Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გარდა, ირანი მილსადენების აფეთქებითაც იმუქრება, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. გაჩნდა ეჭვები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების შესახებ.

სამი ქვეყნიდან, რომლებზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის, ორს უკვე შეუტია ირანმა - ნატოს წევრ თურქეთსა და აზერბაიჯანს.

5 მარტს Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი კიდევ 3%-ით, თითქმის - 84 დოლარამდე გაიზარდა. იქამდე, 2 მარტს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში [IRGC] განაცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ ნავთობის გასაძვირებლად - “ფასი მომავალ დღეებში 200 დოლარს მიაღწევს", რათა შეწუხდნენ აშშ-ის მოკავშირეებიო - გამყიდველებიც და მყიდველებიც.

5 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანს არ ჩაუკეტავს, თუმცა გემები და ტანკერები სრუტეში შესვლას აფეთქების შიშით ვერ ბედავენ. მანამდე, 2 მარტს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი [IRGC] აცხადებდა, რომ სრულად ჩაკეტა და აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც წლიურად მსოფლიოს მიერ მოხმარებული ნავთობისა და თხევადი აირის 20-25%-ს ატარებს.

რა ზეგავლენა ექნება ამ პროცესებს მსოფლიოზე, რეგიონზე, საქართველოზე?

ნავთობპროდუქტებზე ფასების შემდგომი ზრდა სავსებით მოსალოდნელია ექსპერტებისთვის, თუკი ირანი მართლაც შეძლებს ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვასა და “მილსადენების აფეთქებას” - რაზეც ასევე წინასწარ მიანიშნეს.

როგორც წესი, ენერგომატარებლების გაძვირება იწვევს ფასების ზრდას სხვა პროდუქტებზეც და მათ შორის - სურსათზე.

გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც საქართველოში უჩნდებათ, ისედაც მაღალი სამომხმარებლო ფასებით შეწუხებულ ადამიანებს. ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს, ვახტანგ იობაშვილს მიმართა.

“ფასის დაკლებას ნამდვილად არ მოველით. ფაქტი სახეზეა, ძვირდება ბარელი [Brent-ის ნავთობი] …მარტივი ფორმულაა - თუკი გაძვირდება საყიდლად, გაძვირდება გასაყიდად. თუმცა ზუსტად რა მოხდება ამ წუთას არავინ იცის… მარაგები ჯერჯერობით ყველა იმპორტიორ კომპანიას აქვს [საქართველოში], მაგრამ მხოლოდ მარაგების იმედზე ყოფნა შეუძლებელია ”, - ვახტანგ იობაშვილი იქვე აზუსტებს, რომ არცერთ კომპანიას არა აქვს 1-2 კვირაზე უფრო ხანგრძლივად სამყოფი მარაგები და შესაბამისად, არცთუ შორეულ მომავალში “მათ მოუწევთ ახალი ფასებით ყიდვა” - და გააჩნია, როგორი იქნება ფასი იმ კონკრეტულ მომენტში.

იობაშვილი მოელის გაძვირებას, მაგრამ გამორიცხავს დეფიციტს - რადგან, დომინანტი რუსეთის გარდა, რეგიონში კიდევ არაერთი სხვა მომწოდებელი ეგულება:

“ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეზობელი ქვეყანა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ნავთობპროდუქტების აღება, ეს არის: აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. ასე რომ, შიმშილი ბაზარზე არ გვემუქრება”.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ასევე გვეუბნება, რომ:

  • “იმპორტიორი კომპანიების უმრავლესობას რუსული ბენზინი შემოაქვს საქართველოში, რადგან ლოგისტიკის საკითხი მაღალ დონეზეა მოგვარებული რუსეთთან - აწყობილია რკინიგზის საქმე - ტვირთები შემოდის აზერბაიჯანის გავლით და პირდაპირ დგება ტერმინალებში, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე”.
  • “აზერბაიჯანიდან მოდის დიზელის საწვავი, აზერბაიჯანული ბენზინი საქართველოში არ შემოდის, რადგან იქ ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინს არ აწარმოებენ”.
  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან საქართველოს აზერბაიჯანული ნავთობის მიღების ტექნიკური საშუალებაც არ ჰქონდა, რადგან "ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ იყო" - თუმცა ახლა უკვე არის “მშენებარე ქარხანა ყულევში”.


ყულევმა რუსეთიდან ნავთობის პირველი პარტია 2025 წლის ოქტომბერში მიიღო. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობს „საქართველოს განვითარების ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“.

ყულევი ბოლო პერიოდში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, ევროკავშირის შესაძლო სანქციების გამო რუსული ნავთობის “მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკისთვის“. თებერვლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტი, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ვერ შეათანხმა, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ - სანქციების ახალ პაკეტში ყულევის პორტის შეტანა მხოლოდ ეჭვებს არ ეფუძნებოდა და მტკიცებულებებიც ჰქონდათ.

ასეთ მიდგომას აპროტესტებს თბილისი.

„ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში”, - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ 23 თებერვალს. მან განმარტა ასევე, რომ - ყულევში შესული ნედლეული "გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე და სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“.

  • საქსტატის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში შემოტანილი ნავთობის 97% რუსეთზე მოდიოდა.
  • შარშან, იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 60.4 მლნ დოლარის ღირებულების 133.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა.
  • იმპორტი დაახლოებით 13-ჯერ იყო გაზრდილი.


“ნავთობით მდიდარ რეგიონებთან სიახლოვის გამო”, ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, საქართველოში “ნავთობის ფასი, წესით, არ უნდა გაიზარდოს - კეთილსინდისიერი თამაშის წესების შემთხვევაში”, თუმცა მას ეეჭვება, რომ ეს ასე იქნება - ბაზარზე მონოპოლიის გამო.

“ახლა, ამ წუთას რა მდგომარეობაც არის, პირდაპირ ჩვენ არ გვეხება. დეფიციტი საერთაშორისო ბაზარზე არ ნიშნავს, რომ საქართველოსაც ექნება დეფიციტი. ვხედავთ, როგორი ნადირობაა რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტზე” [აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მხრიდან], ეს ქმნის რუსული ნავთობის სიჭარბეს და შესაბამისად, საქართველომ უფრო ხელსაყრელ ფასადაც შეიძლება შეიძინოს იმავე რუსეთისგან, რადგან სანქციები არა აქვს დაწესებული”, - თუმცა, გერლიანის თქმით, თუკი ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გახანგრძლივდება, ესკალაცია გაიზრდება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის ფუნქციონირებაც შეფერხდება, მაშინ ენერგომატარებლები საქართველოსთვისაც გაძვირდება, რაც შემდეგ - ყველა პროდუქტის, მათ შორის - სურსათის გაძვირებასაც გამოიწვევს.

მდგომარეობა უკრაინაში, მოლდოვაში

საწვავზე ფასები გაიზარდა უკრაინაში - 1 ლიტრზე 4-5 გრივნით [25-30 თეთრი]. ექსპერტების აზრი ორად გაიყო: ერთნი ფიქრობენ, რომ ფასების ზრდას არასაკმარისი ეკონომიკური დასაბუთება აქვს, ხოლო სხვები მიუთითებენ, რომ პროდუქცია ევროპელმა იმპორტიორებმა გააძვირეს.

რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ანტიმონოპოლიურ კომიტეტში უთხრეს, რომ სიტუაციას აკვირდებიან და რომ უკვე მიმართეს ბაზრის მონაწილე კომპანიებს - წარმოადგინონ შესაბამისი დასაბუთება, რას ეფუძნება ფასების გაზრდა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომიტეტი რეაგირებას გეგმავს. თუმცა აღნიშნეს ასევე, რომ ბენზინსა და დიზელზე ფასები სახელმწიფო რეგულირებას არ ექვემდებარება.

მოლდოვაში 5 მარტიდან მთავრობამ „ენერგეტიკულ სექტორში გაზრდილი მზადყოფნის საერთო ეროვნული მდგომარეობა“ გამოაცხადა, 60 დღით.
ეს გადაწყვეტილება მოიცავს მკაცრ წესებს ენერგეტიკული რესურსების გამოყენების კუთხით - ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას პორტიდან, მარაგების უზრუნველყოფის მიზნით და კრძალავს საწვავის რეექსპორტის.

„ეს გლობალური კრიზისია, რომელიც ჩვენც შეგვეხება. დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ჩვენი პროტოკოლები, კრიზისების მართვის ნაციონალური ცენტრი“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ. მისი თქმით, ნავთობპროდუქტებზე ფასი 20%-ით გაიზარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზეგავლენით.

მოლდოვა მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტზე. შესაბამისად, ფასებს ცვლილებები სწრაფად დაეტყო: თუკი 3 მარტს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 23.84 ლეი [3.73 ლარი] იყო, 4-5 მარტს 24.17 ლეის [3.78] შეადგენდა.

სრუტის გადაკეტვა, წინასწარ გამოცხადებული აფეთქებები

ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლო აფეთქების შესახებ ასევე IRGC-ის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა - როცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარი მრჩეველი, იბრაჰიმ ჯაბარი “მტრების მომარაგების არხების” აფეთქებაზე ლაპარაკობდა. ხოლო მაღალჩინოსნებმა, არაბული ქვეყნებიდან, ივარაუდეს, რომ - თეირანის მუქარის სამიზნე პირველ რიგში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი [BTC] გახდებოდა, რადგან ეს მილსადენი ისრაელსაც ამარაგებს - მოხმარების 30%-ს აწვდის. არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Middle East Eye-მ ეს ინფორმაცია 3 მარტს გავრცელა.

მომდევნო დღეებში - ირანული რაკეტა და დრონები გამოჩნდა სამიდან ორ ქვეყანაში - თურქეთსა და აზერბაიჯანს - რომლებზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის.

  • 4 მარტს ირანის ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა [ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში], სადაც ის NATO-ს ანტისაჰაერო სისტემამ ჩამოაგდო. უცნობია, რა იყო რაკეტის სამიზნე და საბოლოო დანიშნულება.
  • 5 მარტს კი, ირანულმა დრონებმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის სამოქალაქო აეროპორტის ტერიტორიას შეუტია. იუწყებოდნენ ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ.


შარშან მაისში, ისრაელთან 12-დღიანი ომის წინ, ირანული წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მიღებული ნავთობი ისრაელში სამხედრო ტექნიკისთვის გამოსაყენებლად გადამუშავდებოდა.


ნახიჩევანი აზერბაიჯანის ექსკლავია, რომელიც სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს. მასთან მისასვლელი გზა სომხეთის სიუნიქის რეგიონზე გადის და ეს არის სწორედ ის მარშრუტი, რომელზეც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აშშ-ის ძალისხმევით გაფორმებული სამშვიდობო გეგმით, “ტრამპის მარშრუტმა” უნდა გაიაროს. სიუნიქის პროვინცია ესაზღვრება ირანს, რომლისთვისაც იქ აშშ-ის ზეგავლენის გაძლიერება პრობლემას წარმოადგენს.



  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი აზერბაიჯანის ნავთობს, საქართველოსა და თურქეთის გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით ატარებს - შემდეგ კი მსოფლიოს ბაზრებზე ანაწილებს.
  • BTC-ის იყენებს ყაზახეთიც - 2025 წლის ბოლოსთვის, მილსადენმა 1.2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი გაატარა. 2026 წლის თებერვალში მაჩვენებელი - 115 000 ტონას გაუტოლდა.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევის გამო სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას დააკისრა და საპასუხო ზომებიც დააანონსა.

ბაქოს თანახმად, ერთი დრონით დაარტყეს ნახიჩევანის აეროპორტის შენობას, რომელიც დაზიანდა; ხოლო მეორე დრონი სოფელ შაქარაბადის სკოლის შენობასთან ჩამოვარდა. იუწყებოდნენ, სულ ცოტა - ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ნახიჩევანში, სკოლებში მშობლები გამოიძახეს, რათა სასწრაფო წესით წაეყვანათ თავიანთი შვილები. „პოლიცია ხალხს დიდ ჯგუფებად თავშეყრის უფლებას არ აძლევს. ისინი მოუწოდებენ ხალხს - შინ წასვლისა და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ“, - ამბობს ნახიჩევანის ერთ-ერთი მკვიდრი.

5 მარტს დილით, თავდასხმის ფაქტი უარყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, აზერბაიჯანში დაფუძნებული AnewZ-ის ეთერში. მან თქვა, რომ ფაქტის შესახებ პირველად ესმის და უნდა გამოიძიოს; თუმცა ასევე თქვა, რომ “მეზობელი ქვეყნების” თავდასხმა თეირანის გეგმებში არ შედის:

“ირანის პოლიტიკა არ არის მეზობელი ქვეყნებზე შეტევა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი იქ მოქმედებს ჩვენი მოწინააღმდეგეების სამხედრო ბაზები - კერძოდ, სიონისტური რეჟიმებისა და აშშ-ის ბაზები, რომლებიც მოქმედებენ და გამოიყენებიან მშვიდობიან ხალხზე თავდასხმისთვის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ”.

სინამდვილეში, ირანი, დრონებითა და რაკეტებით, მთელ არაბულ სამეზობლოს უტევს და სულ უფრო აფართოებს აშშ-ისა და ისრაელის საბრძოლო ოპერაციის არეალს. ისრაელის გარდა, ამ დღეებში, უტევდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა თუ ბაჰრეინს. აშშ-ის სამხედრო ბაზების გარდა, მთავარ სამიზნეებს შორის არის აეროპორტები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბოლო ორი დღის სტატისტიკით, თეირანის მიერ გაშვებული რაკეტების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია.

5 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ NBC NEWS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე „დაცლილია გემებისგან და ტანკერებისგან“, მაგრამ ირანს ის არ ჩაუკეტავს, უბრალოდ - გემები ვერ ბედავენ მის გავლას, აფეთქების შიშით.

„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი არ არის მისი [სრუტის] ჩაკეტვა. მაგრამ ომის მიმდინარეობისას ჩვენ განვიხილავთ ყველა სცენარს“, - თქვა ირანელმა მინისტრმა.

  • 3 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არიან ნავთობის ტანკერების მეგზურობისთვის - ჰორმუზის სრუტის გასავლელად. მან ასევე დაავალა ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას უზრუნველყოს პოლიტიკური რისკების დაზღვევა და საფინანსო გარანტიები საზღვაო ვაჭრობისთვის სპარსეთის ყურეში.
  • 2 მარტს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩაკეტეს ჰორმუზის სრუტე. თეირანს არც გეგმა არ დაუმალავს - დაბლოკონ ნავთობის ექსპორტი და ფასი მაქსიმალურად გაიზარდონ, აშშ-ის მოკავშირეებისთვის.


ჰორმუზის სრუტე ვიწრო გასასვლელია სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც, წლიურად, მსოფლიოს ნავთობის 20%-ს, ხოლო თხევადი გაზის - 25%-ს ატარებს.

  • აშშ-მა და ისრაელმა საბრძოლო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყეს. ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”.
  • ბრძოლების დაწყებას წინ უსწრებდა წარუმატებელი მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე.
  • 2 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზით, აშშ-ის სამხედრო კამპანია, სავარაუდოდ, 4-5 კვირას გასტანს, თუმცა შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG