Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფიცირებული ექიმები ცხინვალში, მედპერსონალი შესაძლებლობების ზღვარზე


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა.   ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადებას დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული სამსახურის უფროსი მარინა კოჩიევა ავრცელებს.

მისი თქმით, შაბათის შემდეგ ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.

მისივე განმარტებით, 2020 წლის 15 სექტემბრის შემდეგ რეგიონში კოვიდ-19-ით 469 პაციენტია დაავადდა. 15 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკამ ე. წ. საზღვარი გახსნა რუსეთთან.

შაბათის შემდეგ სამხრეთ ოსეთში COVID-19 ინფექციის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის მოხსნის დღიდან (15 სექტემბერი) 469 მოქალაქე დაავადდა ", - აღნიშნა კოჩიევამ. – „აპრილიდან დღემდე 6 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა. ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაკეტილია“.

ბოლო ერთ კვირაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 200-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტებით სავსეა ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება. საწოლების დეფიციტია ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილ კოვიდჰოსპიტალში. ახლა ცხინვალში რუსეთიდან სამხედრო-საველე ჰოსპიტლის ჩატანას ელოდებიან.

ცხინვალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ექიმები სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მორიგეობენ. გამოძახებების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. სასწრაფო დახმარების ექიმი დიანა არსოევა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სასწრაფოს ბრიგადები ოფისში მხოლოდ მედიკამენტების შესავსებად ბრუნდებიან, დანარჩენ დროს კი გამოძახებებზე ატარებენ.

ფეხზე ძლივს ვდგავარ. სამი დღე და ღამეა შეუსვენებლად ვმუშაობ.  ასე მუშაობენ ჩემი კოლეგებიც...
დიანა არსოევა

„ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს დახმარებისთვის, ბევრია კორონავირუსით დაავადებული. ორი დღის წინ საავადმყოფოში გადავიყვანეთ ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ფილტვების 60 პროცენტი დაზიანებული იყო, ამასთან ერთად დიაბეტიც დაერთო, მაგრამ, გარდა ამისა, ბევრი ადამიანია შეშინებული და 37,5 ტემპერატურის მქონეებიც შეშინებულები გვირეკავენ და დახმარებას ითხოვენ“.

კორონავირუსით თვითონ მედპერსონალის წარმომადგენლებიც ავადდებიან და მათაც დახმარება სჭირდებათ. ამიტომ საქმე ჯანმრთელ ექიმებს და ექთნებს უფრო ემატებათ, ისინი კი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებიან.

„ფეხზე ძლივს ვდგავარ. სამი დღე და ღამეა შეუსვენებლად ვმუშაობ. ასე მუშაობენ ჩემი კოლეგებიც. მხოლოდ ერთი დღე ვისვენებ და მერე ისევ მორიგეობაზე გავდივარ. სამი ჩვენი ექიმი უკვე დაინფიცირდა. 4 ბრიგადა გვყავს და ყველა განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს“, - განაცხადა არსოევამ.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, ამიტომ ადგილობრივმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე პაციენტებს გადაიყვანენ.

„ვისაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, მათ რეკომენდაციებს ვაძლევთ და საუბნო ექიმებთან ვაკავშირებთ. ჩვენ კი, სასწრაფოს ექიმებს, ყველაზე მეტად გადაბმული შეუჩერებელი მუშაობა გვძაბავს. მხოლოდ ღამით ცოტა ხნით წყნარდება ვითარება“, - ამბობს არსოევა.

ტესტების დეფიციტის გამო, ინფიცირებულებს კვლევას ვეღარ უტარებენ, ამიტომ ექიმები მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ადგენენ, ინფიცირებულია თუ არა პაციენტი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში კომენტატორებიც წერენ. გარდა ამისა, ცხინვალელები იმასაც ამბობენ, რომ უამრავი ადამიანი სახლში მკურნალობს და ექიმების დახმარებას უშედეგოდ ელიან.

ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ. რუსეთიდან სპეციალური დახმარება დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე გაიგზავნა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მრავალპროფილური სამხედრო-საველე ჰოსპიტალი 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. ადგილზე რუსი სამხედრო ექიმებიც ჩავლენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ. დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ დახმარებისთვის მიმართა. ცხინვალში, საწოლფონდის გარდა, მედპერსონალის დეფიციტიცაა. ექიმები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ექმნებათ კორონავირუსთან ბრძოლაში. ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, მაგრამ ამისთვის არავინ მომზადებულა.

ველოდებით, რომ ორ დღეში რუსეთიდან დახმარება და სამხედრო ჰოსპიტალი ჩამოვა. სტადიონზე უნდა დაამონტაჟონ, მაგრამ იქ რამდენი სამოქალაქო პირი შეძლებს მკურნალობას, არ გვეუბნებიან.

„ყოველდღიურად ავადმყოფების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია. სამი დღის წინ პაციენტების გადაყვანა ახალ ჰოსპიტალში, ბავშვთა საავადმყოფოში დავიწყეთ, სადაც ასი საწოლია, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იქაც უკვე აღარ არის ადგილი. ჩვენ ჯერ პანდემიის პიკამდე არ მივსულვართ და უკვე შესაძლებლობების ზღვარზე ვმუშაობთ. სასწრაფო დახმარებაც ვეღარ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაეცნენ. ცოტა ხნის წინ ტომოგრაფის პერსონალს ვესაუბრე. მათი თქმით, ძალიან გადატვირთულები არიან. ხალხი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მივარდა. მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ ტომოგრაფიას ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ ჩაიტარებენ. ჩვენი საპოლიკლინიკო ნაწილი ძალიან დაუცველია. ექიმები ნიღბებით სხედან და დღეში 20-40 პაციენტს იღებენ. პოტენციურად დაავადებულებთან მუშაობენ და ეს ადამიანები დაცულები არ არიან, რადგან ამ შემთხვევაში სამედიცინო ნიღაბი ვერ იცავს, როცა შენობაში ვირუსის დიდი კონცენტრაციაა“.

ცხინვალში ახლა ყველაზე მეტად რუსეთიდან სამხედრო-საველე ჰოსპიტლის ჩატანას ელოდებიან. ისიც ცნობლია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში რამდენიმე სამხედრო ექიმიც ჩავა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ცხინვალში, ექიმების გარდა, ინფიცირებული არიან სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებსაც ბოლო ხანებში წვრთნები არ შეუჩერებიათ.

„ველოდებით, რომ ორ დღეში რუსეთიდან დახმარება და სამხედრო ჰოსპიტალი ჩამოვა. სტადიონზე უნდა დაამონტაჟონ, მაგრამ იქ რამდენი სამოქალაქო პირი შეძლებს მკურნალობას, არ გვეუბნებიან. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მძიმეებს გადაიყვანენ, მაგრამ აქ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაზეც ბევრი ჯარისკაცია ინფიცირებული და გვიჩნდება კითხვა, პირველ რიგში მათ დააწვენენ ამ კარვებში, თუ სამოქალაქო პირებს. ბევრი პაციენტი წითელი ჯვრის მეშვეობით თბილისში ითხოვს გადაყვანას. ვიცით, რომ მანდაც რთული მდგომარეობაა, მაგრამ აქაურ ჯანდაცვას ნდობა არც აქამდე ჰქონდა და ახლა მით უმეტეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

დე ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსისა და სეზონური გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

კოვიდ-19 დადასტურებული აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევსაც. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი ინფიცირებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა, ბიბილოვს კი არც ვიდეომიმართვა და არც წერილობითი განცხადება არ გაუვრცელებია, ამიტომ ცხინვალელების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიბილოვის მდგომარეობა მძიმეა და ამის გამო ვერ ჩნდება საზოგადოების წინაშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG