოდშიც. ის უკან არ იხევდა არც პრეზიდენტების - მათ შორის თანაპარტიელი პრეზიდენტების -კრიტიკაზე, თუ მათი პოზიცია არასწორად მიაჩნდა. მაგალითად, სენატორად პირველი ვადით იყო არჩეული, როცა რონალდ რეიგანის წინააღმდეგ გამოვიდა მისი გადაწყვეტილების გამო, ბეირუთში სამშვიდობო მისიით განეთავსებინა საზღვაო ქვეითები, შეზღუდული თავდაცვითი რესურსების მიუხედავად. როგორც გაირკვა, ჯონ მაკკეინი სწორი იყო, როცა პრეზიდენტს სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა: 1983 წლის ოქტომბერში თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული მანქანით შეიჭრა ამერიკელების ყაზარმაში. თავდასხმას 241 სამხედრო ქვეითის სიცოცხლე შეეწირა.

მაკკეინს კრიტიკა არ დაუკლია არც პრეზიდენტების ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამასთვის. ერთს, მაგალითად, ერაყში აშშ-ის სტრატეგიას უწუნებდა, მეორეს - პოზიციას სირიის კონფლიქტთან მიმართებით. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის კი მაკკეინი ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად იქცა. მათ ბევრჯერ საჯაროდ გამოუთქვამთ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა: მაკკეინი დონალდ ტრამპს გმობდა რუსეთის პრეზიდენტის შექებისათვის, იმიგრანტებზე სტერეოტიპული შეხედულებების გამოთქმისთვის. თავის მხრივ, ტრამპს „არაკომპეტენტურად“ ჰყავს მოხსენიებული თავისი თანაპარტიელი სენატორი და ისიც უთქვამს: მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირად არ მიმაჩნია, გმირი რომ ყოფილიყო, ტყვედ არ ჩავარდებოდაო.

ჯონ მაკკეინი ქაბულში. 2017 წელი
ჯონ მაკკეინი ქაბულში. 2017 წელი

ცხადია, ჯონ მაკკეინს არამარტო დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა: მას უწუნებდნენ არათანმიმდევრულ პოზიციას საიმიგრაციო პოლიტიკის, აბორტის, გადასახადების შეკვეცის საკითხებში, დასცინოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პეილინის არჩევისათვის. რუსეთის პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, მაკკეინისნაირი შეხედულებების ხალხი „ძველ დროშია“ ჩარჩენილიო...

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ვლადიმირ პუტინს გულზე არ ეხატებოდა მაკკეინის შეხედულებები. ცნობილია სენატორის აქტიური მხარდაჭერა ნატოს გაფართოების მიმართ და ცნობილია მისი გამონათქვამი: რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც თავი სახელმწიფოდ მოაქვსო.

ჯონ მაკკეინი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს - ბოლოს 2017 წლის იანვარში, როცა პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან - იმ ადგილას, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება.

ჯონ მაკკეინი ესალმება ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს. 2017 წლის 1 იანვარი
ჯონ მაკკეინი ესალმება ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს. 2017 წლის 1 იანვარი

„ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერადო” - ეს სიტყვები წარმოთქვა კაცმა, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა და თვითონ მართლაც იყო საქართველოს მეგობარი და მოკავშირე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG