Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უბიძგებს ინგუშებს საქართველოსკენ?


1 ივნისს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასსა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ამ რესპუბლიკის სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გავრცელდა პროკლამაცია, რომლის ავტორები მოითხოვენ ინგუშეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობიდან გასვლას და საქართველოსთან შეერთებას.

„ინგუშეთის 250-წლიანმა ყოფნამ რუსეთის შემადგენლობაში ვერ უზრუნველყო რესპუბლიკის ვერც სოციალური და ვერც ეკონომიკური განვითარება. პირქით, ინგუშ ხალხთან ურთიერთობაში ტყუილსა და უსამართლობაზე დაფუძნებული რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ინგუში ეთნოსის გამრავლებასა და წინსვლას. ამ პერიოდში ინგუშმა ხალხმა გამოსცადა დევნა ეთნიკურ ნიადაგზე, გამოსცადა გენოციდი და დეპორტაცია, ტერიტორიების ჩამოჭრა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და ლიკვიდაცია... ვთხოვთ საქართველოს ხელმძღვანელობასა და მსოფლიო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ ჩვენს არჩევანს და მიიღონ ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში, გადმოგვეცეს საქართველოს მოქალაქის ან დიდი შვიდეულის რომელიმე ქვეყნის (აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.) მოქალაქის პასპორტები“, - ვკითხულობთ პროკლამაციაში, რომელიც გამოკრულია ქალაქ მაგასის ცენტრში, განცხადებების ერთ-ერთ დაფაზე.

ინგუშეთის ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კავშირი პროკლამაციების შედგენასა და გავრცელებასთან.

„ეს ფურცლები პროვოკაციაა!“, - განაცხადა პარტია „იაბლოკოს“ რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელმა და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მარშის“ წარმომადგენელმა რუსლან მუცოლგოვმა.

„შესაძლოა, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფურცლების გავრცელებაში დაადანაშაულონ სახალხო პროტესტის ის აქტივისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო გამოსვლებში, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ასევე შესაძლებელია, ამ ფურცლების გავრცელება მიზნად ისახავდეს ახალგაზრდობის რადიკალიზაციას. ჩემი აზრით, ეს პროვოკაციაა, ისევე როგორც პროვოკაციაა მთელი რიგი შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სტატიებისა, რომლებიც ტალახს სცხებენ ინგუშეთში მიმდინარე სახალხო პროტესტის ლიდერებს“.

როდესაც, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ინგუშები დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს, ქართველებმა მათ ხელუხლებლად დაახვედრეს სახლები და ულაპარაკოდ დაუცალეს. ინგუშებს ქართველებისთვის დარჩენა შეუთავაზებიათ, თუმცა ქართველებს სამშობლოში დაბრუნება აურჩევიათ.
ალეკო კვახაძე

რუსლან მუცოლგოვის თქმით, პროვოკაცია, პირველ რიგში, მიმართულია სამოქალაქო აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ყველა ვხედავთ, რომ ამოწმებენ ორგანიზაცია „მარშს“. იუსტიციის სამინისტრომ მოქმედება შეუჩერა ტეიპთა საბჭოს; ჩხრეკა ჩატარდა „წითელი ჯვრის“ რეგიონალურ განყოფილებაში და ა.შ. - ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა ხელმძღვანელები სახალხო პროტესტის ლიდერებად ან აქტივისტებად გვევლინებიან“, - განაცხადა მუცოლგოვმა.

რატომ საქართველო?

ინგუშეთის რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა 385 ათასია და რომელიც თითქმის სრულადაა მოქცეული ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის, საქართველოსთან დაკავშირებულია 45-კილომეტრიანი საერთო საზღვრით. ამასთან, ინგუშებს ტერიტორიული სახის პრობლემები აქვთ როგორც ჩეჩნებთან, ასევე ჩრდილოელ ოსებთან. საქმე ისაა, რომ ინგუშებით დასახლებული პრიგოროდნის რაიონი 1944 წლის დეპორტაციამდე ინგუშეთის შემადგენლობაში შედიოდა, ინგუშების დეპორტაციის შემდეგ კი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას გადაეცა და ინგუშეთს უკან აღარ დაუბრუნდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს მათი კუთვნილი სახლების დაცლაზე უარი განუცხადეს იქ ჩასახლებულმა ოსებმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი 1992 წელს პრიგოროდნის კონფლიქტითა და რაიონიდან ინგუშთა გასახლებით დასრულდა. კონფლიქტის ჩასაქრობად, კომპენსაციის სახით, რუსეთის ფედერაციამ ინგუშებს სხვა ტერიტორია გადასცა. სწორედ ამ ტერიტორიას ეპატრონება ახლა ჩეჩნეთის ლიდერი აჰმად კადიროვი, რასაც მძლავრი საპროტესტო მოძრაობით ეწინააღმდეგება ინგუში ხალხი.

რუსი პოლიტოლოგის დმიტრი ორეშკინის თქმით, ყოველივე ამის გამო ინგუშები ორმაგად დამცირებულად და უკმაყოფილოდ გრძნობენ თავს.

„ბუნებრივია, რომ ასეთი დამოკიდებულება იწვევს უკმაყოფილებას როგორც მოსახლეობაში, ასევე ადგილობრივი ელიტის იმ ნაწილში, რომლის მოსყიდვა ვერ მოხერხდა“, - ამბობს ორეშკინი.

ალეკო კვახაძე
ალეკო კვახაძე

რაც შეეხება საქართველოსა და ინგუშეთის ურთიერთობას, კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, ქართველი და ინგუში ხალხების ისტორია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და მრავალ ნათელ ეპიზოდს შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებსა და ინგუშებს შორის არასდროს ყოფილა შუღლი და კონფლიქტი.

რუსეთის სპეცსამსახურებმა იციან, რომ ინგუშეთში ქართველებისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა და ასეთი პროვოკაციული ყალბი ამბავი შექმნეს იმისათვის, რომ ინგუშების პროტესტი დაუკავშირონ სეპარატისტულ მოძრაობასა და გარე ძალებს.
ალეკო კვახაძე

„ქართველთა და ინგუშთა კეთილმეზობლობა კარგად გამოჩნდა ინგუშთა დეპორტაციისას. როგორც ცნობილია, დეპორტირებული ინგუშების ნაცვლად საბჭოთა ხელისუფლებამ ინგუშეთში სხვადასხვა ეროვნების ხალხი, მათ შორის, ქართველები, მეტწილად ხევსურები, ჩაასახლა. ინგუშეთის მაღალმთიანი ნაწილი, ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონთან ერთად, შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და ეწოდა ახალხევის რაიონი. როდესაც, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ინგუშები დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს, ქართველებმა მათ ხელუხლებლად დაახვედრეს სახლები და ულაპარაკოდ დაუცალეს. ინგუშებს ქართველებისთვის დარჩენა შეუთავაზებიათ, თუმცა ქართველებს სამშობლოში დაბრუნება აურჩევიათ, თან თითო-თითო წყვილი საქონელიც დაუტოვებიათ, რომ დაბრუნებულებს პირველი ხანები არ გასჭირვებოდათ ცხოვრება. მეტიც, ახალხევის რაიონის გაუქმებასა და მიწების ჩეჩნეთ-ინგუშეთისათვის დაბრუნებას ქართველებში არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია“, - ამბობს ალეკო კვახაძე, თუმცა ის აქვე შენიშნავს, რომ, ამგვარი მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, პროკლამაციის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად პროვოკაციულია და მიზნად ისახავს ინგუშეთში დაწყებული სახალხო მოძრაობის დისკრედიტაციას.

„პროკლამაციების გავრცელების მიზანია, მოძრაობის ლიდერებს დააბრალონ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. რუსეთის სპეცსამსახურებმა იციან, რომ ინგუშეთში ქართველებისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა და ასეთი პროვოკაციული ყალბი ამბავი შექმნეს იმისათვის, რომ ინგუშების პროტესტი დაუკავშირონ სეპარატისტულ მოძრაობასა და გარე ძალებს. ცნობილია, რომ ინგუშეთში დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის ოპოზიციურ და ლიბერალურ წრეებშიც მოოპოვა ძალიან დიდი მხარდაჭერა. სწორედ ამ მხარდაჭერის შემცირებას ისახავს მიზნად პუტინის ხელისუფლების მხრიდან დაწყებული დისკრედიტირების კამპანია. სწორედ ამიტომ ვრცელდება ეს პროკლამაციები. მიუხედავად იმისა, რომ ინგუშეთში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ლიდერებს საუკეთესო დამოკიდებულება აქვთ საქართველოსადმი, არც ერთ მათგანს არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოს უნდა შეუერთდნენ“, - უთხრა ალეკო კვახაძემ რადიო თავისუფლებას.

ინგუშეთი - კრემლის მოურჩენელი თავის ტკივილი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეზობელი ჩეჩნეთისგან განსხვავებით, ინგუშეთმა უარი თქვა რუსეთისგან გამოყოფაზე. 1992 წლის 4 ივნისს გამოცხადდა ინგუშეთის რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში საბჭოთა გენერალი რუსლან აუშევი ჩაუდგა. კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, მიუხედავად ინგუშეთის ამ მშვიდობიანი პოლიტიკისა, მას პრიგოროდნის რაიონი არ დაუბრუნდა და ინგუშები კვლავაც არიან ყოველდღიური რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლი – იქ საკმაოდაა გავრცელებული ადამიანის გატაცება, წამება და უდიერი მოპყრობა, რაშიც გარეული არიან რუსი ძალოვნები.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, რომ ჩამოგვაშორონ რუსეთს. თუ არ ვუნდივართ ამ ქვეყანას, მაშინ არ ვიცი, სხვა რა უნდა გავაკეთოთ.
მაგომეტ ხასბიევი

რუსეთის ფედერაციას კავკასიაში სეპარატიზმის რეალური პრობლემა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჰქონდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემა „ეხო კავკაზას“ სოხუმელმა კორესპონდენტმა ვიტალი შარიამ ინგუშეთში გავრცელებული პროკლამაციის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟში გაიხსენა ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ალექსეი მიტროფანოვის მიერ გაკეთებული ცინიკური განცხადება, რომ ერთმა ხალხმა (ჩეჩნებმა), რომელსაც არ სურს რუსეთის ფედერაციაში ცხოვრება, შეუძლია ადგილი გაუცვალოს მეორე ხალხს (აფხაზებს), რომელსაც არ სურს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა.

ასეთივე ცინიკურია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ინგუშეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის მიმართ. თუ პროკლამაციების გავრცელების უკან რუსეთის სპეცსამსახურები არ დგანან, მაშინ ამას აკეთებს უკიდურესად სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფი. ჯერ კიდევ 2008 წელს, მურატ ზიაზიკოვის პრეზიდენტობის დროს, ინგუშეთის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მოთხოვნა, თუმცა მაშინ საქართველო არ უხსენებიათ. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში მაგომეტ ხასბიევმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ინგუშეთში საერთო სახალხო მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტს, ასეთი რამ განაცხადა:

ტერორის სისტემა, რომელიც შექმნა კადიროვმა თავის ტერიტორიაზე, ინგუშეთში ვერ მუშაობს ეფექტიანად. რაც უნდა ვთქვათ, ევროკუროვი არ არის კადიროვი.
დიმიტრი ორეშკინი

„ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, რომ ჩამოგვაშორონ რუსეთს. თუ არ ვუნდივართ ამ ქვეყანას, მაშინ არ ვიცი, სხვა რა უნდა გავაკეთოთ“.

რუსი პოლიტოლოგის დმიტრი ორეშკინის თქმით, ვინც არ უნდა იდგეს პროკლამაციების გავრცელების უკან, აშკარაა, რომ ინგუშეთში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას უდიდესი ემოციური საფუძველი აქვს.

„მენეჯმენტის მოდელმა, მათ შორის ტერიტორიული მენეჯმენტისამ, რომელიც დაამკვიდრა ვლადიმირ პუტინმა, როცა რეგიონალური ელიტების ლოიალობა ნაყიდია კორუფციული გარიგებების ხარჯზე, მუშაობს მხოლოდ ელიტის დონეზე, მაგრამ არ მუშაობს ქვედა დონეებზე, რადგანაც ფული არ მიდის ხალხამდე... და კიდევ: ტერორის სისტემა, რომელიც შექმნა კადიროვმა თავის ტერიტორიაზე, ინგუშეთში ვერ მუშაობს ეფექტიანად. რაც უნდა ვთქვათ, ევროკუროვი არ არის კადიროვი. ამიტომ სახეზე გვაქვს ერთგვარი შუალედური ფაზა, როცა რეჟიმი იმდენად რეპრესიული ვერ არის, რომ ჩაახშოს ყველა შესაძლო წინააღმდეგობა და ვერც იმდენად ეფექტურია, რომ უზრუნველყოს უმრავლესობის კმაყოფილება. ევროკუროვს არ აქვს სათანადო ძალა, რომ ინგუშეთის ელიტის შიგნით ჩაატაროს წმენდა და სახელისუფლებო ბერკეტებს სრულად ჩამოაშოროს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. რომ მოისყიდოს, ამისთვის საჭირო ფული მას არ აქვს. ასევე არ აქვს კრემლს. რადგანაც კადიროვი მეტად გავლენიანია, მას მეტსაც აძლევენ, ინგუშებმა კი ისე უნდა გაართვან თავი, როგორც მოახერხებენ... თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი, ვინც კადიროვის წიააღმდეგ გამოდის, დიდი დემოკრატები არიან და რომ მათ ქართული მოდელი ურჩევიან და ა.შ. შესაძლოა ისინიც ასეთივე ავტოკრატები არიან, მაგრამ მოქმედებენ ღირებულებების ინგუშური სისტემის ჩარჩოების ფარგლებში და საპასუხოდ იღებენ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას“, - ამბობს დმიტრი ორეშკინი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG