Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი პარლამენტის თავმჯდომარეობამდე - შალვა პაპუაშვილის სწრაფი სვლა


შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი
შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი

45 წლის შალვა პაპუაშვილი, რომელიც მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარედ დაასახელა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან გახდა, მე-15 ნომრით პარტიულ სიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

პარტიის ახალმა სახემ საზოგადოებას ოპონენტების მიმართ საკმაოდ ხისტი რიტორიკით გააცნო თავი და ერთ-ერთ ეპიზოდში ქალი დეპუტატის მიმართ ძალაც გამოიყენა. პაპუაშვილი ასევე გამოირჩეოდა აქტიურობით საერთაშორისო თანამეგობრობასთან კამათში და მისი ბოლოდროინდელი პოზიციით - არ თვლის საჭიროდ, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდაც ამავე რედაქციით დამტკიცდეს.

პაპუაშვილი პარლამენტში ბოლო დრომდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა; ხოლო პარტიაში - საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იყო. ის საერთშორისო სამართლისა და ევროპული კერძო სამართლის სპეციალისტია - განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში. 2003-2020 წლებში მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) სხვადასხვა პოზიციაზე.

ახალი სახე

2020 წლის დეკემბერში, როცა ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტის ფონზე „ქართული ოცნება“ (11 დეკემბერს) სხდომათა დარბაზში მარტო რჩებოდა, წინა დღით შალვა პაპუაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველი სამუშაო დღისთვის „ამაღლებული განწყობა“ ჰქონდა და თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა, მისი პარტია მარტოდ მაინც არ იგრძნობდა თავს.

„ჩვენთან ერთად იქნება ის, მინიმუმ მილიონი ამომრჩეველი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და ასევე ოპოზიციურ პარტიათა ამომრჩევლების ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს“, - უთხრა პაპუაშვილმა 2020 წლის 10 დეკემბერს რადიო თავისუფლებას.

პაპუაშვილი თავიდანვე ამბობდა, რომ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე საუბრის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და შემდეგ უკვე, თავის პირვანდელ პოზიციას იმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაბამისი დასკვნის შინაარსით აძლიერებდა, რომელშიც არ მონაწილეობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. ამ კომისიაში მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ.

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა, აქტიურად მონაწილეობდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში და მათ შორის - რეგიონებში პარტიის კანდიდატებსაც ხვდებოდა.

პაპუაშვილმა მიზნად დაისახა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლიც.

მანამდე ის, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, მკვეთრად დაუპირისპირდა „სამართლიან არჩევნებს“, როცა ტექნიკური ხარვეზის აღიარების ფონზე, ორგანიზაციას მიზანმიმართულ ტყუილსა და ოპოზიციის ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებდა.

  • პარტიის ლიდერთა შორის შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა - მისი პოზიციები მუდამ სრულ თანხვედრაში იყო პარტიის ლიდერების პოზიციებთან და თანდათან მისი რიტორიკაც სულ უფრო ხისტი გახდა;
  • შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში და 19 აპრილს, „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის დღეს, პრეზიდენტის სასახლეშიც იმყოფებოდა;
  • 28 ივლისის შემდეგ კი, როდესაც „ქართული ოცნება“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად გაემიჯნა, თანაგუნდელების მსგავსად, პაპუაშვილმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ "19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს" და მასზე ნებისმიერი სახის მითითებამაც რელევანტურობა დაკარგა.

შალვა პაპუაშვილის თანაავტორობით პარლამენტმა არაერთი კანონპროექტი დაამტკიცა და ამ რიგშია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რამაც აპრილში საერთაშორისო პარტნიორების და მათ შორის - ევროკავშირის იმედგაცრუება გამოიწვია.

გვაახლოებს თუ გვაშორებს ევროკავშირს?

შალვა პაპუაშვილმა რადიო თავისუფლებასთან 2021 წლის იანვარში განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში უნდა გაზომილიყო:

„ჩვენ ვთქვით, რომ [ევროკავშირის წევრობაზე] 2024 წელს განაცხადის გაკეთება არის ჩვენი არა მხოლოდ მიზანი, არამედ საზომი. ეს არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება გავატაროთ იმ პრიზმაში - გვაახლოებს თუ გვაშორებს [ესა თუ ის გადაწყვეტილება] ამ განაცხადსა და ევროკავშირს“.

მას შემდეგ თვეები გავიდა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებით, ყოველ ჯერზე უკმაყოფილო რჩებოდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გამო, 2020 წლის შემდეგ შეფერხდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიც.

  • 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას შეეხება, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხელისუფლების მიერ უკან გადადგმული 5 ნაბიჯი ჩამოთვალა.
  • დეკემბრის დასაწყისში ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ „ეს ხელს არ უწყობს საქართველო-ევროკავშირის მომავალ თანამშრომლობაში ნდობის ჩამოყალიბებას და არც საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე“.

შალვა პაპუაშვილი ამ მხრივ არასოდეს იზიარებდა საერთაშორისო პარტნიორების წუხილებს. მაგალითად, 3 დეკემბერს მან ჟურნალისტებს უთხრა შემდეგი:

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე... ამიტომ აქ რაიმე პროცედურული ხარვეზის მითითება რთულია, ამიტომ ჩვენ უფრო ხშირად გვესმის ზოგადი განცხადებები, ერთადერთი რაც გვესმის, არის სურვილები თუ შენიშვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს უმრავლესობა და არა უმცირესობა. თუმცა, დემოკრატია სწორედ ასე ფუნქციონირებს".

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას არც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იზიარებს.

მაგალითად, როგორც მან გასულ კვირაში უთხრა რადიო თავისუფლებას, დაბალმა (1%-იანმა) საარჩევნო ბარიერმა საქართველოში ვერ გაამართლა, რადგან პატარა პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“.

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოზიციით, 5%-იანი ბარიერი „საუკეთესო ევროპული პრაქტიკის“ ნაწილია. მაგალითად, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კი აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში მაღალი ბარიერი და ერთპარტიული მმართველობა „უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

24 დეკემბერს, როცა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელეს, შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე დასვა და რეფორმების აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

„ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდატეხა უნდა შეიტანოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაში. ამასთან, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, პარლამენტს ასევე დიდი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში... ამ ორივე მიზნის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამონაწილეობა, რის დიდი იმედიც მაქვს და რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ“, - თქვა მან.

ბუენოს-აირესიდან?

"გამარჯობა, მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან", - ასე დაიწყო "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ბრიფინგი პარტიის ოფისში, არჩევნების წინა დღეს მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გამოჩენით გამოწვეული ხმაურის ფონზე.

იმ დღეს მმართველი პარტიის ლიდერების უმრავლესობა, სხვადასხვა სახის სახუმარო ტექსტებით საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ გავრცელებული ვიდეომიმართვები სააკაშვილმა არა ბათუმში, არამედ სულ სხვაგან ჩაწერა.

1 ოქტომბრის ხუმრობას მოჰყვა კომენტარიც პარტიის მთავარი მესიჯით - „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების შესახებ.

"დღეს პირველი ოქტომბერია, 9 წელი შესრულდა "ქართული ოცნების" ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ დღეს წერტილი დაესვა "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მოგვიანებით კი, როცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააკავეს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “სააკაშვილი საქართველოში აურზაურისა და არეულობისთვის შემოიპარა და მისი ყველა განცხადება ექსტრემისტული ხასიათისაა“.

ენმ-ის მიერ არეულობის დაგეგმვისა და მთლიანად ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგის შესახებ შალვა პაპუაშვილი ხშირად სვამდა აქცენტებს თავის მრავალრიცხოვანი ბრიფინგების დროს, თუ ცალკე კომენტარებში.

ექსპერტების დაკვირვებით, შალვა პაპუაშვილი საკმაოდ ხისტი რიტორიკით გამოირჩეოდა და მისი ლექსიკა ბევრად უფრო ახლოს არის პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექსიკასთან, ვიდრე ეს პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას შემთხვევაში იყო.

თუმცა შალვა პაპუაშვილი არ წარმოადგენდა გამორჩეულ მეტოქესა და სამიზნეს ოპოზიციონერი ლიდერებისთვის.

5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა "მედიაჩეკერს" უთხრა, რომ სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო. თუმცა ამავე თემაზე საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2007 წელი გაიხსენა.

"ერთადერთი ეს ტელევიზია ["იმედი"] მახსენდება, სადაც ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი ძალადობა მოხდა 2007 წელს. აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე ასეთი მასობრივი ძალადობა რომ ყოფილიყო, ჩვენ ისტორიაში არ გვახსოვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დაბრალებებს არ ვიყოთ... რა ძალადობა?

ერთი შეხედვით მშვიდმა და გაწონასწორებულმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას თავი კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევით დაამახსოვრა, როცა მან ენმ-ის წევრ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას, 5-6 ივლისის მოვლენების გაპროტესტების დროს, სპიკერატის ტრიბუნასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, აიტაცა და ადგილიდან ძალით გამოიყვანა.

ეს 2021 წლის 18 ივლისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ვახტანგ გომელაურის გამოსვლა გადაიდო.

ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა და პაპუაშვილი ოპონენტებმა თუ უფლებადამცველებმა ძალადობაში დაადანაშაულეს.

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?“, - დაწერა „ოცნების“ დეპუტატმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში და იქვე ენმ-ს კონტრბრალდებაც წაუყენა.

„ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე“, - წერდა პაპუაშვილი.

მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავას წინააღმდეგ მისი ქმედება გამართლებული იყო და "მორალურ ვალდებულებასაც" კი წარმოადგენდა.

"ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა", - თქვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის პროტესტის მოუხედავად, ეს ამბავი არაფრით დასრულდა.

საქართველოს პარლამენტის გენდერულმა საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე და შალვა პაპუაშვილის საქციელში გენდერული ნიშნით ძალადობა ვერ დაინახა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG