Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის (არ) უნდა თბილისის მერობა - რა ვიცით ამ ეტაპზე


თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება და საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - ვის დაასახელებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ კანდიდატებად დედაქალაქის მერის პოსტზე.

ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მაგრამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის არჩევითი პოსტისთვის უკვე სახელდება არაერთი პოლიტიკოსის გვარი და ამ მომენტში ისე ჩანს, რომ 2021 წელს თბილისელებს არჩევა საკმაოდ გრძელი სიიდან მოუწევთ.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის არჩევანი

იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი დედაქალაქის ამჟამინდელი მერი - კახა კალაძე? ამ შეკითხვაზე „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულ და ზუსტ პასუხს ჯერჯერობით არავინ სცემს. ლიდერები ამბობენ, რომ ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ კალაძე მათთვის ფრიად სასურველი კანდიდატი იქნებოდა.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „საიდუმლოდ“ უთხრა ისიც, რომ კახა კალაძე საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით „პირველ ადგილზე“ გავიდა ამჟამად პოლიტიკაში „აქტუალურ და ჩართულ“ პირებს შორის. კობახიძემ დაამატა, რომ ამ სიაში არ იყო პარტიის ყოფილი თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „პოლიტიკა დატოვა“.

თავად კახა კალაძე არც კი მიანიშნებს თავის გეგმებზე და ამბობს, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს.

თუმცა პოლიტიკური სცენიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ, კალაძეს ბევრი ექსპერტი „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნასაც უწინასწარმეტყველებდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ. იყო ვარაუდი, რომ კალაძე საზოგადოებას შესაძლოა სწორედ გახარიას გუნდში ეხილა. „საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ“ - ასეთი იყო თავად კალაძის პასუხი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ გააქარწყლონ ეჭვები თითქოს კალაძე პარტიას დაშორდა. ეს მათ 17 მაისსაც მოუწიათ, როცა პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე არ მონაწილეობდა ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაში, რომელიც სწორედ არჩევნებისთვის მზადების საკითხებს შეეხებოდა. დასახელდა ორი მიზეზი, რომ: 1. კალაძე მომდევნო დღისთვის დაგეგმილი პრეზენტაციისთვის ემზადებოდა და 2. მას კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.

ექსპერტთა აზრით, დიდი ალბათობით სწორედ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს წაართმევს ამომრჩეველთა ხმებს გიორგი გახარია, თუკი ის მომავალი არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობას გადაწყვეტს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) აპრილის კვლევით გახარიას კალაძეზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

  • გიორგი გახარია - 65%; უარყოფითი მაჩვენებელი - 30%;
  • კახა კალაძე - 54%; უარყოფითი მაჩვენებელი - 39%.

„ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ გახარიას 65% იმით იყო განპირობებული, რომ იგი გამოკითხვისას ქვეყნის პირველი პირი და აქტუალური ფიგურა იყო მთავრობაში. IRI-ის 24-დღიანი კვლევის პროცესში გახარია პრემიერის პოსტზე პირველი 16 დღის განმავლობაში იყო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარიას შესაძლოა განსხვავებული და უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდეს; ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე მისი შანსები, მათი აზრით, დამოკიდებული იქნება პირველი გამოჩენის ეფექტზე, რთულ შეკითხვებზე გაცემულ პასუხებსა და მისი ჯერ არშექმნილი პარტიის პროგრამაზე.

"ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა შესაძლო გადაბირებაზე ლაპარაკობენ ექსპერტები ლევან ვასაძის მიერ წამოწყებული პოლიტიკური აქტივობის ჭრილშიც. ბიზნესმენ ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“ - ამ ეტაპზე მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა, მაგრამ - პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის ჩანაფიქრით. უცნობია, გადაკეთდება თუ არა ეს მოძრაობა პარტიად თვითმმართველობის არჩევნებამდე და იხილავს თუ არა თავად ვასაძეს საზოგადოება თბილისის მერობის კანდიდატთა ჩამონათვალში. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მის გვერდით საზოგადოება ცნობილ ადამიანებს ნახავს.

კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის - „აი ია“ - შექმნა ბოლო პერიოდში დააანონსა გია გაჩეჩილაძემ, სასცენო სახელით - უცნობი. შეკითხვაზე, გარდაიქმნება თუ არა ეს მოძრაობა შემდგომში პოლიტიკურ პარტიად? გაჩეჩილაძემ უპასუხა - „არ არის გამორიცხული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“. ლევან ვასაძე ამ ეტაპზე უარყოფს გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობას.

თუკი ეს მოძრაობები პარტიებად გადაკეთდება, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ისინი ხმებს "ქართული ოცნების" გარდა, „პატრიოტთა ალიანსსაც“ წაართმევენ და შესაძლოა, სპეციფიკური განწყობის გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გულიც მოიგონ.

ოპოზიციის ამომრჩევლის არჩევანი

თბილისის მერობას თავის „ბროლის ოცნებად“ არ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ციხიდან ახლახან გათავისუფლებული ნიკა მელია. ის აცხადებს, რომ ამ პოსტისთვის ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნების დროს, საქართველოს მასშტაბით უფრო ფართო მოქმედების შესაძლებლობებს შეუზღუდავს და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ამას პარტია და ოპოზიციის ფართო სპექტრი გადაწყვეტს.

ნიკა მელია ამ ეტაპზე აზრების შეჯერებას ცდილობს როგორც საკუთარ გუნდში, ასევე - სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც. მისი იდეაა, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მომავალ არჩევნებზე კოალიციური, ერთიანი პოზიციით წარსდგეს.

თუმცა ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ძნელად მისაღწევ მიზანს ჰგავს.

ამ ეტაპზე ენმ-თან და სხვა პარტიებთან ძალების გაერთიანების მკაფიო გადაწყვეტილება გამოხატული აქვს, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, რომელიც ოპოზიციის მიერ ერთიანი კანდიდატების წარდგენის ძლიერი მომხრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროსაც, თუმცა ეს მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა.

თუკი ძალების გაერთიანება არც მომავალი არჩევნებისთვის მოხერხდება, რადიო თავისუფლების ინფორმაციით,„ევროპული საქართველო“ საკუთარ კანდიდატებს წამოაყენებს და მათ შორის - თბილისშიც.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე არ აპირებს ძალების გაერთიანებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისი პარტიის მიზანია, რომ ძალები და რესურსი „მესამე ცენტრის“ შექმნას მოახმაროს.

თავად ვაშაძე, როგორც მან ახლო წარსულში განაცხადა, „დიდი ალბათობით“ არ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს „მესამე ცენტრის“ მიერ შერჩეულ საერთო კანდიდატსაც. თუმცა „მესამე ცენტრი“ ჯერ ისევ არ ჩანს.

რადიო თავისუფლებას ვაშაძის პარტიაში უთხრეს, რომ - საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს და მოგვიანებით გამოცხადდება.

დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატის წამოყენებას აპირებს „ლელოც“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციის შესაძლებლობას ამ ეტაპზე მხოლოდ საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა ნაწილში ხედავს.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ლელოს“ არჩევნებზე „საკუთარი სამოქმედო გეგმა ექნება“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში დედაქალაქის მერის პოსტზე განიხილება „ლელოს“ ლიდერის, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა. თუმცა ამ ფაქტს ამ ეტაპზე ღიად არავინ გვიდასტურებს.

„ლელოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა - მამუკა ხაზარაძემ ბოლო პერიოდში არაერთხელ მიანიშნა, რომ მერის პოსტი მისთვის საინტერესო არ არის.

დედაქალაქის მერობა სურს დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს და ამბობს, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ოპოზიციის ერთიან კანდიდატადაც დასახელდება. პარტიის - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი აცხადებს, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს, თუმცა ერთი რამ ახლაც ცხადია - „პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი“.

ჯერჯერობით უცნობია „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ფორმებთან დაკავშირებით. როგორც პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „ლეიბორისტები“ ისევ ოპოზიციის ერთობის იდეას ემხრობიან და სჯერათ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილში კანდიდატებზე შეთანხმებაც ცივილიზებულად მოხდება.

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი სავარაუდო კოორდინაციის საერთო სქემაში არ განიხილავს და არც თავად დეპუტატ ელისაშვილს უნდა მათთან ერთად ყოფნა. „ოპოზიციური ერთიანობა ბლეფია“ - აცხადებს ელისაშვილი, რომელიც სავარაუდოდ თავად ჩაებმება დედაქალაქის მერის პოსტისთვის ბრძოლაში - „ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ფიქრობს, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ“.

თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გეგმებს არ ახმაურებს - იაგო ხვიჩიას „გირჩი“, რადგან ამას ახლა ძალიან ნაადრევად თვლის. ზოგადად კი, „გირჩს“ ოპოზიციური პარტიების ურთიერთობები იმდენად დაზიანებულად მიაჩნია, რომ ვერცკი წარმოუდგენია გაერთიანება ერთი კანდიდატის გარშემო. იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩს“ თავისი ამომრჩევლისთვის არასოდეს მოუწოდებია სხვა პარტიის კანდიდატების მხარდაჭერისკენ - „ალბათ ამ წესს არც ახლა დავარღვევთ“.

19 მაისს გააქტიურებაზე ისაუბრა „პატრიოტთა ალიანსმა“, თუმცა პარტიის ლიდერს - ირმა ინაშვილს თვითმმართველობის არჩევნებზე არ ულაპარაკია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევან ვასაძესთან თანამშრომლობას არ გეგმავს და მისი პარტია დამოუკიდებელად იმოქმდებს. 2017 წლის არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი თავად ირმა ინაშვილი იყო.

ყოფილი პოლიტიკოსი და ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი 2021 წლის არჩევნებისთვის კანდიდატების სიმრავლეს მოელის და ეეჭვება, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ერთი კანდიდატის გარშემო შეძლებს გაერთიანებას.

მელაშვილს არ უკვირს ინტერესი დედაქალაქის მერის პოსტის მიმართ და ჩვენთან საუბრისას ამის საფუძველსაც ასახელებს.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები გაუქმდა საქართველოში, თბილისის მერი არის ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირდაპირი არჩევითი ფიგურა, რადგან მას ამომრჩეველთა ¼, დაახლოებით მილიონი ადამიანი ირჩევს. ამიტომ პოლიტიკური წონის თვალსაზრისით მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც გაიმარჯვებს, ის დაადასტურებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა ქვეყანაში“ - გვეუბნება მელაშვილი.

ამასთან, ექსპერტის განმარტებით, თბილისის მერს, რომელიც ტრადიციულად ევროსაბჭოს მიერ შექმნილ „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციას“ (NALA) ხელმძღვანელობს, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს რეგიონებზეც "თუკი ამ შესაძლებლობებს ჭკვიანურად გამოიყენებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG