Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარი და მისი ორი და


თამარ მეფე რომ დედისერთა არ იყო, ისტორიკოსებისთვის ეს ახალი ამბავი არაა. ისინი მხოლოდ იმაზე ვერ თანხმდებიან, მეფეს ერთი და ჰყავდა თუ ორი.

„სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული“ - ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ რუსთაველის ამ სტრიქონების „ბრალია“, თამარი ხალხს გიორგი III-ის ერთადერთი შვილი რომ ჰგონია. სინამდვილეში მას ჰყავდა უმცროსი და, რუსუდანი.

ბეთანია, ჩუბინაშვილის ცენტრის ფოტო
ბეთანია, ჩუბინაშვილის ცენტრის ფოტო

რუსუდანის შესახებ ისტორიკოსები ბევრს არ წერენ, სულ რამდენიმეგანაა ნახსენები. რუსუდანი, ისევე როგორც თამარი და დავით სოსლანი, მამიდა რუსუდანთან იზრდებოდა. ვარაუდობენ, რომ უმცროს შვილს სახელი გიორგი III-მ სწორედ დის პატივსაცემად დაარქვა. მოგვიანებით იმავე სახელს არქმევს თავის ქალიშვილს თამარიც.

ისტორიულ წყაროებში ასევე ნახსენებია თამარის და, „ხარჭისგან შობილი“. მისი სახელი აღნიშნული არ არის. ისტორიკოსი ჯემალ სტეფნაძე ვარაუდობდა, რომ ხარჭისგან ნაშობი გოგონა და რუსუდანი ერთი და იგივე პიროვნება იყო, თუმცა ჯაბა სამუშია მაინც მიიჩნევს, რომ ორ სხვადასხვა დაზეა საუბარი. აქედან ერთის მშობლები ნამდვილად მეფე-დედოფალია (ვარაუდიც კია, რომ დედოფალი ბურდუხანი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა, სწორედ უმცროსი ქალიშვილის მშობიარობას გადაჰყვა), მეორე კი გიორგი III-ს ხარჭისგან ეყოლა.

რუსუდანი - შემხვეწელი გაჭირვებულთა

ბასილი ეზოსმოძღვარი, რომლის კალამსაც ეკუთვნის „ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა“, გიორგი III-ის გარდაცვალებასა და გლოვაზე საუბრისას ამბობს, რომ იქ „იყო თამარ მაშინ, ვითარცა თვისს მამიდისა თანა, დითურთ თვისით, რომელსა რუსუდანვე მოაქვდა სახელად, რომლისათვის აწ დამაკლეს წინამდებარედ აწ მითხრობად, თუ რაოდენ მშვენიერება და თავდგმულობა იქმნა, ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა“.

ჯაბა სამუშია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მემატიანე ბოდიშს უხდის მკითხველს, ბოლომდე კარგად ვერ დავწერე, თუ რა სიმშვენიერით და პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა რუსუდანიო. ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგში მემატიანის ტონი მკვეთრად იცვლება.

„რუსუდანი იმავე წრეში აღიზარდა, რომელშიც თამარი. თამარის მამიდა, რუსუდანი, საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო. იგი სულთანზე გაათხოვეს, დაქვრივების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა“ , - ამბობს ისტორიკოსი მაია სტეფნაძე, ჯემალ სტეფნაძის ქალიშვილი.

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი აღწერს, თუ ვინ მიულოცა თამარს ლაშა-გიორგის დაბადება: „თჳთ დედოფალმან რუსუდან და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭებად”.

ლაშა-გიორგის მემატიანე რუსუდანის პიროვნულ თვისებებზე აკეთებს აქცენტს: „და ასული მამისა მისისა გიორგისა რუსუდან დედოფალი იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინისმცემელი და შემხვეწელი გაჭირვებულთა. მზრდელი ჩვილთა და ობოლთა“.

„კიდევ სხვა თვისებებსაც უსვამს ხაზს მემატიანე: „ხელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა“, ანუ ხელსაქმეს ეწეოდა და შემდეგ ეკლესიებსა და მონასტრებში აგზავნიდა. იგივეა ნათქვამი თამარზეც. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი იყო, მაინც თავისი ხელით გაკეთებულს სწირავდა მონასტრებს“, - ამბობს მაია სტეფნაძე.

სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა შენაწირმა შემოინახა რუსუდანის სახელიც. ფხოტრერის მაცხოვრის ხატის ჩარჩოს წარწერა გვამცნობს, რომ თამარის და რუსუდანმა მამიდა რუსუდანის მიერ სიცოცხლეში დაწყებული ხატის მოკაზმვა დაასრულა და მონასტერს შესწირა.

ხარჭისგან ნაშობი გოგონა

„ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა“ – ჯემალ სტეფნაძის თქმით, ეს გოგონა და რუსუდანი ერთი და იგივე ადამიანია, მაგრამ ჯაბა სამუშიას ეჭვი ეპარება.

„ერთ კონტექსტში დამცინავად, სახელის გარეშე არის მოხსენიებული პიროვნება და მეორეგან იგივე ისტორიკოსი აღმატებულად მოიხსენიებს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ორ სხვადასხვა დაზეა საუბარი. ერთ იყო რუსუდანი და მეორე - ხარჭისგან ნაშობი, რომელიც შემდეგ მუტაფრადინს მიათხოვეს“, - ამბობს ჯაბა სამუშია.

მუტაფრადინი - შეყვარებული უფლისწული ავაზებით

მუტაფრადინი კარნუ-ქალაქის, დღევანდელი ერზერუმის, უფლისწული იყო. მას თამარის ცოლად შერთვა სურდა და ამ მიზნით მშობლებსაც აუჯანყდა და მაჰმადიანობაზეც თქვა უარი. საქართველოში ძვირფასეულობითა და დიდი ამალით ჩამოვიდა. თან დიდებულები, ხოჯები, მსახურები ახლდნენ, ტაიჭები და ავაზებიც კი წამოიყვანა. თამარის დანახვაზე ტარიელივით იტირა, მაგრამ მეფე ცოლად მაინც არავინ მისცა, მისი და შერთეს.

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ არზრუმელი პრინცის სურვილი თამარის ქმარი გამხდარიყო, მისი მხრიდან ძალიან ამბიციური იყო. ამიტომ პატივით კი მიიღეს, მაგრამ მისთვის რომ „თავისი ადგილი მიეჩინათ“, ხარჭისგან ნაშობი შერთეს ცოლად. ამით მიანიშნეს, თუ რა იყო მისი სტატუსი.

„და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა“, - გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“.

ჯაბა სამუშია
ჯაბა სამუშია

„ანუ თუ საულმა ვირების ძებნაში მეფობა იპოვა, ამან მეფობის ძებნაში ის იპოვა, რაც საულმა დაკარგაო. პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ვირს ადარებს (თამარის დას), თუმცა ძალიან კულტურულად, რადგან ის მაინც მეფის შვილი იყო. დაუკვირდით, ამ შედარებას აკეთებს მემატიანე, რომელსაც მერე, ცოტა ქვემოთ, მოთხრობილი აქვს რუსუდან დედოფალზე, თამარის დაზე, აღმატებული ტონით. ამიტომ ვფიქრობ, რომ თამარს ჰყავდა ორი და“, - ამბობს ჯაბა სამუშია.

ისტორიკოსი ჯემალ ტეფნაძე წერდა, რომ სამეფო კარმა მიზანმიმართულად მიათხოვა თამარის და მუტაფრადინს, რადგან სამომავლოდ ერზრუმის დაპყრობა სურდათ და იქ მუტაფრადინის დასმა.

„მაგრამ, როგორც ჩანს, ეგ ჩანაფიქრი ქართველებს არ გამოუვიდათ და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ შემდეგ უკვე რუსუდანი (ჯემალ სტეფნაძის ვარაუდით, რუსუდანი და ხარჭის ნაშობი ერთი და იგივე პიროვნებაა) ისევ საქართველოს სამეფო კარზე ცხოვრობს“, - ამბობს მაია სტეფნაძე.

ამის შემდეგ მუტაფრადინის ცოლზე ისტორია აღარაფერს გვეუბნება. ბევრი არაფერი ვიცით არც რუსუდანზე. არის ვარაუდები, რომ ისიც იყო გათხოვილი. არ გამორიცხავენ მონასტერშიც აღკვეცილიყო, რადგან მემატიანე ხაზგასმით ლაპარაკობს მის სულიერ თვისებებზე. თუმცა დეტალური ცნობები შემონახული არ არის. არსად არაფერია ნათქვამი მის გარეგნობაზე და მისი სახე არც ფრესკებზე შემონახულა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG