Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი "წითელი ნაჭრის აფრიალებაზე" თუ თადარიგის დაჭერა? - რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს 


შიმშილობა "ნაციონლური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, 22 დეკემბერი
შიმშილობა "ნაციონლური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, 22 დეკემბერი

პრეზიდენტის მიერ წამოწყებული „ეროვნული შეთანხმების პროცესის“ ფონზე, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კრიზისის დაძლევის მთავარ გზად კვლავ ვადამდელ/რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს. მაგრამ ხვალ რომ დაინიშნოს, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, მოქმედი სისტემით ჩატარებული არჩევნები თითქმის არავის აძლევს ხელს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ისევ ჰაერში გამოკიდებულ ჩაკეტილ წრეში რჩება.

„ქართული ოცნება“ მკაფიო უარს ამბობს, რომ პირველი მოსმენით სექტემბერში დამტკიცებული პროექტი საბოლოოდაც იმავე შინაარსით დამტკიცდეს და იარსებოს თუნდაც თეორიულმა შანსმა, რომ შესაძლო ვადამდელი არჩევნები ერთდროულად სრულად პროპორციული სისტემითა და დაბალი ბარიერით ჩატარდეს.

უმრავლესობა სადისკუსიო თემად ტოვებს მხოლოდ 2%-იანი ბარიერის შემოღების საკითხს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პარტია "პოზიტიური პოლიტიკით" იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

ამ ეტაპზე საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს მხოლოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ უცხადებს და არ აპირებს, რომ მმართველ პარტიას ერთი მოსმენით უკვე დამტკიცებული პროექტის განხილვაში შეჰყვეს. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლის გზებს ენმ-ი ისევ ქუჩაში ხედავს. 21 დეკემბერს პარტიის წევრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.

  • როგორი იქნება რეალობა, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდება?
  • რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას და ეკარგება თუ არა აზრი ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას?
  • რატომ ლაპარაკობენ „ქართულ ოცნებაში“ ხარისთვის აფრიალებულ წითელ ნაჭერზე?

„ქართულ ოცნება“ გამორიცხავს, რომ 2024 წლამდე საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მაგრამ მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებულ ტექსტში აღარ დატოვოს ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების თეორიული შანსიც კი.

კანონპროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო (მათ შორის - ვადამდელი) არჩევნებისთვის დადგინდება მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • ასევე, მომდევნო ორი არჩევნები ჩატარდება 2%-იანი ბარიერით.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროექტის ტექსტში ამ ჩანაწერის დატოვება „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრძოლის დამატებით მოტივაციას შესძენს და ეს გაზრდის პოლარიზაციასაც.

„ეს ნიშნავს პირდაპირ წითელი ნაჭრის აფრიალებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ დაიწყოს კვლავ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რაც თავისთავად არის პირდაპირი გზა რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ.

ახლა რადგან რიგგარეშე არჩევნების საკითხი ბუნებრივად მოხსნილია, ამ თემის ხელახლა გახსნა პირდაპირ უდრის საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურის აწევას. შესაბამისად, ამ ცვლილების ასე მიღება უდრის საზოგადოების პოლარიზაციას... ეს საკითხი მოხსნილია [დღის წესრიგიდან]“, - გვეუბნება შალვა პაპუაშვილი.

რატომ შეიცვალა პოზიცია „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, თუკი სექტემბერში მხარს უჭერდა შესაძლო ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას?

პაპუაშვილი გვეუბნება, რომ მაშინ სხვა რეალობა იყო და ეს უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმებაში [„შარლ მიშელის შეთანხმება“] ჩადებულ დათქმას, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავდა 43%-იან ბარიერს, 2022 წელს საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდებოდა.

„თავის დროზე ეს ჩანაწერი იმის ნაწილი იყო, რომ - ვინაიდან 19 აპრილის შეთანხმებაში ეს [43%-იანი] ბარიერი-დათქმა ჩაიდო... ეს იყო ამის ნაწილი, რომ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა.

რიგგარეშე არჩევნების თემა არა ჩვენ, არამედ თვითონ ხალხმა მოხსნა... ოპოზიციამ 2021 წლის არჩევნები გამოაცხადა რეფერენდუმად ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით... „ქართულ ოცნებას“ 47%-მა დაუჭირა მხარი და ამით ხალხმა უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რომ არ უნდა რიგგარეშე არჩევნები“, - გვეუბნება პაპუაშვილი.

სექტემბერში, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, „ქართულ ოცნებას“ უკვე უარყოფილი ჰქონდა „შარლ მიშელის შეთანხმება“ და აცხადებდა, რომ 43%-იანი დათქმა აღარ იყო ძალაში.

  • „შარლ მიშელის შეთანხმება“ 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა;
  • მას „ქართული ოცნება“ 28 ივლისს ცალმხრივად გაემიჯნა და დოკუმენტი „ანულირებულად“ გამოაცხადა;
  • საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს დაამტკიცა.

ხართან და წითელ ნაჭერთან დაკავშირებულ ასოციაციებს არასერიოზულად აღიქვამენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც პარლამენტის სხდომებს ისევ ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ მზად არის, რომ მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.

ამასთან, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შინაარსობრივ განხილვაში შესვლას.

„რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ?! დისკუსიას არ ვაპირებთ. ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია, პირველი მოსმენით მიღებულია და ახლა რაღაც თუ მოელანდათ - ამას არ გავაკეთებთ, იმას არ გავაკეთებთო, არ ვაპირებთ აყოლას. განხილულიც არის ეს დოკუმენტი და გადაღეჭილიც არის... გვეუბნებიან, ფეხებზე გვკიდია „შარლ მიშელის შეთანხმებაც“ და ის პროექტიც, რომელიც პირველი მოსმენით დავამტკიცეთო და რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ გარდაუვალი ვადამდელი არჩევნებისთვის თადარიგის დაჭერას ცდილობს და სწორედ ამით არის განპირობებული საკონსტიტუციო პროექტის შეცვლის ჩანაფიქრიც.

„თუკი ამბობენ, რიგგარეშე არჩევნები არ იქნებაო, მაშინ მათთვის ასე პრინციპული რატომ არის პირველი მოსმენით მიღებული პროექტის შეცვლა?! ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, რას დააკვდნენ ამ საკითხს... თავადაც ხვდებიან, რომ ეს რიგგარეშე არჩევნები იქნება და ცდილობენ შეინარჩუნონ სტატუს კვო და ის 30 მაჟორიტარული ოლქი მაინც ჰქონდეთ...

თუ დატოვებენ შერეულ სისტემას, თამაშის არასამართლიანი წესი იქნება და „ქართული ოცნება“ ამით გვეტყვის: ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა არჩევნების გაყალბების, ცუდად მოქცევის... ეს საკითხი საბრძოლია - პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის“, - გვეუბნება ხაბეიშვილი.

ენმ-მა „მასობრივი შიმშილობა“ 21 დეკემბერს დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოაცხადა. ლიდერების თქმით, პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში შიმშილობის სურვილი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გამოთქვა.

ლევან ხაბეიშვილი გვეუბნება, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე პროტესტის „ყველაზე უკიდურეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიან“ ფორმას იმ მიზნით მიმართა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული მოლაპარაკებების პროცესს არ შეუშალოს ხელი. მაგრამ, ასევე მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიამ უარი თქვა მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

ენმ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხსაც უკავშირებენ.

პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი მიხეილ სააკაშვილის „ტყვეობიდან დახსნის“ ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

2%-იანი ბარიერიც სათუოა

თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პოზიტიურ „ინდივიდუალურობასა“ და „პოზიტიურ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ აჩვენებენ", შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა საერთოდ არ გაგრძელდება და დღის წესრიგიდან მოიხსნება 2024 წლისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხიც.

  • ამჟამად მოქმედი რეგულაციით, 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები 5%-იანი ბარიერით გაიმართება;
  • ბოლო არჩევნების გამოცდილებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას მაქსიმუმ 3 პარტია შეძლებს;
  • 5%-იანი ბარიერის პირობებში „ქართული ოცნება“, ბოლო არჩევნების ოფიციალური შედეგით, საპარლამენტო უმრავლესობის უპრობლემოდ შექმნას მოახერხებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ, რომ დაბალი ბარიერით უზრუნველყოფილი მრავალპარტიულობა აუცილებელია საქართველოს დემოკრატიისთვის. აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობა „უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

„ქართული ოცნება“ ასე არ თვლის. შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ 5%-იანი ბარიერი „საუკეთესო ევროპული პრაქტიკის“ ნაწილია და საერთოდაც, 2020 წლის არჩევნებზე 1%-მდე დაწეულმა ბარიერმა მმართველი პარტიის მოლოდინები არ გაამართლა.

„მაშინ იყო იმედი, რომ 1%-იანი ბარიერით ბევრი პარტია მოხვდებოდა პარლამენტში და მოხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალანსება და პოლარიზაციის შემცირება... მაგრამ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ამ 1%-იანმა ბარიერმა ვერ უშველა პოლიტიკურ სისტემას, რადგან დანარჩენი პარტიები ბოლოს ძირითადად ისევ შეიყარნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო და ჩვენ მივიღეთ არა „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და პლიუს 7 პარტია, არამედ მივიღეთ „ქართული ოცნება“ და გამსხვილებული „ნაციონალური მოძრაობა“, მასზე დამატებული პატარა პარტიებით... ანუ შედეგი იყო უკუპროპორციული იმისა, რაც იყო იდეა ამ 1%-იან ბარიერთან დაკავშირებით“, - ეუბნება პაპუაშვილი რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საპარლამენტო ბოიკოტს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს, მმართველი პარტიისთვის, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის სხვა დანარჩენი პარტიების პარლამენტში ყოფნა და საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას არაერთხელ უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ნებით არაფერს დათმობს, თუკი ხალხმა საკუთარი ნება არ დაანახა. თუკი პარლამენტში არაფერი გამოვა, მისი ვარაუდით, პროცესი გაზაფხულზე ქუჩაში გადაინაცვლებს.

დატოვებენ თუ არა ასეთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები სადეპუტატო მანდატებს? ამ შეკითხვაზე ცალსახა და საბოლოო პასუხი არ არსებობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG