Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტი რეზოლუციას იღებს - რა წერია შეჯერებულ პროექტში


თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი - ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს.
თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი - ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს.

ევროპარლამენტი 23 ნოემბერს უყრის კენჭს რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.

დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:

  1. "ევროპის სახალხო პარტია";
  2. "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";
  3. "რეფორმების ჯგუფი";
  4. "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
  5. "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".

კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატებია დაგეგმილი. საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია იყო ატვირთული.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

"ერთობლივი შუამდგომლობა გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე", - ასე დაასათაურა ხუთმა თანაავტორმა პარტიამ რეზოლუციის ტექსტი. დოკუმენტი 5-პუნქტიანია.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.

რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

რეზოლუციის სრული ტექსტი

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების, თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის შესახებ.

ევროპარლამენტი,

– რუსეთისა და საქართველოს შესახებ მისი წინა რეზოლუციების გათვალისწინებით;

– თავისი რეგლამენტის 144-ე მუხლის გათვალისწინებით,

ა. ვინაიდან 6 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენის წინა დღეს, რუსმა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური; გაიტაცეს, შემდეგ კი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს ლევან დოთიაშვილი; ვინაიდან ეს მოხდა სოფელ კირბალში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის (ABL) მახლობლად;

ბ. ვინაიდან მკვლელობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კიდევ ერთი შემთხვევაა და წარმოადგენს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის სიცოცხლის უხეშ უგულებელყოფას, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციის, მავთულხლართების მონტაჟისა და ბარიერების აღმართვის გზით, უკანონო სამხედრო წვრთნებით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვით, რაც ტანჯვის გამომწვევია და ზრდის ესკალაციის რისკს;

გ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით; ვინაიდან რუსეთს მთლიანად იზოლირებული აქვს ოკუპირებული რეგიონები დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რაც შეუძლებელს ხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს მანდატების სრულად განხორციელებას;

დ. ვინაიდან რუსი ოკუპანტები არავის სჯიან იძულებით ადგილნაცვალი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობისთვის, მათ შორის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, ხოლო სხვები, როგორიცაა ირაკლი ბებუა, რჩებიან ციხეში; ვინაიდან საქართველოს მთავრობამ 2018 წელს მიიღო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ვინაობებს მოიცავდა;

1. კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, უსამძიმრებს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს; მოითხოვს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას და პასუხისმგებელ პირთა გასამართლებას;

2. იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო „ბორდერიზაციას“ და „პასპორტიზაციას“ და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან. მოითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას ადეკვატური დაფინანსებითა და შესაძლებლობებით;

3. მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას და მოუწოდებს ევროსაბჭოს შექმნას ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები;

4. გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში; ხაზს უსვამს, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

5. ავალებს თავის (ევროპარლამენტის) პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, UNHRC-ს (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატს), ICRC-ს (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი), ეუთოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.

თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები და რეზოლუციის მიღება თავდაპირველად ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა. ის "ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პარტიის" გენერალური მდივანია. რეზოლუციის შეჯერებულ ტექსტზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა გამართა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" წარმოადგენს.

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2018 წელსაც მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებთ მომზადდა. დოკუმენტი 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებსა და სანქციების დაწესების საკითხს.

რას ფიქრობენ ხელისუფლებაში ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე?

ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. ის, ერთი მხრივ, მიესალმა მხარდაჭერის ტექსტს, მეორე მხრივ კი, ევროპარლამენტარების ნაწილი გააკრიტიკა. მიზეზი ბოლო პერიოდში მიღებული რეზოლუციებია, რომელიც მთავრობის პოლიტიკასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებდა.

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

"ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს", - თქვა პაპუაშვილმა.

ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ტერმინი ოკუპაცია ცხინვალის რეგიონის კონტექსტში ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებშიც აისახება.

"მართალია, ჩვენ ვხედავთ სიტყვას "ოკუპაცია" ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა და გულდასაწყვეტია", - თქვა პაპუაშვილმა.

რატომ არ იღებენ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას საქართველოს პარლამენტში?

შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს პარლამენტს დაასწრო. საკანონმდებლო ორგანოში თამაზ გინტურის მკვლელობაზე ოფიციალური დოკუმენტი არ შემუშავებულა.

რეზოლუციის მიღების ინიციატივა ოპოზიციამ გამოხატა და პარლამენტში პროექტი წარადგინა, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას ითვალისწინებდა. ოპონენტები მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ ეს სია საერთაშორისო ასპარეზზე დამნაშავეების დასჯის მიზნით გამოეყენებინათ.

"ქართულმა ოცნებამ" რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვა. გადაწყვეტილების მოტივი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა. ირაკლი კობახიძის თქმით, მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება. "ქართული ოცნების" დეპუტატებს არც თავისივე ავტორობით შეუმუშავებიათ რაიმე დოკუმენტი.

ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის ადრესატები მთავრობა და საერთაშორისო პარტნიორები არიან. პროექტის ავტორები მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გასათავისუფლებად.

ოპოზიციამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გაფართოება მოითხოვა და ამ სიაში თამაზ გინტურის მკვლელების დამატება მოითხოვა.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 3, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს - 5 მოქალაქე.

2018 წლის ივნისში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.
გადაწყდა, რომ ამ სიაში შეიყვანდნენ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს".
ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომ ეს სია არასათანადოდ ფართოვდებოდა და მასში არ შეჰყავდათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიები გამწვავდა 2019 წელს, როდესაც რუსეთის მსხვერპლთა სიას ირაკლი კვარაცხელია დაემატა.

თეონა აქუბარდია, დეპუტატი
თეონა აქუბარდია, დეპუტატი

"სამარცხვინოა, რომ საქართველოს პარლამენტი “ქართული ოცნების” წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს რეზოლუციის მიღებას, რათა ადეკვატურად დაისაჯონ თამაზ გინტურის მკვლელები. ამ მოცემულობაში, როცა ევროპარლამენტარები კიდევ უფრო აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სუვერენიტეტის, ვიდრე საქართველოს პარლამენტია, დასტურდება, როგორ შორს დგას “ქართული ოცნება” გაცხადებული ეროვნული ინტერესებიდან და როგორი ღირსების დეფიციტია, როდესაც საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ევროპარლამენტი მსჯელობს და საქართველოს პარლამენტი", - თქვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

რას აკეთებს ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად?

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გინტურის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. პირველად ამ მოთხოვნების შინაარსი ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააცნო.

ამ შეხვედრიდან ორ დღეში, 9 ნოემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლა და ერგნეთში გადასცა საქართველოს სამართალდამცველებს.

მაშინ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევან დოთიაშვილი არის თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და ის მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა.

ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეძლო ქართულმა მხარემ ან მოიპოვეს თუ არა იმ პირების ვინაობა, ვინც გინტური სასიკვდილოდ დაჭრა.

თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. გივი გინტურმა ისიც თქვა, რომ მკვლელების ვინაობა იცის. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.

თამაზ გინტურის მკვლელობა

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

XS
SM
MD
LG